ახალი ამბებიკომენტარი

კულტურული გამოცდილება, როგორც პრევენცია: რატომ არ დამკვიდრდა ანტისემიტიზმი საქართველოში

4 თებერვალი, 2021 • 2018
კულტურული გამოცდილება, როგორც  პრევენცია: რატომ არ დამკვიდრდა ანტისემიტიზმი საქართველოში

ავტორი: ქეთევან კაკიტელაშვილი, ისტორიკოსი, კულტურის მკვლევარი

____________________

ჰოლოკოსტის გამოცდილებამ ადამიანებს ორი მნიშვნელოვანი რამ დაანახა: პირველი ის, რომ განსხვავებულის სიძულვილი და შეუწყნარებლობა დამანგრეველია არა მარტო მსხვერპლის, არამედ მოძალადისთვისაც და მეორე – დაუშვებელია გულგრილი და დაუდევარი დამოკიდებულება დისკრიმინაციისადმი, რადგან კატასტროფულ შედეგებს სწორედ ეს გულგრილობა იწვევს.

ჰოლოკოსტის გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურული გამოცდილება გარკვეულწილად იცავს  ანტისემიტური იდეოლოგიის დამკვიდრებისაგან.

საქართველოში ებრაელებისადმი დამოკიდებულების დომინანტური მოდელი მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართულ საისტორიო ტრადიციაში დამკვიდრებულმა ებრაელთა პოზიტიურმა რეპრეზენტაციამ. არ არის აუცილებელი, რომ ეს ფაქტები ისტორიულ ჭეშმარიტებას ასახავდეს. მთავარია, რომ ისინი დამკვიდრებულია საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში. თუ გავიხსენებთ ქართულ საისტორიო ტრადიციას, სწორედ ებრაელებთან არის დაკავშირებული გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე მოვლენები: წმინდა კვართის ჩამოტანა, საქართველოს გაქრისტიანება; პირველი ქრისტიანული ეკლესიის აშენება იქ, სადაც წმინდა კვართი იყო დაფლული ებრაელ ქალ სიდონიასთან ერთად. საგულისხმოა, რომ ბაგრატიონების სამეფო დინასტია ებრაული წარმოშობის მქონედ იყო მიჩნეული.

რაც შეეხება შუა საუკუნეების ქართულ სოციალურ და სამართლებრივ პრაქტიკას, ისტორიული დოკუმენტებით დასტურდება, რომ ებრაელები ინტეგრირებულნი იყვნენ ქართულ სოციალურ სტრუქტურაში.

ქართული სამართალი ებრაელების და ზოგადად, ინდივიდის უფლებებს განსაზღვრავდა მისი სოციალური სტატუსის და არა რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ებრაელებს რელიგიური ნიშნით არ ეკისრებოდათ დამატებითი გადასახადი, რაც აღსანიშნავი ფაქტია შუა საუკუნეებისათვის, როდესაც აღმსარებლობა განსაზღვრავდა ინდივიდის იდენტობასა და ხშირ შემთხვევაში, მის სოციალურ და სამართლებრივ სტატუსსაც.

ეს კულტურული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის იმპერიული მმართველობის დამყარების შემდეგ ქართველი ებრაელების სამართლებრივი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერიული კანონმდებლობა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ყველა სფეროში ზღუდავდა ებრაელთა უფლებებს. ამას დაერთო რუსეთში დამკვიდრებული ანტიებრაული კლიშეების კოპირება. სწორედ ამ დროს გავრცელდა საქართველოში ნეგატიური სტერეოტიპები ფულის მოყვარე, ცბიერი, „ჩარჩ-წურბელა“ ვაჭარი ებრაელისა. სიტყვამ – „ურია“ – დამამცირებელი კონოტაცია მიიღო.  ხალხში მყარად მოიკიდა ფეხი ცრურწმენამ, რომ ფესახის დღესასწაულის რიტუალისთვის ებრაელები ქრისტიანი ბავშვის სისხლს იყენებდენ. ამ სტერეოტიპებისა და ცრურწმენების დამკვიდრებას შედეგად მოჰყვა ებრაელთა დარბევები, დამცირების, ძალადობისა და შეურაცხყოფის ხშირი შემთხვევები.

თუმცა ყოფითმა იუდოფობიამ ვერ პოვა ინტელექტუალური მხარდაჭერა და არ გადაიზარდა თანმიმდევრულ ანტისემიტურ იდეოლოგიასა და ქმედებაში. შემაკავებელი როლი, სავარაუდოდ, იმ წინარე კულტურულმა გამოცდილებამ ითამაშა, რომელმაც განმსჭვალა მე-19-20 საუკუნეების მიჯნის ქართული ინტელექტუალური დისკურსი.

ქართველი ინტელექტუალები აკრიტიკებდნენ ებრაელთა უფლებრივ დისკრიმინაციას და სტერეოტიპიზაციას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ებრაელები, როგორც სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, ინტეგრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ამ პერიოდში იწყებს დამკვიდრებას ტერმინები ებრაელი და ქართველი ებრაელი, რომელებიც ღირსებისა და თანასწორობის გამომხატველი იყო.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ქართული საისტორიო მასტერ ნარატივიც, რომელმაც ასახა შუა საუკუნეების მატიანეების ტრადიცია ებრაელთა როლის შესახებ ქართლის გაქრისტიანების საქმეში. დაბოლოს, ამავე დროს გაჩნდა ქართველებისა და ებრაელების 26- საუკუნოვანი მეგობრობის კონცეფცია. ყოველივე ამან აზროვნებისა და ქცევის ერთგვარი სტანდარტი დააწესა. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ეს კულტურული ნიმუში დღემდე განსაზღვრავს ებრაულ დისკურსს საქართველოში.

ვფიქრობ, რომ დღესაც, როდესაც პერიოდულად ჩნდება ანტისემიტიზმის გამოვლინებები, ქართულ კულტურულ კონტექსტში არსებული წნეხი ისევ ეფექტურად ამუშავდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, იუდოფობიური განწყობები მოდუნების უფლებას არ აძლევს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, რადგან ეს ფაქტები მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია ზოგადად არსებული პრობლემისა, რაც განსხვავებული იდენტობების მქონე ადამიანების შეუწყნარებლობის სახით ვლინდება საქართველოში.

რა თქმა უნდა, ისტორიულად და დღესაც, შეიძლება მოიძებნოს დისკრიმინაციის უფრო ხშირი და მძიმე შემთხვევები სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს ჩვენი საზოგადოების პრობლემას. პირველ რიგში იმიტომ, რომ დისკრიმინაციის თითოეული მსხვერპლის ტრაგედიას არ ამსუბუქებს სტატისტიკური მაჩვენებლები. და მეორე, შეუწყნარებლობის სიმძიმეს განსაზღვრავს არა მსხვერპლის ოდენობა, არამედ ის, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი თავს პრივილეგირებულად და უფლებამოსილად მიიჩნევს, რომ სხვა, მისგან განსხვავებულ ადამიანებს წაართვას თავისუფლების, ღირსების, სიცოცხლის, ადამიანად ყოფნის უფლება. ჰოლოკოსტიც სწორედ ამას ნიშნავს.

_____________________________

მასალების გადაბეჭდვის წესი