ახალი ამბები

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა

27 იანვარი, 2021 • 945
27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა

27 იანვარს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

გამოცემა Times of Israel იუწყება, რომ პანდემიის პირობებში ფართომასშტაბიანი შეკრებები ონლაინ-ღონისძიებებმა ჩაანაცვლა.

ამ თარიღს ტვიტერზე გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში:

Times of Israel-ის თანახმად, ზოგიერთმა სათემო ორგანიზაციამ წელს 27 იანვრის თემად აირჩია 1.5 მლნ-ზე მეტი ებრაელი ბავშვის მოგონება, რომლებიც ნაცისტურმა გერმანიამ სასტიკად ამოხოცა.

როგორც იგივე გამოცემა წერს, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჰოლოკოსტის ხსენების წლევანდელ დღეს სათემო ორგანიზაციები ამახვილებენ ყურადღებას, გენოციდის უარყოფაა, რომელიც ანტისემიტიზმთან ერთად მსოფლიოში სხვადასხვა ფორმით კვლავ მძვინვარებს.

ჰოლოკოსტი 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული სისტემური, მასობრივი გენოციდია. ჰოლოკოსტს 6 მლნ-ზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა.

1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 76 წელი გავიდა.

2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომლითაც დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ამავე რეზოლუციამ დაგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრული ან ნაწილობრივი უარყოფა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, ჰოლოკოსტის უარყოფა არ არის სიტყვის თავისუფლებით/ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული. ასეთი გადაწყვეტილება არაერთ საქმეზე აქვს სტრასბურგის სასამართლოს მიღებული, მათ შორის გერმანიის მოქალაქის, უდო პასტურსის საქმეზე.

გამოცემა „ბლუმბერგის“ თანახმად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ანტისემიტიზმი ევროპაში კვლავ მძლავრობს.

ნახეთ ასევე:

 

ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი