ახალი ამბები

მყარად ვდგავართ, ინფორმაცია გასაგებ ენაზეა მისატანი – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

4 მარტი, 2021 • 1048
მყარად ვდგავართ, ინფორმაცია გასაგებ ენაზეა მისატანი – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

გარემოს დაცვის/სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობას აქვს პასუხები მოსახლეობის კითხვებზე, „მყარად“ დგას საკუთარ პოზიციაზე და ჰესის შესახებ ინფორმაცია „გასაგებ ენაზეა მისატანი თითოეულ [მოწინააღმდეგე] ჯგუფთან“.

4 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დაავალა, პირადად ჩავიდნენ ნამოხვანში და გასცენ მოსახლეობის კითხვებს/წუხილებს პასუხი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის არგუმენტები ჰესის აშენების სასარგებლოდ „კვლევებს და ექსპერტულ შეფასებებს“ ემყარება და „თეორიული შანსიც არ არსებობს, რომ მიწისძვრის შედეგად მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა“.

„სამწუხაროდ, გვაკლია კომუნიკაცია, მეტი მედიადაფარვა გვჭირდება, რათა მოსახლეობამდე მივიტანოთ სიმართლე“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ [„გარკვეული ჯგუფები“] „ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ… „ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი, ობიექტური აზრი“.

დავითაშვილის თქმით, სამინისტროების თანამშრომლები, — ტექნიკური სპეციალისტები, მინისტრის მოადგილეები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, — „რეგულარულ კომუნიკაციაში არიან“ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუმცა, „ალბათ, პოლიტიკოსების მხრიდანაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რასაც ვაკეთებთ, გავაგრძელებთ“.

გარემოს დაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი ჰყავს დასარწმუნებელი და მათ შორის დაასახელა „ადგილობრივი მცხოვრებლები, ენთუზიასტები, სხვადასხვა ვითომ ექსპერტული ჯგუფი“ და „ასეთივე არასამთავრობო ორგანიზაციები“.

დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მყარად დგას პოზიციაზე, რომ ჰესი არ შეიცავს იმ რისკებს, რაზეც მოწინააღმდეგეები მიუთითებენ და ეს „გასაგებ ენაზეა მისატანი თითოეულ ჯგუფთან“. „დარწმუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა მან.

ნამახვანჰესის კრიტიკა

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი გრუფი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები,  მათ შორის EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ.

EMC-მ 3 მარტს გამოაცხადა, რომ  2019 წლის 25 აპრილს სახელმწიფოსა და ინვესტორს, „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ 251-გვერდიან ხელშეკრულება კაბალურ პირობებში ამყოფებს სახელმწიფოს. კერძოდ:

  • ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას;
  • კომპანიას შეუზღუდავი უფლებები ენიჭება ბუნებრივ რესურსებზე — მიწაზე, წყალსა და ხე-ტყეზე;
  • სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეული ფინანსური ხარჯები მთლიანად აუნაზღაუროს ინვესტორს;
  • ამასთან, იღებს ვალდებულებას, ფორსმაჟორული გარემოებებისას, ყველა სახის ზიანი და დანაკარგი აანაზღაუროს.

სოციალური პროტესტი

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

პარლამენტსა და მთავრობაში ნამახვანჰესზე ყურადღებას მას შემდეგ გაამახვილეს, რაც პროტესტი ახალ განზომილებაში გადავიდა: 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

ნამახვანჰესის ხელშეკრულება მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს – EMC

მასალების გადაბეჭდვის წესი