ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ გახდა არგენტინა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

25 თებერვალი, 2021 • 5373
როგორ გახდა არგენტინა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა სხვა ქვეყნების მიერ მისი საერთაშორისო აღიარება მყისიერად არ დაწყებულა.

მოგვიანებით, ქვეყნის იმდროინდელმა მთავრობამ სხვადასხვა შინაარსის შეთანხმებები დადო ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა თურქეთი და გერმანია, რასაც ისტორიკოსები საქართველოს დე ფაქტო აღიარების ფაქტად მიიჩნევენ.

მიუხედავად დე ფაქტო აღიარებისა, ოფიციალურად ცნობისთვის საჭირო იყო ამ ქვეყნების პარლამენტების, ბუნდესტაგებისა თუ მეჯლისების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების რატიფიცირება [დამტკიცება], რაც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, დროში გაწერილი პროცესი იყო.

პირველი სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად ცნო, არგენტინის რესპუბლიკა იყო.

იმის გასაგებად, თუ როგორ და რატომ გახდა გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველოდან ძალიან შორს მყოფი არგენტინა პირველი ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო, ნეტგაზეთი ისტორიკოს ბექა კობახიძეს ესაუბრა.

ბერლინის გავლით ბუენოს-აირესში

1918 წლის 28 მაისს გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფოთში, რომელიც ძირითადად ეხებოდა ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებს.

ბექა კობახიძის განცხადებით, გერმანიისთვის ეკონომიკური საკითხის გარდა, ამ ხელშეკრულებას ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობაც, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს დე ფაქტო აღიარებასა და იმის დემონსტრირებას, რომ გერმანიამ კავკასიაში ფეხი შემოდგა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აკაკი ჩხენკელი წავიდა ბერლინში პროტექტორატის გასაფორმებლად და ოფიციალური აღიარების მისაღწევად. იგი ბერლინში რჩება 1920 წლის დეკემბრამდე და პრაქტიკულად ნახევარ წელს ატარებს პოლიტიკურ კონსულტაციებში, რის შემდგომაც გადადის შვეიცარიაში.

“ბერლინში ყოფნის დროს მთავარი აქცენტები კეთდებოდა, რასაკვირველია, გერმანიაზე, რათა მომხდარიყო ქვეყნის აღიარება. მაგრამ, ამავდროულად, ჩხენკელმა მუშაობა დაიწყო უცხოურ დელეგაციებთანაც. ამ დროს მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომი და, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეების საელჩოები ბერლინში არ არის. აქ იყო მხოლოდ ბერლინის მოკავშირე და მისდამი ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნების საელჩოები, რომლებთანაც ჩხენკელი იწყებს მასობრივად, ფაქტობრივად, ერთი შაბლონური ტექსტით დიპლომატიური ნოტების გაგზავნას, რასაც მოჰყვება მემორანდუმები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ისტორიული რაკურსის შესახებ”, – ამბობს ისტორიკოსი ნეტგაზეთთან საუბრისას.

საქართველოს დელეგაცია ბერლინში. მარცხნიდან სხედან: ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი. ფოტო გადაღებულია ბერლინში, სასტუმრო ადლონში, 1918 წლის ივნისში. ფოტო: საქართველოს ფოტომატიანე

მისივე თქმით, ამ დროს საქართველოს სხვაგან წარმომადგენლობა არ ჰყავდა, “ეს არის ერთადერთი მისია კავკასიის გარეთ, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან პირველ ნაბიჯებს დგამდა”.

“სწორედ ასეთი ნოტა გაეგზავნა არგენტინის რესპუბლიკის საელჩოსაც. ამ დროს საელჩოში მუშაობდა დიპლომატი ლუის მოლინა, რომელიც გაეცნო ნოტას და მოგვიანებით ბუენოს-აირესში გააგზავნა.

ჩხენკელმა მსგავსი ნოტა ბევრთან გააგზავნა, თუმცა არგენტინის შემთხვევაში, ეს პროცესი ბოლომდე წარმატებით წარიმართა, რაც ნაწილობრივ გამართლებადაც შეიძლება ჩაითვალოს”, – ამბობს კობახიძე.

ნოტის გაგზავნიდან დაახლოებით წელიწადსა და ორ თვეში, მომდევნო წლის 15 სექტემბერს აღიარება ოფიციალურად დადგა.

არგენტინის მოტივაცია საქართველოს აღიარებისას 

“რომ ვთქვათ, რომ ამ ინტერვალში ჩვენმა მისიამ განსაკუთრებულად იმუშავა არგენტინის მიმართულებით, არ იქნება მართალი. აქ არგენტინისთვის ორი პრაგმატული კომპონენტი არსებობს, რის გამოც აღიარეს საქართველო”, – ამბობს ბექა კობახიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გავლენა ანტიკოლონიური განწყობებმა მოახდინა თავად არგენტინაში:

“არგენტინაში ამ დროს არის ანტიკოლონიური განწყობები, ქვეყანას ჰყავს ანტიკოლონიური მთავრობა და საქართველოს, როგორც კოლონიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის აღიარება, არგენტინის მმართველი ელიტების იდეოლოგიასთან თანხვედრაში მოდის”.

საქართველოს აღიარების მომენტში არგენტინას მართავს მემარცხენე პარტია სახელწოდებით “რადიკალური სამოქალაქო კავშირი”, რომელიც ანტიკოლონიურ და სოციალისტურ საწყისებზე იდგა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მსგავსად. არგენტინა ესპანეთის იმპერიის ყოფილი კოლონიაა. ქვეყნის დამოუკიდებლობას მადრიდის წინააღმდეგ წინ არაერთი აჯანყება და ომი უძღოდა, ამდენად, ბუენოს-აირესი სოლიდარული იყო თბილისისადმი, რომელსაც დაახლოებით მსგავსი უახლესი ისტორია ჰქონდა:

“არგენტინა არის სამხრეთ ამერიკაში, რუსეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. ვერ გრძნობს საფრთხეს, რომ რუსეთი იქ ჯარებით შეიჭრება. მაშინდელი სამყარო გაცილებით ლოკალიზებული იყო და არ იყო ისეთი ურთიერთობები, როგორიც დღესაა. არგენტინისთვის არავითარი რისკის შემცველი არ იყო ეს აღიარება”, – ამბობს კობახიძე.

“საქართველოს აღიარებას მოჰყვა ნოე ჟორდანიას მიერ არგენტინის პრეზიდენტისთვის მადლობის წერილის გაგზავნა, ხოლო საფრანგეთსა და იტალიაში არგენტინულ საელჩოებში ქართული დელეგაციები მადლობის გადასახდელად გამოცხადდნენ. პარიზში საქართველოს დელეგაციას ამ დროს მეთაურობდა პარლამენტის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, ხოლო რომში – კონსტანტინე საბახტარაშვილი, რომელიც ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო”, – გვეუბნება ბექა კობახიძე.

ბექა კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არგენტინაში საელჩოს გახსნასაც კი გეგმავდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ეს ვერ მოხერხდა.


საქართველოს დამოუკიდებლობა 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ ძალადობრივად შეწყდა. ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ შეძლო კონსტიტუციის მიღება. სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობაზე დაყრდნობით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც.

საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში კვლავ აღდგა. ბუენოს-აირესში არსებობს თბილისის სკვერი, ხოლო თბილისში – ბუენოს-აირესის.

მასალების გადაბეჭდვის წესი