ახალი ამბები

ნიკა მელიას დასაკავებლად მისული პოლიცია ენმ-ის ოფისში არ შეუშვეს

18 თებერვალი, 2021 • 763
ნიკა მელიას დასაკავებლად მისული პოლიცია ენმ-ის ოფისში არ შეუშვეს

ენმ-ის ოფისთან პოლიციელები მივიდნენ, თუმცა შენობაში შესვლა, ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიასთვის სასამართლოს განჩინების გადაცემა და მისი დაკავება ვერ შეძლეს.

პარტიის ოფისის კარი ჩაკეტილი იყო, პოლიციელებთან შესახვედრად კი მისი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი გავიდა. საძაგლიშვილმა პოლიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის, როგორც მელიას კანონიერი წარმომადგენელი, მზად იყო ჩაებარებინა ნებისმიერი დოკუმენტი, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.

თუმცა ენმ-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისას პოლიციელებმა განაცხადეს, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. მათივე განმარტებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია იმყოფებოდა ენმ-ის ოფისში და მივიდნენ სასამართლოს განჩინების გადასაცემად და მის აღსასრულებლად.

აღსრულება კი დაკავებას ნიშნავს, რადგანაც 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა აღმკვეთ ღონისძიებად.

ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერების ნაწილმა 18 თებერვლის ღამე ენმ-ის ოფისში გაათენეს – ისინი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიციას ელოდნენ. 

ისინი ახლაც შეკრებილი არიან ენმ-ის ოფისში. ენმ-ის ოფისთან ახლოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფისის ეზოში კი ათობით პოლიციელია მობილიზებული.

მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, 17 თებერვალს, რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ, გვიან ღამით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

თავად მელია სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ის საკუთარ პროცესს მხარდამჭერებთან ერთად ტელეეთერით ადევნებდა თვალს. ენმ-ის ოფისში ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ “პროპორციულ” წინააღმდეგობას გაუწევდნენ პოლიციას “შიშველი ხელებით”, რადგანაც მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა. ოპოზიციური პარტიების მიერ შუაღამისას გავრცელებული განცხადებით, “პოლიტიკური რეპრესიები უფრო დრამატულ ეტაპზე გადავიდა”. 

“სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”- სენატორი რიში მელიას დაპატიმრების საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი