“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება მისცა, TV პირველის ეთერით ნოდარ მელაძის შაბათში გასული ფარული ჩანაწერის ჩვენების შემდეგ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალა ამოიღოს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და ეჭვებს აჩენს, რომ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს იყენებს მედიის წინააღმდეგ.
“საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ ის ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედიასაშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე, მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა”, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.
ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედიაგარემოს შექმნა.