ახალი ამბები

“იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ” — აქტივისტი ეკონომიკის მინისტრს

5 მარტი, 2021 • 1755
“იმდენად დაგაგვიანდათ, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ” — აქტივისტი ეკონომიკის მინისტრს

რიონის პირას, კარვებში ღამისთევიდან 132-ე დღეს, ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეებს საქართველოს მთავრობის წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომპანია დროებით შეაჩერებს სამუშაოებს, ხოლო მხარეები დიალოგს დაიწყებენ.

5 მარტის ქრონოლოგია ასეთი იყო — დღის პირველ ნახევარში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერში ჩავიდნენ. თავდაპირველად დაანონსდა, რომ შეხვედრა მინისტრებთან დახურული იქნებოდა. ამის გამო შეხვედრას არ დაესწრო ჯგუფი, რომელიც რიონის ხეობაში კარვებში ათევს ღამეს და ასე აპროტესტებს ჰესის მშენებლობას. ამას გარდა, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც ცაგერში რიონის სხვადასხვა ხეობიდან იყო ჩასული.

მინისტრებს და მათ თანმხლებ პირებს გამოსვლა ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევდათ. ცაგერში ჩატარებული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ მინისტრები სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ — იქ, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ არიან დაბანაკებული.

ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრა დიალოგის წარმართვის სურვილით დაიწყო.

„ადამიანები დღეებია აპროტესტებენ ამას [ჰესის მშენებლობას] და, ეტყობა, კარგად ვერ ვაწვდენდით ერთმანეთს ხმას. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, ასეთი დავალება გვაქვს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისგან მიღებული. თუკი ჩვენ შევთანხმდებით, უახლოეს დღეებში თქვენთვის მისაღებ ფორმატში შევხვდეთ. ჩვენ მზად ვართ, რომ არაერთი შეხვედრა გავმართოთ. ყველა კითხვაზე ჩვენ და ჩვენი ექსპერტები ამომწურავ პასუხებს მოგცემთ. სადაც კითხვის ნიშნები დარჩება, იქაც შეგვიძლია ვისაუბროთ, რა გავაკეთოთ და როგორ გავაგრძელოთ შემდგომში. რა შეიძლება ჩვენც გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ“, — თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

დიალოგის მზაობას გაუსვა ხაზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის აზრი იყო, რომ დაგვეწყო დიალოგი ხალხთან სხვადასხვა ფორმატში. ქალბატონ ნათიას დავეთანხმები, რაღაცები დაგვიანებულია. ამავე დროს ვიტყვი, რომ ალბათ პოლიტიკოსების მხრიდან არის დაგვიანებული, თუმცა სისტემურად ორივე სამინისტრო, მოადგილეების ჩართვით, რეალურად, რეგულარულად მართავდა შეხვედრებს, მაგრამ რადგანაც გადაწყვეტილების მიღება არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რადგანაც ამხელა მუხტია და ჩვენ დავინახეთ ხალხის გულწრფელი დამოკიდებულება და პოზიცია, ჩვენ ვხედავთ, რომ რაც გვაქვს ნამუშევარი, არ არის სრულყოფილი, კომუნიკაციის ნაწილში ვგულისხმობ.

ჩვენ რომ არ გვჯეროდეს, რომ ეს პროექტი სწორია, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით და იმ გადაწყვეტილებებს არ მივიღებდით, რომელიც მივიღეთ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ თითოეულ თქვენგანთან ვერ მოვიტანეთ ალბათ და ვერ დაგარწმუნეთ, მოდით, გავაკეთოთ ეს დიალოგი, ჩავატაროთ ეს კამპანია. დავიწყეთ ცაგერიდან, მაგრამ განვაცხადეთ, რომ შევხვდებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, იმ ადამიანებს, ვისაც ნამახვანთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვთ. ჩვენ ვართ მზად, რომ კონკრეტული ფორმატები შევარჩიოთ. ორივე მხრიდან დასხდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რაღაცა კომპეტენცია გააჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს იურიდიული საკითხები, ეს შეიძლება იყოს გარემოს დაცვის და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი წარვმართოთ. ადამიანები, რომლებიც ასი დღე თავიანთ ოჯახს მიატოვებენ და აქ პოზიციას აფიქსირებენ, იმ ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ანგარიშვალდებულება, პირველ რიგში, თქვენთან.

დღეს იყო მწვავე კითხვები, თუმცა იყო პოლიტიკური გამოხტომების მცდელობებიც. რა თქმა უნდა, ბევრი ჯგუფი ეცდება სიტუაციის გამოყენებას. ამიტომ თქვენ დიალოგის პროცესში უნდა ჩართოთ ის ადამიანები, ვისაც ენდობით, გინდ სპეციალისტი დავარქვათ და გინდ -ექსპერტი, ვისაც თქვენ თვლით, რომ ექსპერტია და მათი აზრი თქვენთვის ღირებულია. ჩვენთვის მისაღებია, რომ ეს იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენი მონაწილეობით“, — თქვა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის შემდეგ გამოსვლა ისევ ნათია თურნავამ განაგრძო, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად, დღეს გამართულ შეხვედრაზე დაუშვა, რომ „შესაძლოა პროექტში რაღაც“ შეიცვალოს.

„არ იფიქროთ, რომ ეს ჩვენი შეხვედრები არის ფორმალური და შეხვედრა შეხვედრისთვის. არის ბევრი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ. როდესაც მოგაწვდით ობიექტურ ინფორმაციას თქვენ ან თქვენს ექსპერტებს, იმედი გვაქვს, რომ თქვენც შეიცვლით აზრს. მაგრამ არის საკითხები, რადგან პროექტი ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია, რომელიც ჩვენ შეიძლება ახლავე შევცვალოთ, გამოვასწოროთ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენი ამოცანაა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ. ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, ვინც აქ დგეხართ ამდენი დღეა და აპროტესტებთ საკითხს, რომელზეც მეტი განმარტება და მეტი კომუნიკაცია არის საჭირო, დარწმუნებული ვართ, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რაც არა მარტო ხეობას, არამედ მთლიანად საქართველოს ინტერესებს არგებს. როგორ და რანაირად, ამაზე მზად ვართ ვიმსჯელოთ“, — თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრების შესავალი სიტყვის შემდეგ მთავრობის წევრების შეთავაზებებს უპასუხა ვარლამ გოლეთიანმა. ვარლამ გოლეთიანი 132-დღიანი უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და რიონის ხეობის მცველების აქტიური წევრია. მისი ორგანიზებულია ქუთაისში 28 თებერვალს გამართული საპროტესტო აქცია, რომელზეც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

„მიუხედავად ამ გარემოსი და თან ამდენი ხანია აქ ვართ, მადლობელი ვარ ადამიანების, რომლებიც ამდენი ხანია ინარჩუნებენ სიმშვიდეს და კონსტრუქციულად ვახერხებთ შეხვედრას.

ჩვენს მღელვარებას იწვევს გარკვეული პუნქტები ამ ხელშეკრულებიდან. საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანი იყო, დავთვალეთ — დაახლოებით 18 ათასი ადამიანი იყო მოსული. ვფიქრობ, ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული გულისტკივილი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ პირველად გავიაროთ ის საკითხები, რამაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი გაგრძელება ჩვენი კომუნიკაციის.

თუ იქნება საჯარო შეხვედრა, დაკმაყოფილდება საზოგადოების ინტერესი ამ კრიტიკულ ნაწილში, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა იმის, რომ გავაგრძელოთ დიალოგი გარემოსდაცვითი და სხვადასხვა მიმართულებით. დავყოთ საკითხები და კალენდარულად გაიწეროს და იყოს ამაზე მსჯელობა.

თუკი დიალოგს ვიწყებთ და ორივე მხარე მზად არის იმისთვის, რომ რა შედეგი მოჰყვება ამას და რა შედეგით დამთავრდება. ჩვენი მხრიდან, ზოგადად, ჰესების მშენებლობას ჩვენც არ ვებრძვით. კონკრეტულ საკითხებზე გვაქვს პრობლემა. არც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, თუ საზოგადოების ნება არ არის, გინდა თუ არა ეს გაკეთდეს. ამიტომ დიალოგი როცა იწყება, ეს ფაქტორები უნდა იყოს წინასწარ დაბალანსებული.

ჩვენ ჩვენი მოთხოვნა გვაქვს და ვამბობთ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. ეს მოთხოვნა დარჩება, მაგრამ ხელისუფლებას რა პოზიციაც აქვს, რომ აუცილებლად ეს ჰესი უნდა გაკეთდეს, მე ვფიქრობ, რომ ორივემ დავაყენოთ პირველ რიგში ეჭვქვეშ ეს გადაწყვეტილება. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროცესი, აშენება-არაშენების საკითხი, და ამის შემდეგ დავიწყოთ. თუ იქ გაეცემა ძირითად კრიტიკულ კითხვებს პასუხი, გავაგრძელოთ შემდგომი დიალოგი.

ამასობაში აუცილებელი პირობაა, რომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები. თუ გაგრძელდა, ეს გულისხმობს იმას, რომ შენდება. ჩვენ გვინდა ისეთ დიალოგში მონაწილეობა, სადაც მართლა დაბალანსებული იქნება აშენება – არაშენების ნაწილი. თუკი კომპანია აგრძელებს მუშაობას, ეს ემოციურ ფონს წევს ადამიანებში და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მაინც გადაწყვეტილი აქვს ჰესის აშენება, მაშინ რისთვის ვხვდებით, ეს უკვე გაუგებარია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ შეჩერდეს იქამდე, სანამ ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი და ამის შემდეგ ჩვენ ამ მხრივ კონსტრუქციულად ვაპირებთ ნამდვილად ხელისუფლებასთან ურთიერთობას. ასევე გვაქვს ასეთი შემოთავაზება.

აქ დგას ხალხი, ვინც სხვადასხვა კუთხიდან არის მოსული და თავისი გულწრფელი პროტესტით თავიანთ კუთხეებშიც აპროტესტებენ რაღაც ენერგეტიკულ პროექტებს. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს ზოგადად პრობლემაა, რადგან რაღაცნაირად შეფერხებები ხდება ენერგეტიკული პროექტების.

ჩვენ ვამბობთ, რომ გამოცხადდეს შუალედური პერიოდი – სამწლიანი-ხუთწლიანი. ამ დროში ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, გამოთქვამს თავის პოზიციას. მე ვთვლი, რომ ამ ფორმატში, რაშიც ვართ ჩვენ დღეს, სამომავლოდ ალბათ არასოდეს აღარ მოუწევს ხელისუფლებას დადგეს და მოსახლეობასთან ჰქონდეს მსგავსი კონფლიქტური კომუნიკაცია.

ამას მოაგვარებს ყველას სათქმელის სწორი ფორმით და სწორი კომუნიკაციით თქვენამდე მოტანა.

ჩვენ ვამბობთ – ეს რომ გაკეთებულიყო წინა ხელისუფლების პირობებში, დღევანდელს პრობლემა აღარ ექნებოდა ამ მხრივ. მაშინ რომ აეღოთ ეს შესვენება ამ მხრივ, საპოლიციო ძალებით აღარ მოუხდებოდათ ხელისუფლებას ნებისმიერი ტიპის ენერგეტიკული პროექტის განხორციელება დღეს.

ჩვენც მოტივირებული ვართ. არავინ არ ყვირის, არავინ სახეს არ კარგავს. აქ განწყობილი ვართ იმისთვის, რომ რეალურად რაც არის საჭირო, ისე გაკეთდეს. ამაში ყველა ვთანხმდებით, რაც საჭიროა, უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს საჭიროების მომენტი ყველამ უნდა დავადგინოთ ერთად, კონკრეტულად რა არის. შეჩერდეს მუშაობა იქამდე, ვიდრე დავნიშნავთ პირველ საჯარო შეხვედრას და შევთანხმდეთ ფორმატზე, რაც იქნება. ჩვენ ვართ ამაზე თანახმა“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის ვრცელი სიტყვის მოსმენის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ის თანახმაა ამ ფორმატზე. ასევე მან დადო პირობა, რომ დიალოგის დაწყებამდე კომპანიას სამუშაოების შეჩერებას სთხოვენ.

„გეთანხმებით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ულტიმატუმებით დაწყებული დიალოგი ვერასოდეს ვერ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. ვხედავთ ახლა თქვენს მცდელობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ურთიერთდაშორებული მიმართულებიდან ვიწყებთ, მაგალითად – თქვენი მოსაზრებაა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა და აშენდეს. გადავდოთ გვერდზე ეს ორი უკიდურესობა – ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ. თქვენ განსაზღვრეთ დღის წესრიგი. რადგან თვლით, რომ ხელშეკრულება არის თქვენთვის პრინციპული საკითხი და ყველა პუნქტი უნდა განიმარტოს, ჩვენც მოგყვებით ამაში და დავიწყოთ ხელშეკრულებით.

თუმცა ვიცით, გვსმენია, რომ ერთ-ერთი საკითხი არის დაცულობა პროექტის, გარემოსდაცვითი საკითხები, ალბათ, შეხვედრა ორ ბლოკად გავაკეთოთ. არ გვაქვს პრობლემა, ყველაფერს გადავდებთ და ამ საკითხებზე ვიქნებით მიმართულები. ფორმატი შეგიძლიათ შემოგვითვალოთ, გვითხრათ, სად გინდათ შეხვედრა, ჩვენ მოგყვებით ამაში. შეგიძლიათ აზრი გვკითხოთ და რაღაცნაირად ერთად გადავწყვიტოთ. მომავალ კვირას გავაკეთოთ. იყოს საჯარო.

რაც შეეხება იმას, რომ ამ თუნდაც პირველი შეხვედრის ფონი უნდა იყოს გარკვეული პაუზა, ასე ვთქვათ, რაკიღა ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროექტის ბედზე, ჩვენ მივუბრუნდებით კომპანიას და ვთხოვთ ამის გაკეთებას, რომ მართლაც სწორი იქნება ალბათ, რომ არა ტექნიკის გუგუნის ფონზე, არამედ მშვიდ ვითარებაში, თუკი მალე ჩაინიშნა ეს შეხვედრა, ჩვენ შევხვდეთ და ვისაუბროთ.

მერე კი გვაქვს იმედი, რომ ან ჩვენ არგუმენტებს ისე მოგაწვდით, რომ პროექტი ამ ფორმით არ არის საფრთხის მომტანი, ასევე, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ჯერ კიდევ ახალი დაწყებულია პროექტი და იქ ბევრი რამ შევცვალოთ. თქვენი ჩართულობის კუთხითაც, კვლევების გაძლიერების კუთხითაც, ხეობის წინაშე ინვესტორის პასუხისმგებლობის კუთხითაც და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უფრო მკაფიო მექანიზმების კუთხითაც. ყველაფერზე შეიძლება საუბარი. მთავარია, რომ ვხედავ თქვენგანაც ამის სურვილს. დაველოდები თქვენს შემოთავაზებას, ავიღოთ შემდეგი კვირა და ეს შემდეგი კვირა ჩვენ ვთხოვთ კომპანიას, რომ თავი შეიკავოს და გაღიზიანება არ მოჰყვეს ამას“, – უთხრა ნათია თურნავამ ვარლამ გოლეთიანს და რიონის ხეობის დასაცავად შეკრებილ ადამიანებს.

ეკონომიკის მინისტრს მიმართა მაკა სულაძემ. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც კომპანიას მიწა არ მიჰყიდა.

„მე პირადად, ერთმა მოქალაქემ იმიტომ გადავწყვიტე არჩევნებზე მისვლა და თქვენი პარტიის მხარდაჭერა, ხელი მიკანკალებდა, არ ვაჭარბებ, ხელი მიკანკალებდა, ბიულეტენს რომ ვაგდებდი ურნაში, იმდენად მინდოდა თქვენი მოსვლა ხელისუფლებაში. როდესაც ამხელა ნდობა მაქვს ხელისუფლების, რომელიც ხელის კანკალით ავირჩიე, უცებ არ უნდა გამაწბილოს და არ უნდა შეიცვალოს პოზიცია. პირველი ჩემი გულისტკივილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაიწყო იქიდან, რომ უცებ მე მოვტყუვდი და უცებ იმ ხელისუფლებასთან დამჭირდა იმის მტკიცება, რომ ეს პროექტი არის გაუმართლებელი, რომელიც თვითონ უმტკიცებდა წინა ხელისუფლებას, რომ “ეს პროექტი იყო გაუმართლებელი და ხალხს სწირავდა დაღუპვისთვის”. შემობრუნდა საწინააღმდეგოდ. ასე საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა ექცეოდეთ.

კარგია, რომ დღეს მობრძანდით, მაგრამ ჩვენ თქვენს ასეთ მობრძანებას უფრო ადრე ველოდით. დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის. იმდენად დაგაგვიანდათ, ბატონებო და ქალბატონებო, რომ სპეცრაზმმა ორჯერ მოგასწროთ და ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, როდესაც უცხოური კომპანიის თვალწინ – ჩვენ, სამართლიანად ჩვენი ქვეყნის დამცველებს, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, – უთხრა მაკა სულაძემ მინისტრებს.

შეხვედრის დასასრულს ვარლამ გოლეთიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რამაც შეიძლება ხელისუფლებასა და ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგი ჩაშალოს.

„ჩვენ რა გვაშინებს ყველაზე მეტად აქ? ხელშეკრულების ზოგიერთი დეტალი. იგივე მიწასთან დაკავშირებული საკითხები. სახელისუფლებო მხრიდან გამოითქვა ასეთი აზრი და იგივე სატელევიზიო ეთერით მოვუსმინე, რომ არის ირაციონალური შიშები. როგორ გითხრათ, ძალიან ავცდებით ერთმანეთს, თუ ამ მსჯელობას განავითარებს და მხოლოდ ამას გვეტყვის ხელისუფლება. თუკი ამას გვეტყვით, რომ ეს არის მხოლოდ ირაციონალური შიში და, დავუშვათ, იქ არ იქნება მთელი რიგი ასპექტები ახსნილი, ვფიქრობთ, ამან შეიძლება ჩაშალოს ჩვენი საუბრის გაგრძელების პერსპექტივა. იმიტომ, რომ აქ არის ის საკითხები, რომელიც განცდების დონეზე და არამარტო განცდების, ბევრი ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს. მთელი ოპოზიციური სპექტრი მათ შორის, არამარტო სახელისუფლებო მხარე, ალაპარაკდა იმ ნაწილზე, რომ ჩვენ, ამდენი ადამიანი, საზოგადოება, არასწორად ვაზროვნებთ ამ მიმართულებით და გვაქვს ეს რაღაცა ირაციონალური შიში. ნუ ახლა ქსენოფობია, რასიზმი, ფაშიზმი და ეს სიტყვები რაც იციან ხოლმე, ყველაფერი ჩამოარაკრაკეს ჩვენი მისამართით.

პრაქტიკულად ამ ნაწილში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთიან ხაზს აჩვენებს. ეს იმდენად აგვაცდენს ჩვენ ერთმანეთთან, დამოკიდებულების თვალსაზრისით. დამერწმუნეთ, მარტო აქ კი არა, მთელ საქართველოს, თუნდაც მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არავინ არ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობს ხელისუფლება და ოპოზიციაც მათ შორის.

გამოვიდა, რომ ყველა ერთ მხარეს დავდექით ამ ნაწილში და მეორე მხარეს დადგა მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები და ვისაც კიდევ აწი უნდა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, იმ ხალხის მსურველთა დიდი რიგი.

ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, გვინდა ვიყოთ კონსტრუქციულები. არ გვინდა ხელი შეგვეშალოს იმაში, რომ ჩვენ ვიღაცამ გვითხრას, რომ ეს საკითხი არ არის ის, რაც ჩვენ უნდა განვიხილოთ, რაც ბევრი წახნაგით უნდა იყოს განხილული“,- თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი