ახალი ამბები

დანიელსონთან შეხვედრა დასრულდა, “ოცნება” დეტალებზე არ საუბრობს

12 მარტი, 2021 • 665
დანიელსონთან შეხვედრა დასრულდა, “ოცნება” დეტალებზე არ საუბრობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან “ქართული ოცნების” შეხვედრა დასრულდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ საუბრობენ, თუ რა საკითხები განიხილეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება და საზოგადოებას როგორც მხარეების პოზიციაზე, ასევე, დიალოგის შედეგზე ინფორმაციას რამდენიმე დღეში გააცნობენ:

“რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმებაც გვაქვს, დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი, შეგვეძლება გავაკეთოთ განცხადებები.

საზოგადოება პასუხს ელოდებოდა დიდი ხანია და რამდენიმე დღესაც, ალბათ, დაგვაცდიან და ამის შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას, რა იყო მხარეების პოზიციები და როგორ დასრულდა დიალოგი”, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს:

ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც მოვისმენთ. გარწმუნებთ, “ქართული ოცნება” იმოქმედებს ამ პასუხსიმგებლობით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს დიალოგი დასრულდეს წარმატებით” ,— ამბობს კობახიძე.

ევრპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისიტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა და უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ გუნდთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი