ახალი ამბები

რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

17 თებერვალი, 2026 •
რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

სუს-ში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ უწყება დატოვეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ლევან დავითაშვილმა და გიორგი ჩიქოვანმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, გამოკითხვა შეეხებოდა საქართველოს მონაწილეობას ევროპის გაზით მომარაგებაში და ამასთან დაკავშირებულ რისკებს.

„ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.

ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, — განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ამ განცხადებებს სუსი გამოეხმაურა. „ოცნების“ პროპაგანდისტულ „იმედს“ მათ განუცხადეს, რომ ლევან დავითაშვილი საკითხების განსახილველად არ ჰყავდათ დაბარებული.

„დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“, — განაცხადეს უწყებაში, — „გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი! თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ.“

ლევან დავითაშვილი 2022 წლიდან 2025 წლამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. იქამდე, ექვსი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს,  წლების განმავლობაში იყო  ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი.

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა 2025 წლის 24 ივნისს. რამდენიმე დღეში, რაც მისი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს კორუფციის ბრალდებით.

სანამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ისინი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებოდნენ ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი