ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისიტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ის ხვდება როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს.
მმართველი გუნდისა და “ენმ-ძალა ერთობაშიას” შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
13 მარტის შეხვედრაში “ლეიბორისტები”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მონაწილეობდნენ. პარტიების წარმომადგენლების თქმით, განიხილეს როგორც ოპოზიციის ხედვა, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით პირველ მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებული “6-პუნქტიანი დღეს წესრიგი”.
“ძალიან დეტალურად გავიარეთ თითოეული პუნქტი, თუ რა არის ოპოზიციის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს იქ ჩამოწერილი პრობლემების მოსაგვარებლად…განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 საკითხი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პატიმრების გამოშვება”, — თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბაქრაძის მიერ ხსენებულ 2 საკითხს გამოყოფს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
“ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, ქართულ ოცნებას უნდა მოლაპარაკებები თუ მოლაპარაკებობანას თამაში”, — ამატებს ის.
შეხვედრას ესწრებოდა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დანიელსონთან საუბრისას შეეხნენ მხოლოდ ოპოზიციის ხედვებს, კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით.
“ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია ჩამოსული და ჩართული ამ მოლაპარაკებებში, ეს მიჩენს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეიძლება, რაღაც ტიპის შეთანხმებამდე მივიდეთ”, — აცხადებს ჯაფარიძე.