საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციას დაკავებული ჰყავს მისი ცოლი, ასევე ყოფილი ჟურნალისტო ლალო ბერია (მუშაობდა postv-ში), თუმცა ისე, რომ მის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
“ერთ თვეზე მეტია, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას მძევლად ჰყავს აყვანილი ჩემი ცოლი. ზუსტად 42 დღეა, ჩემს ოჯახზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს. ტყვეობაში ჰყავთ ჩემი მეუღლე, რომლის წინააღმდეგაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მისი 42-დღიანი ტყვეობის მთავარი მიზეზი ჩემზე ზეწოლის მოხდენაა. ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჩემგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჩემი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს- ნაწილს მხოლოდ მისალმებით ვიცნობ, ნაწილთან კი არავითარი ურთიერთობა არ მაკავშირებს.
დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი დაკავების მომენტში, ჩემს სახლში, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩხრეკის დაწყებამდე მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო ცკპდ-ს ორი მაღალჩინოსანი. მათი სახელები და გვარები არ ვიცი, თუმცა ორივეს ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში შემიძლია. მათ მიერ დასახელებული პირები, რომელთა წინააღმდეგაც ჩემგან ჩვენების მიცემას ითხოვენ, და საქმე, რომლის აღიარებასაც მოითხოვენ, მიჩენს განცდას, რომ ცკპდ-ს ჩინოსნებს ამ საბჭოთა მეთოდით რაიმე დანაშაულის გახსნა კი არ აქვთ მიზნად, არამედ ეს ყველაფერი იმ სცენარის ნაწილია, რომელიც მათი თანამდებობრივი მდგომარეობის გამყარებას ემსახურება, თუმცა სცენარი ჩავარდა.
ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს და ახლა ჩემი მძევლად აყვანილი ცოლი ალესილი ნაჯახივით ადევთ კისერზე. ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“.
იმედს ვიტოვებ – მალე, თუმცა მჯერა, აუცილებლად მოვა დრო, როცა ორივე მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს იმ ტანჯვისთვის, რისთვისაც 27 წლის გოგო გაიმეტეს. დანარჩენზე – მოგვიანებით…”,- წერს ჩაჩუა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავეს.
დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.
ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს: სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალები უკანონო შეძენა ან/და შენახვა); 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა ან/და შენახვა) და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა).
ნოდარ ჩაჩუასთვის წარდგენილი ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნოდარ ჩაჩუა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი იყო. მან ტელევიზია 2024 წლის ნოემბერში დატოვა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსვლის მიზეზად ასახელებდა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი და არხის მენეჯმენტის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
ნოდარ ჩაჩუა 2018 წლის მაისშიც იყო დაკავებული, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჩაჩუამ განაცხადა, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა და მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა.
