ახალი ამბები

“მთავრობამ საცხოვრისის პოლიტიკის გეგმის შემუშავების ვალდებულება არ შეასრულა” – ღია საზოგადოების ფონდი

5 თებერვალი, 2021 • 736
“მთავრობამ საცხოვრისის პოლიტიკის გეგმის შემუშავების ვალდებულება არ შეასრულა” – ღია საზოგადოების ფონდი

“ღია საზოგადოების ფონდის” განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება არ შესრულდა.

ორგანიზაციის განცხადებით, პანდემიის პერიოდმა მკაფიოდ გამოკვეთა ადეკვატური საცხოვრისისა და ღირსეული ცხოვრების პირობების აუცილებლობა საზოგადოების ყველა წევრისათვის და იმ პერიოდში, როცა სახელმწიფოს მთავარი მოწოდება გახდა “დარჩი სახლში”, მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია თავზე ჭერი, ან ელემენტარული პირობა, იცხოვროს, იმუშაოს, დაისვენოს და თავი დაიცვას პანდემიის შედეგებისგან.

ფონდის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს მთავრობამაც არაორაზროვნად აღიარა ქვეყანაში მწვავედ არსებული უსახლკარობის პრობლემა და იქვე აღნიშნა, რომ “დღეს ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას”.

ორგანიზაციის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის სტრუქტურა მოითხოვს, რომ აღებული ვალდებულებები ეტაპებად დაიყოს და თითოეულისათვის განისაზღვროს შესრულების ვადები.

განცხადების ავტორების თქმით, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ბოლო ვადად მთავრობამ 2020 წლის დეკემბერი განსაზღვრა.

“2019 წლის 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საცხოვრისის დოკუმენტაციის შექმნისა და დამტკიცების ვალდებულების შესასრულებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის დასახმარებლად ასევე დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, დარგის პროფესიონალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებით.

მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საკითხი მათთვის მოულოდნელად კომპლექსური გამოდგა. შესაბამისად, კომისიის მუშაობა არცთუ ეფექტური და აქტიური აღმოჩნდა. სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს, 2019 წლიდან დღემდე სულ ოთხჯერ შეიკრიბა. სამუშაო ჯგუფის ბოლო საქმიანობა, ჯგუფის წევრების მიერ უსახლკარობის პრობლემის ანალიზის დოკუმენტის კომენტირებით შემოიფარგლა, რომელიც 2020 წლის თებერვლის თვეში განხორციელდა. მას შემდგომ ჯგუფის საქმიანობას რაიმე აქტიური მსვლელობა არ მისცემია კომისიის მხრიდან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მუშაობის გასააქტიურებლად, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტმა შექმნა საპარლემენტო მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა უსახლკარობის პრობლემა და საქართველოს მთავრობას საკითხზე დროული და ქმედითი რეაგირება მოსთხოვა.

თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, “ღია საზოგადოების ფონდის” განცხადებით, 2020 წლის დეკემბერში მთავრობას ამოეწურა ვადა საცხოვრისის პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საერთაშორისო აქტებისა და საქართველოს კონსტიტუციის გარანტიების მიღმა, უსახლკარობის პრობლემის გადაუჭრელად დატოვებით, სახელმწიფო მის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვადლებულება, გაააქტიუროს კომისიის საქმიანობა და შეიმუშაოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი საცხოვრისის პოლიტიკის დამდგენი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი