ახალი ამბები

„ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ“ — ადამიანის უფლებათა ცენტრი

22 მარტი, 2024 • 706
„ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ“ — ადამიანის უფლებათა ცენტრი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის დაკვირვებით და ინტერვიუების დროს სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ზოგიერთ აქციაზე, სავარაუდოდ, დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე და ორგანიზატორებზე თვალთვალი, რაც ეწინააღმდეგება შეკრების თავისუფლებას.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტის წინ პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა აქციის პერიმეტრზე შენიშნა ორი არაიდენტიფიცირებადი პირი, მამაკაცი და ქალბატონი, რომლებიც, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ აქციის მონაწილეებს – გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა. პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს და 2023 წლის 8-9 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამას – ბექა გრიგორიადისს.

„ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ ბექა გრიგორიადისი აპირებდა მედიისთვის განცხადების გაკეთებას, რომ იწყებდა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო მისი თვალთვალის მიზეზი. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ეს პირები იდგნენ ჯუმბერ ბაჩალიაშვილისა და ბექა გრიგორიადისის სიახლოვეს“ ,— ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოგვიანებით, მონიტორინგის დროს გადაღებული ფოტოების დეტალური გაცნობისას, მონიტორმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ უთვალთვალებდა აქციის მონაწილეებს, იმყოფებოდა პირველ გიმნაზიასთან შეკრებილ პოლიციელებთან ერთად.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, ეს გარემოება შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ბექა გრიგორიადისი, სავარაუდოდ, იყვნენ ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტები. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვინაიდან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორების ხელთ არ არის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა მონიტორინგის მოკლე ანგარიშის მიზნებისთვის, აქციის კონკრეტული მონაწილეების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება გონივრული ვარაუდის საფუძველზეა განხილული.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პრევენციული უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიცია უზრუნველყოფს შეკრებების, მანიფესტაციების თუ სხვა მასობრივი შეკრებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და  საკითხავია,  აღნიშნულ აქციაზე არსებობდა თუ არა გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროება და აუცილებლობა.

ორგანიზაციის განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას პროკურატურამ, სასამართლომ, ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომით:

„ამგვარი საგამოძიებო მოქმედებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესის დაცვით, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ,,გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს“ ,— ვკითხულობთ ანგარიშში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს:

საქართველოს პროკურატურას და ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს:

  •  შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეების მიმართ არ
    განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები, გარდა კანონით
    გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.
    საქართველოს საერთო სასამართლოებს:
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ნებართვის
    გაცემისას ან/და დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელების
    შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ეროვნული
    კანონმდებლობით და მსგავსი მოქმედებები დაუშვას მხოლოდ კანონით
    განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს:

  • ზედამხედველობა გაუწიოს აქციების მონაწილეებისა და ორგანიზატორების
    მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავარაუდო
    ფაქტებს და დარღვევების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიიღოს
    შესაბამისი ზომები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

ანგარიშის სრულად სანახავად, მიჰყევით ბმულს.

მასალების გადაბეჭდვის წესი