ახალი ამბები

როდის აიცრება ჯანდაცვის მინისტრი? — ტიკარაძის განმარტება

15 მარტი, 2021 • 1194
როდის აიცრება ჯანდაცვის მინისტრი? — ტიკარაძის განმარტება

დღეს საქართველოში “ასტრაზაენეკას” წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით აცრა დაიწყო. პირველ აცრილებს შორის არიან NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები — მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და სხვა ექიმები, თუმცა ჯერჯერობით არ აცრილა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც ტიკარაძემ “იმედის კვირას” განუცხადა, ის აიცრება მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროგრამით მოუწევს. თუმცა არ გამორიცხავს,  ვაქცინისადმი მოქალაქეების ნდობის ასამაღლებლად ეს დროზე ადრე გააკეთოს.

“მე როდესაც ვაქცინააციის პროგრამის მიხედვით მეკუთვნის, მაშინ გავიკეთებ ვაქცინას. თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ჩვენი მოქალაქეების საიმედობა და მოტივაცია გაიზარდოს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და უნდა გავიკეთოთ, რა თქმა უნდა, გავიკეთებ დროზე ადრე“, — განაცხადა ტიკარაძემ.

მანამდე ტიკარაძემ თქვა, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც პირველად ვაქცინაციას საჭიროებს და შეეცდება, არ ისარგებლოს მინისტრის სტატუსით.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა იმ ჯგუფების მიხედვით, ვინც თავდაპირველად უნდა აიცრას, ასე იყოფა:

  • სამედიცინო პერსონალი – გეგმის მიხედვით, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯამურად, ეს  71 ათას ადამიანს მოიცავს. მთავრობას სურს, რომ პირველ ეტაპზე მათი 45% აცრას (46 ათასი ადამიანი). მთავრობის გათვლით, ეს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს.
  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები – ჯანდაცვის მუშაკთა ჯგუფის შემდეგ, გეგმაში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალია გათვალისწინებული. ეს გულისხმობს ხანდაზმულთა სახლებს, პანსიონატებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებსა და სხვა. როგორც გაბუნია ამბობს, ამ ადამიანთა რაოდენობა მცირეა, სულ 2 600 ადამიანი. პირველ ეტაპზე მათი 60%-ის ვაქცინაცია იგეგმება.
  • ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები – წინა ორი ჯგუფის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ ორი ასაკობრივი ჯგუფი – 75 წელს ზემოთ და 65-დან 74 წლამდე პირები აცრან. ამ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებასა და შეუფერხებელ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ ჯგუფს 180 ათასი ადამიანი მიეკუთვნება, პირველ ეტაპზე კი 108 ათასი უნდა აიცრას.
  •  სხვა ასაკობრივი ჯგუფები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები – შემდეგ მოდის სხვა, შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფი – 55-დან 64 წლის ფარგლებში. ასევე პირები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, რესპირაციული დააავდებები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი