ყოფილი მაღალჩინოსნები, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი გამოკითხვაზე დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ისინი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებიან ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
ლევან დავითაშვილი 2022 წლიდან 2025 წლამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. იქამდე, ექვსი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მას 12 იანვარს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და მილიონიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. პროკურატურა ორგზის პრემიერ-მინისტრს, ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს ფულის გათეთრებასა და თანამდებობაზე ყოფნის დროს უკანონო შემოსავლების მიღებას ედავებოდა.
ღარიბაშვილის გარდა დაკავებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად – პროკურატურა მათ თანამდებობების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება; უკონონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებითაა დაკავებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძეც; ქრთამის აღების ბრალდებითაა დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს ილია ღუდუშაურს.








