ახალი ამბები

არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, კენჭისყრა გარდაცვლილმა ძაღლმა ურჩია

20 ნოემბერი, 2023 • 1149
არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, კენჭისყრა გარდაცვლილმა ძაღლმა ურჩია

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი ფინანსთა მინისტრი სერხიო მასა ლიბერტარიანელ ოპონენტთან, ხავიერ მილეისთან დამარცხდა. მეორე ტურში მასას მხარი ამომრჩეველთა 44,3%-მა დაუჭირა, მილეის – 55,69%-მა.

მილეი – წარსულში ლიბერტარიანელი ტელეწამყვანი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, პრეზიდენტად კენჭისყრა გარდაცვლილმა ძაღლმა ურჩია  – 2020 წლიდანაა პოლიტიკაში და ამომრჩევლისთვის მისი მთავარი დაპირება ეკონომიკური პრობლემების გადალახვაა – 140%-იანი ინფლაციის ფონზე.

„დღეს არგენტინის რეკონსტრუქციას ვიწყებთ. ეს იტორიული ღამეა“, – უთხრა მხარდამჭერებს მილეიმ.

მისი ეკონომიკური პროგრამის ნაწილია ინფლაციის „განადგურება“, ცენტრალური ბანკის ინტიტუტის გაუქმება, პესოს ნაცვლად დოლარზე გადასვლა და სახელმწიფო აპარატის რადიკალურად შემცირება – უკანასკნელის უკეთ დემონსტრირებისთვის მილეი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ბენზოხერხითაც გამოსულა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მილეი აშშ-თან დაახლოებისა და რუსეთი-ჩინეთისგან დაშორების კურსის მხარდამჭერია.

ამასთან ერთად, მილეის უცნაური განცხადებებიც გაუკეთებია – მაგალითად, მილეი ამბობს, რომ თავის გარდაცვლილ ძაღლთან სპირიტუალური სეანსების დახმარებით ამყარებს კავშირს და სწორედ გარდაცვლილმა ძაღლმა უთხრა ღვთიურ მისიაზე – რომ მას, მილეის, პრეზიდენტად ეყარა კენჭი. იგი აგრეთვე მხარს უჭერს ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზაციას, ხოლო კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ბავშვების გაყიდვას, ამბობს, რომ „[გარემოებებს] გააჩნია“.

მილეის გამარჯვება მიულოცეს, მათ შორის, ბრაზილიის და აშშ-ის ექსპრეზიდენტებმა, ჟაირ ბოლსონარომ და დონალდ ტრამპმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი