ახალი ამბები

“ოპოზიციის ლიდერის დაკავება კარგი ნიშანი არ არის” — გერმანელი პარლამენტარი კატია ლიკერტი

23 თებერვალი, 2021 • 1235
“ოპოზიციის ლიდერის დაკავება კარგი ნიშანი არ არის” — გერმანელი პარლამენტარი კატია ლიკერტი

გერმანიის პარლამენტის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, კატია ლიკერტი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი მოვლენები ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს.

“ოპოზიციის ლიდერის დაკავება ნაკლებად კარგი ნიშანია, მათ შორის, საქართველოშიც. ნიკა მელიას დაკავება საქართველოსთვის არის ყველაზე ნაკლებად საჭირო რამ. არ არსებობს ეროვნული შერიგების გარდა სხვა ალტერნატივა. ამისათვის ივანიშვილს მეტი [მოქმედება] მართებს”, — ნათქვამია გერმანელი პარლამენტარის, კატია ლიკერტის twtitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.

მელიას დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში, რომლის განცხადებით, “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”. მომხდარს კრიტიკულად გამოეხმაურნენ ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ევროკავშირის საგარეო უწყებების წარმომადგენლებიც.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე, საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი