ახალი ამბები

მოსამართლე ჩინჩალაძის ოჯახმა 5 წელში საჩუქრად $120 ათასზე მეტი მიიღო — TI

19 მარტი, 2024 • 2210
მოსამართლე ჩინჩალაძის ოჯახმა 5 წელში საჩუქრად $120 ათასზე მეტი მიიღო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახს ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 აშშ დოლარი აქვს მიღებული.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოსამართლის მიერ შევსებულ 2019-2023 წლების დეკლარაციებშია მითითებული. დეკლარაციების მიხედვით, ამ წლების განმავლობაში ფულადი თანხები საჩუქრად მიიღეს მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ. საჩუქრის გამცემად კი დეკლარაციაში მითითებული არიან მოსამართლის მეუღლის დედა და მამიდა:

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ – მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა – ოჯახის წევრებისგან საჩუქრად, ჯამში, 120 468 აშშ დოლარი მიიღეს, 2019-2023 წლების დეკლარაციების თანახმად.

სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეებს შორის, რომელსაც აშშ-მა სავიზო შეზღუდვა დაუწესა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგება საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

ვრცლად მათი პოზიციები წაიკითხეთ: ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი