ახალი ამბები

ჩინეთმა დაბლოკა გაეროს რეზოლუცია მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ

3 თებერვალი, 2021 • 720
ჩინეთმა დაბლოკა გაეროს რეზოლუცია მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ

ჩინეთმა დაბლოკა რეზოლუცია, რომლითაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უნდა დაეგმო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება. ჩამოგდებული ხელისუფლების წარმომადგენლების ადგილსამყოფელი, არმიის მიერ მათი დაპატიმრების შემდეგ, კვლავ უცნობია. პარალელურად, ჩნდება სამოქალაქო პროტესტის ნიშნებიც გადატრიალების წინააღმდეგ.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში ორშაბათს, პირველ თებერვალს მოხდა. ქვეყნის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. არმია არ ეთანხმება გასული წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებს, რომელიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ მოიგო.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა, რომელზეც მომხდარი უნდა დაეგმოთ, სამშაბათს გაიმართა. მცდელობა უშედეგოდ დასრულდა: ვეტოს უფლების მქონე ჩინეთმა შესაბამისი რეზოლუცია დაბლოკა. პეკინი მანამდეც აცხადებდა, რომ არ მიესალმება გარე ჩარევას მიანმარის საქმეებში და სანქციები მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას.

პროტესტის ნიშნები და პოლიტიკოსების უცნობი ადგილსამყოფელი

ამ დრომდე უცნობია, სად არის მიანმარის სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი, რომელსაც ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიიჩნევენ. ის არმიამ გადატრიალების დაწყებისთანავე დააკავა. უცნობია სხვა პოლიტიკოსების, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტის ადგილსამყოფელიც.

გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება არმიის მთავარსარდალს გადაეცა. სამხედროებმა  გადაყენებული მინისტრების ჩანაცვლება უკვე დაიწყეს: დანიშნეს 11 მინისტრი და მათი მოადგილეები. ამასთან, არმიამ შექმნა უმაღლესი საბჭო, რომელიც მთავრობაზე ზემდგომი ორგანო იქნება.

გადატრიალების პირველმა დღემ, სამხედროების გაძლიერებული პატრულირებისა და კომენდანტის საათის ფონზე, მშვიდად ჩაიარა, თუმცა სამშაბათის საღამოს პროტესტის პირველი ნიშნები გაჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, მიანმარის უდიდეს ქალაქ იანგონში მოქალაქეთა ნაწილმა სახლებიდან რკინის ჭურჭლის ხმაურით გააპროტესტა სამხედროების ქმედება.

ამავე ცნობების თანახმად, 70 საავადმყოფოსა და სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს. აქტივისტები  გადატრიალების წინააღმდეგ, მიანმარის ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით, სხვა აქტივობებსაც გეგმავენ.

არჩევნების საკამათო შედეგი – გადატრიალების წინაპირობა

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

ამ კვირაში პარლამენტის პირველი სესია უნდა გამართულიყო და მთავრობა დაეკომპლექტებინათ, რაც ვეღარ მოხდება.

საერთაშორისო გამოხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების აღდგენით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამხედროები უკან არ დაიხევენ და დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ. აღნიშნული სანქციები ვაშინგტონმა მხოლოდ გასულ ათწლეულში შეარბილა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დასრულდა და დემოკრატიული რეფორმები დაიწყო. თუმცა,შ ესაძლოა, სურათი ისევ შეიცვალოს.

მიანმარის გადატრიალება უკვე დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. რეგიონის სახელმწიფოებიდან მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთი, რომელიც შეეწინააღმდეგა საგარეო ჩარევას და მიანმარში ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა. კამბოჯამ, ტაილანდმა და ფილიპინებმა თქვეს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.

როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა სამხედრო ლიდერმა BBC-ის განუცხადა, არმიამ ისედაც იცის, რომ ვაშინგტონის სანქციები გარდაუვალია და “მათ ეს არ ადარდებთ”. მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას მოიმოქმედებენ რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი