ახალი ამბები

შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც კოვიდზე პირველი აცრები ჩატარდება – გამყრელიძე

2 თებერვალი, 2021 • 1570
შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც კოვიდზე პირველი აცრები ჩატარდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყერლიძის თქმით, უკვე შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც კორონავირუსზე აცრები დაიწყება.

მთავრობის ადმინსიტრაციის ინფორმციით, დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გაიმართა ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოვაქს პლატფორმით ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს, რომელიც ორჯერ გაკეთდება და დაახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა.

ამ შეხვედრაზე გამყრელიძემ თქვა, რომ მონაცემთა შეგროვება უკვე მიმდინარეობს და ამ დილისთვის უკვე ატვირთულია 27 000 ადამიანის მონაცემები.

ვაქცინაციის ერვონული გეგმის თანახმად, ქვეყანაში პირველი უნდა აიცრას სამედიცინო პერსონალი. გამყრელიძემ თქვა, რომ დღეს საქართველოში 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, რომელთა 60%, ანუ 49 000 ადამიანი სახელმწიფომ წლის ბოლომდე უნდა აცრას.

რაც შეეხება ვაქცინას, როგორც მანამდე არაერთხელ ითქვა, მას სპეციალური, სამედიცინო მაცივარი სჭრიდება. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ჯანდაცვის სამინისტრომ შეარჩია დაახლოებით 10-მდე საავადმყოფო და 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ჩატარდება აცრები 40 ბრიგადის მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას, -70 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე, ქუთაისსა და ბათუმში.

ეს ვაქცინა უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია დაახლოებით 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები დაახლოებით 40 ბრიგადის მიერ.

თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით, ასევე, რეგისტრატორი, ვისაც შემდგომ შეაქვს პიროვნების მონაცემები იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი. შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა“, – ასე განმარტავს გამყრელიძე აცრის პროცესს.

მისივე თქმით, 3 კვირის შემდეგ თითოეულ ადამიანს მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება, მიეცემა სპეციალური ფორმა და დაბარებული იქნება, რომ ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება.  გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი  მომვლელი პერსონალი, და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა – 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის გეგმა: ვინ, როდის და სად აიცრება კორონავირუსზე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი