ახალი ამბები

20 ივნისის დაზარალებულები და დაგვიანებული მკურნალობა

4 თებერვალი, 2021 • 1430
20 ივნისის დაზარალებულები და დაგვიანებული მკურნალობა

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ საჭიროებენ უცხოეთში მკურნალობის კურსის გაგრძელებას, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აღარ ეხმარებიან.

ასეთ ადამიანებს შორის არიან მაკო გომური, კობა ლეთოდიანი, გიორგი სულაშვილი. გომურმა და სულაშვილმა აქციაზე თვალი დაკარგეს, ლეთოდიანს კი მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სრული უსინათლობა ემუქრება.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მაკო გომურის საჯარო განცხადებამდე არცერთ უწყებას არ უპასუხია, სამინისტრო კი დაპირებას იძლევა, რომ სიტუაცია გამოსწორდება.

რას ყვებიან დაზარალებულები?

20 ივნისს დაზარალებულთა ამბავმა აქტუალობა დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მაკო გომურმა საჯარო მიმართვა დაწერა. გომურმა აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საჭირო მკურნალობა ბოლომდე კი ამ დრომდე ვერ მიიღო.

ვრცელ განცხადებაში გომური ყვება, რომ მას შემდეგ, რაც გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, თანამდებობა დატოვა, მას არავინ შეხმიანებია. დაზარალებულები საუბრობენ, რომ სწორედ ეს უწყება იყო მათთან კომუნიკაციაში ჩართული უცხოეთში მკურნალობის პროცესში.

ბოლოს ის გერმანიაში, სადაც აუცილებელი მკურნალობა უტარდება, არჩევნებამდე, 6 სექტემბერს იყო. გომური იხსენებს, რომ ექიმებმა მალევე, 4-5 თვეში უკან დაიბარეს, თუმცა ბოლო 1 თვეა  „ჰაერშია გამოკიდებული“.

„ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.

მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწიბურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით, კი ან არა“, -წერს მაკო გომური.

ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა.

დავიწყეთ.

20 ივნისის მერე ნიუ…

Posted by მაკო გომური on Wednesday, 3 February 2021

მსგავს პრობლემაზე ნეტგაზეთთან საუბრობს გიორგი სულაშვილი. გომურის მსგავსად, აქციის დაშლისას თვალი სულაშვილმაც დაკარგა. ამასთანავე, ბოლო პერიოდია, ოფიციალური პასუხი არ მიუღია და არ იცის, რა იქნება მომავალში.

„მე არჩევნებამდე ვიყავი გერმანიაში, გავიკეთე ოპერაცია და ჩავისვი პროთეზი. ახლა გერმანიაში უნდა ვიყო და ვიკეთებდე ოპერაციას. რაც თალაკვაძე გადააყენეს, იმის შემდეგ ვრეკავ ყველგან, მაგრამ არავის არაფერზე პასუხი არ აქვს.

როგორც ვიცი, დღეს დაურეკეს მაკო გომურს.. აქამდე არავინ იცოდა, ვინ იყო მოვალეობის შემსრულებელი [თალაკვაძის] და რაკი ჩვენ ვერაფერი გავარვკიეთ ვერც „ქართუ ფონდთან“ [რომელიც აფინანსებდა მკურნალობის ნაწილს], ვერც სამინისტროებთან, ავდექით და გადავყწვიტეთ, რომ ხმამაღლა გვესაუბრა ამ პრობლემაზე“, – გვიყვება სულაშვილი.

ის განმარტავს, რომ სამინისტროს ცხელ ხაზს გუშინაც დაურეკა და ჩააწერინა თავისი და მაკო გომურის ნომერი – „სავარაუდოდ, მეც დამირეკავენ“.

გიორგი სულაშვილი დასძენს, რომ გერმანიაში ახლა თვალის ჭრილის კორექტირების ოპერაცია უნდა ჩატარდეს – „რათა ვიზუალურად გამოსწორდეს“.

„ყოველი დაგვიანებული დღე სიბრმავისკენ გადადგმული ნაბიჯია“ – კობა ლეთოდიანის შვილი

კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, ერთ-ერთია 20 ივნისს დაზარალებულებს შორის. მას აქციის დაშლისას მეორე თვალი დაუზიანდა, რის გამოც ამ დროისთვის ვერც ერთი თვალიდან ვერ ხედავს.

„მამაჩემს სჭირდება კონსულტაცია.. შარშან თებერვალში ვიყავით ბოლოს ისრაელში და იქ პროფესორმა 6 თვეში დაგვიბარა. ოპერაცია რომ გაუკეთეს 2019 წლის ივლისში, ჩაუდგეს სილიკონი ბადურის უკან, რომელიც ამ ბადურას ამაგრებს. ბადურა არ უნდა ჩამოიშალოს, რასაც დიდი დრო სჭირდება, შეიძლება წლები დასჭირდეს გამაგრებას.

საჭიროა, რომ ყოველ 6-7 თვეში ერთხელ პროფესორმა სილიკონის მდგომარეობა შეამოწმოს. ეს პროცედურა სჭირდება მამაჩემს, უნდა წავსულიყავით აგვისტოში..“, – გვიყვება ნათია ლეთოდიანი.

ის იხსენებს, რომ მაშინ, როცა ავთანდილ თალაკვაძე ჯერ კიდევ იკავებდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას, ამბობდა, რომ პანდემიის გამო ლეთოდიანს ისრაელში სახელმწიფო ვერ გაუშვებდა.

„ამ დროს ფრენები იყო ისრაელის მიმართულებით ჩვეულებრივად. ჩვენ დავუკავშირდით თელავივში საკონსულოს, სადაც გვითხრეს, რომ ისრაელიც და კლინიკაც მზად იყო ჩვენს მისაღებად. უბრალოდ, ერთი წერილი სჭირდებოდათ აქედან, ქვეყანას რომ პაციენტები მიეღო. ეს არ გააკეთეს, იმიზეზებდნენ პანდემიას, თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ იყო. კლინიკა და ისრაელი დღემდე მზადაა, რომ მიგვიღონ“.

ჩვენს კითხვაზე, მაკო გომურის განცხადების მერე, ხომ არ დაკავშირებია მათაც სახელმწიფო უწყების რომელიმე წარმომადგენელი, ნათია ლეთოდიანი ამბობს, რომ მას ჯანდაცვის სამინისტროდან დღეს დაურეკეს.

„დღეს დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან, ალექსანდრე კალანდიამ დამირეკა, რომელიც დანიშნულა ავთო თალაკვაძის მაგივრად. მან მითხრა, რომ მოვაგვარებ ამ თემასო.. მე ვკითხე, აქამდე, სანამ საჯარო პოსტი არ გამოაქვეყნა და ტელევიზიები არ დაინტერესდნენ, რატომ არ მოხდა-მეთქი. მე სხვაგან ვმუშაობდიო. ეტყობა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის ქვეყანაში ხალხს თვალებს თხრიან“,- გვიყვება ნათია ლეთოდიანი.

„ყოველი დაგვიანებული დღე იმის შანსის გაზრდაა, რომ მას მზერა არ დაუბრუნდეს. არ ვიცი, რას მეტყვის ექიმი. ხვალაც რომ წავიდეთ, შეიძლება მითხრას – „იცით, რა? დაგვიანებულია, ბადურა უკვე ჩამოიშალა“, არადა, ბადურის გადანერგვა მსოფლიოში ჯერ არსად ხდება. ამიტომ არის ეს ყველაფერი სარისკო და მნიშვნელოვანი – ბადურა რომ შენარჩუნდეს და გამაგრდეს. თავიდანვე გვითხრეს, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, არ ვიცით, ეს როდის მოხდება. პროფესორმა მე აგვისტოში დამიბარა, ყოველი დაგვიანებული დღე სიბრმავისკენ გადადგმული ნაბიჯია,“

საუბრის ბოლოს ნათია ლეთოდიანი გვიყვება, რომ კობა ლეთოდიანსთვის პროკურატურას დღემდე არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი. სტატუსის მინიჭებაზე საქმე სასამართლოში განიხილება, მათ უფლებებს კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

სახელმწიფომ არ აანაზღაურა მისი ბრალით გამოწვეული ზიანი – საია

ნეტგაზეთთან 20 ივნისის დაზარალებულთა შესახებ ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმაც.

იურისტი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებულთა სრულ კომპენსაციაზე უარის თქმა უპირველესად მიანიშნებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მისი ვალდებულებების მიმართ.

საია ორგანიზაციაა, რომელიც 20 ივნისს დაშავებულ არაერთ ადამიანს იცავს. სიმონიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მათ ნაწილს სახელმწიფომ გარკვეული სამედიცინო პროცედურები დაუფინანსა, თუმცა ეს დახმარება „სახელმწიფოს ერთჯერად ნებას ვერ გასცდა და საჭიროებებზე არ იყო მორგებული“.

საჭიროებები კი დაზარალებულს მხოლოდ ერთჯერადი არ ჰქონია. თუნდაც მაკო გომურის მაგალითზე სიმონიშვილი განმარტავს, რომ მას მეორეული და შემდგომი ჩარევაც დასჭირდა, რაც ასევე დასაფინანსებელია.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სრულყოფილ რეაბილიტაციაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სრულყოფილ კომპენსაციაზეც. ამ შემთხვევაში, ჯერ ერთი ის, რაც მას ესაჭიროება, რა ზიანიც მიადგა მას, ამის ანაზღაურება უნდა მოხდეს, მკურნალობის ხარჯი სრულად უნდა იყოს ანაზღაურებული.

და ასევე, ის საჭიროებები, რაც მას შემდგომ დაუდგება, ამაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. სახელმწიფოს ერთჯერადი კომპენსირების შემდეგ.. არაფერი. დღეს ვნახეთ, რომ ადამიანს სხვა საჭიროებები დაუდგა და ერთჯერადად ინტერვენცია ამ ამბავს არ შველის და, რა თქმა უნდა, საჭიროებები სცდება მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთჯერად ჩარევებს. ეს ვერ ჩაითვლება სრულყოფილ კომპენსაციად და რეაბილიტაციად“, – ამბობს სიმონიშვილი.


ნეტგაზეთის კითხვაზე, მსგავსი დამოკიდებულება სახელმწიფოს რა პოზიციაზე მიანიშნებს, სიმონიშვილი გვპასუხობს, რომ ეს აჩვენებს მის დამოკიდებულებას საკუთარი ვალდებულებების მიმართ.

„სახელმწიფომ, ფაქტობრივად, არ იტვირთა, ერთი მხრივ, თავისი, როგორც სოციალური გარანტის როლი და მეორე ის, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მისი ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სრულყოფილ ანაზღაურებას სახელმწიფო ამ ეტაპზე თავიდან ირიდებს. ამ ადამიანებმა თვალი დაკარგეს იმის გამო, რომ რეჟიმის ნასროლი ტყვიები მოხვდათ.

ფართოდ რომ შევაფასოთ ეს საკითხი, მარტო იმაზე არ უნდა ვისაუბროთ, ამ ადამიანებს ფულადი კომპენსაცია მისცეს თუ არა, უხდიან თუ არა სამედიცინო საჭიროებებისთვის გათვალისწინებულ თანხას – აქ ასევე უნდა შევხედოთ იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ ადამიანების უფლებების დაცვისთვის და რეაბილიტაციისთვის“.

ნიკა სიმონიშვილი ასევე გვიხსნის, რომ დაზარალებულთა რეაბილიტაცია ნიშნავს არა მხოლოდ ფინანსურ და სამედიცინო კომპენსაციას, არამედ – „ამ ადამიანებს აქვთ მორალური და ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ისინი, ვინც,ეს ჩაიდინა, დაისაჯონ. და მათ მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი“.

„სახელმწიფო დღემდე ბევრი დაზარალებულის შემთხვევაში თავს არიდებს იმას, რომ მათ შესაბამისი სტატუსი მიანიჭოს. მაკო გომურსაც თუნდაც, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები. ფაქტობირვად, ძალით გვიწევს მივაღწიოთ იმას, რომ ამ ადამიანებმა დაზარალებულის სტატუსი მიიღონ.

სახელმიფწოს არ სურს, ამ ადამიანების დაზარალებულად ცნობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი საკუთარი ბრალეულობა არ გამოჩნდეს.

სახელმწიფოს არ სურს იმის აღიარება, რომ ეს ადამიანები აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ… სახელმიწფო აქციის დროს ეფექტურ კონტროლს უნდა ახორციელდებს, თუ ამ ღონისძიებების დროს ვინმე დაშავდა. სახელმწიფოს მისი ღონისძიებები ეფექტურად არ გაუტარებია, თუ ეფექტურად არ გაუტარებია, მისი მუშაობა სრულყოფილი არ იყო. თუ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დაშავდა ვინმე, ეს ორმაგ ვალდებულებას ნიშნავს“, – ამატებს ნიკა სიმონიშვილი. 

დახმარება გაგრძელდება, დაგვიანებას შევისწავლით – ჯანდაცვის სამინისტრო

მაკო გომურის საჯარო განცხადების შემდეგ სიტუაციის გამოსწორების დაპირება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გასცა.

გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყებისთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ კი განმარტა:

„ის სერვისი, რომელიც მან მიიღო უცხოეთში, ასევე, ქვეყანაში, სრულად დაფინანსდა სამინისტროს სახსრებით. დღევანდელი მდგომარეობით თუ მას აქვს ჯანმრთელობის საჭიროება, ესეც ასევე სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს პასუხისმგებლობით. საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება აუცილებლად მასთან კომუნიკაციაში, ისევე, როგორც ამ კომუნიკაციისთვის მზად არის მინისტრი, მზად ვარ მე და ასევე ყველა ის თანამშრომელი, ვინც შესაძლოა ჩაერთოს მისი ჯანმრთელობის მოგვარების საკითხში“ ,- აცხადებს თამარ გაბუნია.

ჟურნალისტების კითხვაზე, მაშინ რატომ იყო წყვეტა დაფინანსებასა და, შესაბამისად, მკურნალობაში, გაბუნია ამბობს, რომ „კონუნიკაციის ხარვეზებს“ სამინისტრო შეისწავლის.

„აქამდე რა კომუნიკაციის ხარვეზებზეა საუბარი, ამას უწყება შეისწავლის, მაგრამ ამ მომენტისთვის არანაირ შეფერხებას ჩვენ არ მოველით და ის, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხარეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხით, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაშია და ბოლომდე მივიყვანთ.

მე ვიცი, რომ არის სრული მზაობა და მობილიზაცია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე, საგანგებო მდგომარეობების მართვის სამსახურში, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ბოლომდე და ნებისმიერი სერვისი, დახმარება, რაც სჭირდება მაკოს, მიიღოს”,- აცხადებს ის.

ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მინისტრის მოადგილის კომენტარით გვეხელმძღვანელა. დამაზუსტებელ კითხვაზე, გაბუნიას სიტყვები გავრცელდება თუ არა ყველა დაზარალებულზე, უწყებაში გვითხრეს, რომ ვისაც მანამდე ეხმარებოდნენ, მათი დახმარება გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი