ახალი ამბები

200-ლარიანი დახმარებები ბანკების ნაწილმა გაქვითა | ადამიანის უფლებათა ცენტრი

3 თებერვალი, 2021 • 1868
200-ლარიანი დახმარებები ბანკების ნაწილმა გაქვითა | ადამიანის უფლებათა ცენტრი

ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩარიცხული 200-ლარიანი კომპენსაციები კონკრეტულმა ბანკებმა ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დასაფარად გაქვითეს.

“დახმარების თხოვნით მომართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების თანახმად, არიან კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულები და 2021 წლის იანვრიდან წარმოეშვათ 200-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.

ამ მოქალაქეების განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით, გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები”, – აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ორგანიზაციის განმარტებით, მთავრობის მიერ დაწესებული კომპენსაციები, კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება ყადაღას.

კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული – ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და კომპენსაციის ოდენობას.

მთავრობის ამ დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას); ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ აჭრის მოქალაქეებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო კვლავ პანდემიას ებრძვის, შედეგად კი გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის – კერძო სამართლის იურიდიული პირები სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმიერად უნდა უდგებოდნენ.

ორგანიზაცია მოითხოვს, რომ:

  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი;
  • კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს.

კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების გასამკლავებლად მთავრობის მიერ შემოღებული 200- ლარიანი კომპენცაცია იმ პირებს ეძლევათ, რომელთაც პანდემიის დროს დაკარგეს სამსახური, ხოლო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან/და საშემოსავლო ისტორია გააჩნიათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა ორჯერ 6-6 თვით მიიღეს 200-ლარიანი დახმარება. ასევე ორჯერ გაიცა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომელიც თვითდასაქმებული პირებისთვის იყო განკუთვნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი