ახალი ამბებიკომენტარი

პასუხები ლეგალური სამუშაოს სქემაზე გერმანიაში – ინტერვიუ

12 თებერვალი, 2021 • 7920
პასუხები ლეგალური სამუშაოს სქემაზე გერმანიაში – ინტერვიუ

11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.  სამუშაო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სექტორშია განსაზღვრული. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორს, ნინო ველთაურს.

პირველ რიგში გვითხარით, 3-თვიანია ეს პროგრამა, ხომ?

90 კალენდარული დღე, საიდანაც საშუალოდ, 72 სამუშაო დღე არის.

მხოლოდ ერთხელ ექნება დასაქმების მსურველს გერმანიაში წასვლის შესაძლებლობა?

როგორც წესი, სეზონზე ერთხელ გამოდის, მაგრამ მომავალ წელს ისევ შეეძლებათ წასვლა. ყოველ წელს შეუძლია ადამიანს, რომ იაროს, მაგრამ წელიწადში ორჯერ პრაქტიკულადაც შეუძლებელია. არის ასეთი წინაპირობა, რომ სეზონურ დასაქმებამდე 3 თვით ადრე შენგენის ზონაში არ უნდა იყოს ნამყოფი. აქედან გამომდინარე რომ დავითვალოთ, ვთქვათ, ადამიანი წავიდა აპრილში, ის ჩამოვა ივნისში – შემდეგ მოდის ივლისი, აგვისტო სექტემბერი – ამ პერიოდში ის იქ არ უნდა იყოს, ოქტომბერში კი სეზონი მთავრდება. შესაბამისად, წელიწადში სამ თვეს გაატარებს [გერმანიაში] მხოლოდ.

სეზონური სამუშაო მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულს მოიცავს?

დიახ. ამ ეტაპზე ჯერ ასეა. გერმანიის მხარისთვისაც ეს წელი საპილოტეა, იმიტომ, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ აღარ განუხორციელებიათ ასეთი ორგანიზებული, მიგრაციული სქემები. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის საუბარია გაზაფხულ-ზაფხულზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ პერიოდში ითვლება შემოდგომის სეზონიც, იმიტომ, რომ ყურძნის რთველი აქვთ მათაც შემოდგომაზე. ასეთი პროდუქტებიც შეიძლება ითვლებოდეს… ზუსტად არ ვიცით, როდის დამთავრდება ეს სეზონი.

თუმცა ზუსტად იცით, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონი იქნება?

კი, გაზაფხული და ზაფხულის თვეები იქნება ნამდვილად. შემოდგომის თვეებზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. ეს დამოკიდებული არის, თუ როგორი მოთხოვნა წამოვა დამსაქმებლებიდან.

ანუ, რომ შევაჯამოთ ეს ამბავი, ერთ ადამიანს წელიწადში ერთხელ შეუძლია წასვლა მხოლოდ…

დიახ, პრაქტიკულად ეს ასეა. თეორიულად კი შეგვიძლია ისე დავითვალოთ წასვლა-წამოვლა, რომ ორჯერ იყოს შესაძლებელი, მაგრამ ამის პრაქტიკაში განხორციელება – არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს. წინაპირობა არის, რომ გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში არ უნდა იყო ნამყოფი.

აქ მინდოდა დამეზუსტებინა სტატუსი, საჭირო იქნება რაიმე სახის სამუშაო ვიზა?

ვიზა არ იქნება საჭირო. არც ტურისტული ვიზა არ სჭირდებათ, ჩვენ ხომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს. დამატებით სამუშაო ვიზა საჭირო არ იქნება.

საკვებისა და საცხოვრებლის დაფინანსების საკითხი როგორ იქნება?

ხარჯები, რომელსაც გაიღებს დამსაქმებელი… მოდი, ასე ვუპასუხებ ამ კითხვას: პასპორტი უნდა აიღოს მოქალაქემ, თუ, ვთქვათ, არ აქვს პასპორტი, შემდეგ, როდესაც უკვე მას ექნება შემოთავაზება, გაფორმდება ხელშეკრულება. მას მოუწევს ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა, რაც როგორც ვიცით, ფასიანია. მგზავრობის ბილეთების ყიდვა და PCR ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე.

იქ რომ ჩადის, რაც კანონში წერია, სეზონური დასაქმებულისთვის მინიმალური ხელფასი არის 9.5 ევრო [საათში]. ჯანმრთელობის დაზღვევას ფარავს დამსაქმებელი. დამსაქმებელი უზრუნველჰყოფს იმას, რომ ამ ადამიანს იქ დახვდეს კარგი საცხოვრებელი პირობები, ოღონდ დასაქმებული თვითონ იხდის ამ საცხოვრებელ ქირას. ეს არის შეღავათიანი ფასები, ეს არ არის რაღაც სტანდარტული საბაზრო ფასები, რაც გერმანულ ბაზარზეა.  ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს, დამსაქმებელს უწერია, რომ დღეში 6 ევროს გადავახდევინებო. თუმცა ზუსტი ხარჯი გამგზავრებამდე ადამიანს ეცოდინება აუცილებლად, კვებაც თვითონ უნდა დაფაროს.

როგორც ჩანს, თითოეული დამსაქმებლისთვის საცხოვრისის ფასი ინდვიდიდუალური იქნება, ხომ?

თუმცა არ იქნება დიდად განსხვავებული ერთმანეთისგან.

რაც შეეხება საკვებს..?

დასაქმებული ფარავს საკვებს.

რაც შეეხება PCR ტესტს, აქ რომ გაიკეთებს ტესტს, ჩასვლისასაც მოუწევს?

არა, არ უწევს. თუ წავა ჯგუფი, ჯგუფურად იქნება ამ ხალხის გაგზავნა, წავა ჯგუფი, ჯგუფი იცხოვრებს ცალკე, სხვა ჯგუფებისგან იზოლირებულად, კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებულია ეს წესი გერმანიაში. ოღონდ იმუშავებს კიდეც – 10 დღის განმავლობაში იქნება განცალკვებული ცხოვრება და მუშაობის შესაძლებლობა. ჩასვლის დღიდან ადამიანი მუშაობს და იწყება ხელფასის დარიცხვის ათვლა, მაგრამ იქნება განცალკევებული.

ხშირად ხდება, რომ სეზონურად დასაქმებულ მოქალაქეებს დამსაქმებელი თანხას აღარ უხდის – თუ ასეთი შემთხვევა მოხდა გერმანიაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?

ეს არის ორგანიზებული, კოორდინირებული სქემა. განმახორციელებლები ჩვენი მხრიდან არის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, გერმანიის მხარეს – გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტო. ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ყველა სამუშაო პირობას და დასაქმებულები იქ არიან დაცული, შრომითი უფლებები იქ დაცულია და ამაზე ზრუნავს ადგილობრივი დასაქმების სააგენტო. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ერთმანეთთან, როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან.

გამგზავრებამდე ვატარებთ წინასაორიენტაციო ტრენინგს, სადაც ზუსტად სქემას ვუხსნით – თუ რა უფლებებით სარგებლობენ, როგორ უნდა დაიცვან ეს უფლებები, ვის უნდა მიმართოს და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ეს არის ბევრად დაცული სქემა და ამისთვის არის სახელმწიფო უწყებები ჩართული ორივე მხრიდან, რათა იქ ჯეროვნად იქნას დაცული თითოეული დასაქმებულის ყველა შრომითი უფლება.

სამი თვის შემდეგ ეს ადამიანები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ. ამის მეთვალყურეობას თქვენ უწევთ?

ორივე [ქვეყნის] სააგენტო.


რომ აღვწეროთ პროცედურა, 15 თებერვალს ამოქმედებბა ვებგვერდი, რა ხდება შემდეგ?

საიტზე workabroad.moh.gov.ge რეგისტრაციის დროს, რა მონაცემებსაც შეიყვანს პოტენციური სამუშაოს მაძიებელი, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გადაამოწმებს და დაამუშავებს. შემდეგ უკავშირდება რეგისტრირებულ პირებს, იბარებს ან ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად – გააჩნია, როგორი შეხვედრების შესაძლებლობა გვექნება და აცნობს ვაკანსიებს. მაქსიმალურად აწვდის ინფორმაციას, თუ რას გულისხმობს თავის თავში გერმანიის ფედერაციაში დროებითი ლეგალური დასაქმება. ასევე ესაუბრება იმაზე, რომ თუ მოინდომებს არალეგალურად დარჩენას, რა რისკები მოჰყვება და ასევე, რა ბენეფიტები აქვს იმას, თუ პირნათლად, 3 თვის შემდეგ დაბრუნდება უკან.

რომელ ვაკანსიაზეც თანხმობას განაცხადებს სამუშაოს მაძიებელი, იქ ივსება სპეციალური სააპლიკაციო ფორმა და იგზავნება დამსაქმებელთან. დამსაქმებელი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, წარდგენილი აპლიკანტებიდან ვისთან გააფორმოს ხელშეკრულება და ვისთან არა. ეს CV არ არის, არამედ სპეციალური სააპლიკაციო ფორმაა, რომელიც გერმანიის დასაქმების სააგენტომ გაგვიზიარა. აქ იქნება ადამიანის საიდენტიფიკაციო მონაცემები, არის კითხვა, გაქვთ თუ არა სამუშაო გამოცდილება, ფლობთ თუ არა ენას. ენის ცოდნა არის ერთ-ერთი ბარიერი. მოითხოვება საბაზისო ინგლისური ან გერმანული, თუმცა დამსაქმებლები თანახმა არიან, ჯგუფში იყოს ერთი ენის მცოდნე პირი.

 ჯგუფში რამდენი ადამიანი იქნება, ამას დამსაქმებელი განსაზღვრავს?

დიახ.

 ძირითადად რა ტიპის სამუშაოა?

ჯერ არ ვიცით. როცა ვაკანსიები მოვა, მაშინ სამუშაოს მაძიებლებს ინდივიდუალურად გავაცნობთ ამ ვაკანსიებს. დამსაქმებელი გამოგზავნის ხელშეკრულების ფორმებს, რომელსაც ჩვენ ვთარგმნით და ვაცნობთ სამუშაოს მაძიებლებს, შემდეგ ხელს აწერენ ხელშეკრულებას. დამსაქმებელს თავის მხრივ ხელი უკვე აქვს მოწერილი. შემდეგ დასაქმებულს მოაქვს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ასევე, ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ და გამგზავრებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტი დაიგეგმება. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ასევე დაიგეგმება წასვლის წინასაორიენტაციო ტრენინგი. ბილეთების ორგანიზებულად შეძენაც საჭირო თუ იქნება, ამაშიც დავეხმარებით. ჩატარდება ტრენინგი, PCR ტესტს ჩაიტარებენ და გაემგაზვრებიან. იქ, ადგილზე დამსაქმებელი ამ ადამიანებს თავის წარმომადგენლებს ახვედრებს. როგორც ვახსენე, მათ შერჩევაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დამსაქმებელი იღებს.

 აპლიკანტებს თუ ექნებათ შესაძლებლობა სამუშაო ტიპი თავად აირჩიონ? მაგალითად, ვიღაცას სურს ყურძნის კრეფა და ან სხვა სამუშაო.

რა თქმა უნდა. რაც გვაქვს, იმ ვაკანსიებს გავაცნობთ და, ბუნებრივია, ისინი თანახმა უნდა იყვნენ ამ სამუშაოზე.

თანხის გადახდა როგორ მოხდება?

თვის ბოლოს, როგორც არის რეგულარული ანაზღაურება, ეს ოდენობები ხელშეკრულებაში ეწერება. მინიმალური ხელფასი არის საათში 9.5 ევრო, თუმცა ივნისიდან მინიმალური ხელფასის განაკვეთი იცვლება და 9 ევრო და 60 ცენტი ხდება საათში. აქედან დაექვითებათ საშემოსავლო 5%. დაზღვევას დამსაქმებელი გადაიხდის. საკვების და საცხოვრებლის თანხას დამსაქმებელი ავტომატურად კი არ დაუქვითავს, მას ჩაერიცხება კუთვნილი ხელფასი და თავად იხდის შემდეგ საცხოვრებლის და საკვების ხარჯს. ავტომატური დაქვითვა არ მოხდება.

თუ არის განსაზღვრული სავარაუდო რაოდენობა, რამდენი ადამიანი შეძლებს წასვლას?

ეს თავიდან ბოლომდე მოთხოვნაზეა დამოკიდებული. გერმანიისთვისაც საპილოტე წელია და ისინიც ვერ გვეუბნებიან. ჩვენც დავსვით ეს კითხვა და გერმანაისაც გაუჭირდა პასუხის თქმა. თუმცა, ალბათ, ერთთვიანი გამოცდილება რომ დაგროვდება, უკვე დინამიკას შევხედავთ და უფრო კარგად შევაფასებთ, სეზონის ბოლომდე რა რაოდენობის ადამიანებს მოვიცავთ.

თანამშრომლები საკმარისი გყავთ? დიდი მოთხოვნის შემთხვევაში ორივე მხრიდან აუხვალთ ტრენინგების ჩატარებას? ონლაინ ჩატარდება თუ სააგენტოში მოუწევთ მოსვლა.

დიახ, თანამშრომლები საკმარისი გვყავს. შევხედავთ, კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე რა შესაძლებლობები გვექნება. ეს ხომ არ არის ხელობის ტრენინგი, ონლაინ რომ ვერ ჩავატაროთ? სასურველია იყოს პირისპირ ტრენინგი, თუმცა ეს არ არის ისეთი ტიპის ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში ვერ მივაწოდოთ. ამასთან, დასაქმების სააგენტო არ არის ყველა მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი. რეგიონებში სოციალური მომსახურების სააგენტოში ყველგან იქნებიან საკომუნიკაციო პირები, რომლებიც ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

დავუბრუნდეთ წასვლის საკითხს, სამუშაოს მაძიებელმა უდნა გადაიხადოს ბილეთისა და PCR ტესტის ღირებულება?

დიახ, ასევე, პასპორტი [აიღოს] თუ არ აქვს და ჯანმრთელობის ცნობა უნდა აიღოს. ასევე, ნასამართლეობის ცნობა, რომელიც უფასოა.

ერთ წელში თეორიულად შსესაძლებელია, თუმცა რთულად წარმოგიდგენიათ, ორჯერ წავიდეს ადამიანი, მაგრამ სამი სეზონი თუ ჩაეშვება მომავალი წლიდან, ეს შესაძლებელი იქნება?

რა თქმა უნდა, არ არის ვადებში შეზღული. შესაბამისად, მომავალ წელსაც იქნება. მომავალ წელს უფრო იოლდება სიტუაცია, რადგან დამსაქმებელი თუ კმაყოფილია თავისი დასაქმებულით, შესაძლებელია თვითონაც დაუკავშირდეს და წაიყვანოს. ან ჩვენ მოგვთხოვოს სახელობითად და პირდაპირ გავიდეთ კონტაქტზე ამ ადამიანთან და ისე დავაორგანიზოთ წასვლა.

თანხის გარდა, თუ ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები არ შესრულდება. მაგალითად, დამსაქმებელმა რომ მოითხოვოს 12 ან 14 საათი სამუშაოს ადამიანი, ამ ნაწილშიც დაეხმარებით დასაქმებულს?

რა თქმა უნდა. ზეგანაკვეთური სამუშაო იქნება ნებაყოფლობითი, ორივე მხარე უდნა იყოს თანახმა და, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადი. იძულება ნამდვილად არ იქნება. ჩვენ გვყავს საკომუნიკაციო ორგანიზაციები ამისთვის.

სახელმწიფო გააკონტროლებს, რომ ყველა დაბრუნდეს?

აუცილებლად, ამას გააკონტროლებს გერმანული მხარეც და გააკონტროლებს ქართული მხარეც.

კიდევ რას დაამატებდით? 

ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის შრომითი დასაქმების მხრივ აბსოლუტურად დაცული, კოორდინირებული და ორგანიზებული სქემა სახელმწიფოს მხრიდან.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი