საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო იცვლის სახელს, სტატუსს და სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ყალიბდება

29 დეკემბერი, 2023 •
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო იცვლის სახელს, სტატუსს და სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ყალიბდება

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ქსელის ნაწილია, 2024 წლიდან სახელს იცვლის და სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ყალიბდება. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფონდი ავრცელებს. ნეტგაზეთი ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


თითქმის 30 წელია, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს. 2024 წლიდან გუნდი პრიორიტეტულ საქმიანობას უცვლელი მისიითა და ღირებულებებით, თუმცა განახლებული სტატუსითა და სახელით განაგრძობს. ბოლო ორი წლის მანძილზე ღია საზოგადოების ფონდების გლობალურ ქსელში მიმდინარე სტრუქტურული, მენეჯერული თუ გეოგრაფიული ცვლილებების პარალელურად, ფონდი სრულად ადგილობრივ ორგანიზაციად ყალიბდება, თუმცა რჩება გლობალური ქსელის პარტნიორად რეგიონში.

ჩვენი საგრანტო დაფინანსება კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის. შემდეგი წლიდან, უკვე სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF) სახელით გავაგრძელებთ იმ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი ხმებისა თუ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განაგრძობს საქმიანობას როგორც პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვის, საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან. ფონდი რჩება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მამოძრავებელ ძალად, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ფხიზლად დგას კორუფციის, ჩაგვრისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

განახლებული ფონდის მდგრადობას სრულად უჭერს მხარს ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელი. ამასთან, ფონდი ახლაც წარმატებით ახორციელებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს და ღიაა სხვა დონორებთან თანამშრომლობისთვისაც.

….

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი 1994 წლიდან იყო ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელის ნაწილი. საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართველი მეცნიერების საქმიანობის გაძლიერებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვით დაიწყო.

აღსანიშნავია ფონდის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიული ცვლილებების თვალსაზრისით. ფონდი საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდა ომის, სოციალური ძვრებისა თუ COVID-19 პანდემიის დროს. ფონდს დიდი წვლილი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი რეფორმების წინსვლაში, მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში.

ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში დაარსდა პირველი ბავშვთა ჰოსპისი პალიატიური მზრუნველობისთვის, შენარჩუნდა არაერთი საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი, მხატვრობა თუ ფრესკები; შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური. ჩატარდა ბევრი კვლევა, გამოიცა სახელმძღვანელოები და წიგნები. საქმიანობა დაიწყეს დღეისთვის წამყვანმა ონლაინ თუ რეგიონულმა მედიაორგანიზაციებმა. სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა ათასობით ახალგაზრდა და პროფესიული ჯგუფი.

თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების, ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

ფონდის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ → www.osgf.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი