ახალი ამბები

ზურა ელიბაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

4 მარტი, 2024 • 1171
ზურა ელიბაშვილის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და საქართველოს დააკისრა დაზარალებულისთვის 12 000 ევროს გადახდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე – „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, მათ მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტური გამოძიების არარსებობაზე.

„საქმეზე – „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება.

სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად გაიზიარა გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია“ ,— ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თქმით, სასამართლომ საბოლოოდ დაასკვნა, რომ განმცხადებლის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ იყო ეფექტური, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ საკითხს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2016 წლის 1 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი (დაბადების გვარი – ხუციშვილი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ელიბაშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი – საჯარიმო ავტოსადგომზე, თავად ელიბაშვილი კი სამი დღის შემდეგ – 3 აგვისტოს მდინარე მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი:

„შემდეგ როგორც გაირკვა, 2016 წლის 1 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაედევნა ელიბაშვილის ავტომობილს. საპატრულო ეკიპაჟმა მის მიმართ დღემდე გაურკვეველი მიზეზით განახორციელა დევნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ზურა ელიბაშვილი გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაიქცა, უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები მდინარე მტკვრის ხევის მიმართულებით. ასე ქვეითად დადევნებიდან მცირე პერიოდში პატრულ-ინსპექტორები დაბრუნდნენ თავიანთ ავტომანქანასთან ისე, რომ არ დაადგინეს ზურა ელიბაშვილის ადგილმდებარეობა და არც სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, ხოლო 3 აგვისტოს ზურა ელიბაშვილი მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დევნის მონაწილე პირები გამოვლენილი და დადგენილია, რვა წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, ზურა ელიბაშვილის გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით, კვალიფიკაცია მხოლოდ 2020 წლის 10 აგვისტოს შეიცვალა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და ამავე კოდექსის 342 მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი).

მასალების გადაბეჭდვის წესი