ახალი ამბები

გადატრიალება მიანმარში: ბაიდენი ქვეყანას სანქციებით ემუქრება

2 თებერვალი, 2021 • 895
გადატრიალება მიანმარში: ბაიდენი ქვეყანას სანქციებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების აღდგენით ემუქრება სამხედრო გადატრიალების გამო. აღნიშნული სანქციები ვაშინგტონმა მხოლოდ გასულ ათწლეულში შეარბილა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო მმართველობა დასრულდა და დემოკრატიული რეფორმები დაიწყო. თუმცა სურათი, შესაძლოა, ისევ შეიცვალოს.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში ორშაბათს, პირველ თებერვალს მოხდა. ქვეყნის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. არმია არ ეთანხმება გასული წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებს, რომელიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ მოიგო.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ძალის გამოყენებით არასდროს უნდა შეიცვალოს “ხალხის ნება” და “სანდო არჩევნების შედეგები”. პრეზიდენტის თქმით, “შეერთებული შტატები ყოველთვის დადგება დემოკრატიის გვერდით, სადაც არ უნდა უტევდნენ მას”.

მიანმარის გადატრიალება უკვე დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. თუმცა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა სამხედრო ლიდერმა BBC-ის განუცხადა, არმიამ ისედაც იცის, რომ ვაშინგტონის სანქციები გარდაუვალია და “მათ ეს არ ადარდებთ”. მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას მოიმოქმედებენ რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა.

რეგიონის სახელმწიფოებიდან მომხდარს გამოეხმაურა ჩინეთი, რომელიც შეეწინააღმდეგა საგარეო ჩარევას და მიანმარში ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდა. კამბოჯამ, ტაილანდმა და ფილიპინებმა თქვეს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.

როგორ მოხდა გადატრიალება

ორშაბათს, დილის საათებში, სამხედროებმა ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ძალაუფლება არმიის მთავარსარდალს გადაეცემა. ქვეყანაში 1-წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. BBC-ის თანახმად, გადატრიალების მოთავეებმა უკვე ჩაანაცვლეს 11 მინისტრი და მათი მოადგილეები.

სამხედროებმა დააკავეს სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიიჩნევა. ასევე დაკავებულია მიანმარის პრეზიდენტი. პარტიაში “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის”, რომელიც ქვეყანას გადატრიალებამდე მართავდა, სამხედროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ორივე მათგანი შინაპატიმრობაშია, თუმცა ამის დამადასტურებელი ფოტომტკიცებულებები არ აქვთ.

გადატრიალების დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში შეწყდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტელეკომპანიების მაუწყებლობა, სატელეფონო კავშირები გაითიშა, ინტერნეტის მიწოდება კი შეფერხდა. მედიის თანახმად, კომუნიკაციები მიანმარში, დიდწილად, აღდგენილია.

დაკავებამდე დაწერილ წერილში აუნ სან სუ ჩიმ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, შეეწინააღმდეგონ სამხედროების ქმედებას. დიდი ქალაქების ქუჩებში, სადაც სამხედროების დიდი რაოდენობაა განთავსებული, ამ ეტაპზე სახალხო მღელვარება არ შეინიშნება.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოუწოდებს არმიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში, საუბარია 45 ადამიანზე.

არჩევნების საკამათო შედეგი – გადატრიალების წინაპირობა

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

ამ კვირაში პარლამენტის პირველი სესია უნდა გამართულიყო და მთავრობა დაეკომპლექტებინათ, რაც ვეღარ მოხდება.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი