ახალი ამბები

2009-19 წლებში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 3 193 მოქალაქე დააკავეს

12 თებერვალი, 2021 • 1013
2009-19 წლებში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 3 193 მოქალაქე დააკავეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის ფონდისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმა, საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია (Datalab) აქვეყნებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2009-2019 წლებში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ სტატისტიკას.

სტატისტიკური მონაცემთა წყარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

სტატისტიკის თანახმად, 2009-2019 წლებში (29 აგვისტომდე) საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 3 193 საქართველოს მოქალაქე. ამათგან 1 932 — აფხაზეთის, ხოლო 1 261- ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის დააკავეს.

Datalab-ის თანახმად, 2009 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალები ყოველი კვირის განმავლობაში საშუალოდ 5-6 საქართველოს მოქალაქეს აკავებდნენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 ადამიანს აჭარბებდა.

დაკავებულთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე (ჯარიმის გადახდამდე) გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან.

სუს-ის პოზიცია

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის ცხინვალში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე აქცია გამართეს და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პასიური პოლიტიკა გააპროტესტეს. ასევე, ენგურის ხიდთან გაიმართა აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია.

გახელაძის დასახსნელად “ყველაფერი კეთდება”? — პროტესტი თბილისში

საპასუხოდ, სუს-მა 11 თებერვალს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაციის უშუალო შედეგია და მცდარია ნარატივი უკანონო დაკავებების გახშირების შესახებ.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი საბედაშვილმა ბრიფინგზე არგუმენტად მოიშველია 2009-დან 2013 წლის სტატისტიკა და განაცხადა:

2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე დააკავეს უკანონოდ, 2010 წელს ასევე საქართველოს 80 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს უკანონო დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაკავებების სტატისტიკაში. 2021 წელს 110 ადამიანი იქნა დაკავებული უკანონოდ. 2019-2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან”.

ამასთან, სუს-ში აღნიშნავენ, რომ უკანონო დაკავებებს სახელმწიფო მათ ხელთ არსებული ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტის გამოყენებით უპირისპირდება და აცხადებენ, რომ ამ ბერკეტების, მათ შორის ცხელი ხაზის დანიშნულების, დაკნინება საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს ემთხვევა.

სუსი: უკანონო დაკავებები ოკუპაციის დამყარების დღიდან ხდება და მიზეზი სახელმწიფოს პოლიტიკა არაა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი