Interviewsახალი ამბები

როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს კოვიდთან ბრძოლაში – ინტერვიუ ელჩთან

3 თებერვალი, 2021 • 1818
როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს კოვიდთან ბრძოლაში – ინტერვიუ ელჩთან

იაპონიის ახალი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, თავის დიპლომატიურ მისიას უკვე შეუდგა.

„ნეტგაზეთთან” ინტერვიუს დროს მან ისაუბრა როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ისე იაპონიის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ და პროექტებზე, რომლებითაც ტოკიო თბილისს პანდემიის კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება. 

ინტერვიუ იაპონიის ელჩთან 29 იანვარს ჩაიწერა.

  • ბატონო ელჩო, თქვენი დიპლომატიური მისია საქართველოში სულ მცირე ხნის წინ დაიწყო. რა იმედები გაქვთ, რას ელით? 

პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ინტერვიუ. მე ბევრი იმედი და გეგმა მაქვს ჩემი ელჩობისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, მინდა, იაპონელები და ქართველები დავაახლოვო ერთმანეთთან. ამისთვის დავიწყე შეხვედრები ქართველებთან საქართველოში – ძალიან იგრძნობა მათი სტუმარმასპინძლობა და სიკეთე. ამ თვალსაზრისით დიდი კულტურული მსგავსებაა იაპონელ და ქართველ ხალხებს შორის.

გარდა ამისა, მინდა, ვესტუმრო რაც შეიძლება მეტ რეგიონს. საქართველო, შესაძლოა, გეოგრაფიულად არც ისე დიდი იყოს, მაგრამ ყველა რეგიონი ძალიან მრავალფეროვანია. მართალია, თბილისის გარდა არსად ვყოფილვარ კოვიდის გამო, მაგრამ ვიცი, რომ ყველა კუთხე უნიკალურია.

ახლა ვსწავლობ საქართველოს ისტორიას და აღმოვაჩინე, რომ უდიდესი ისტორია გაქვთ – ბევრად დიდი, ვიდრე ჩვენ. ამბობენ, რომ მილიონი წლის წინანდელია დმანისის ზეზვა და მზია. მაგრამ ამის გარეშეც – თქვენ ბერძნული მითოლოგიის ნაწილი ხართ, არგონავტებზე მითი, მაგალითად. ასე რომ, მინდა, ვესტუმრო ყველა რეგიონს და შევისწავლო ისინი. ამ ვიზიტებით მსურს, ურთიერთობა მქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

ასევე მინდა [საქართველოსთვის] გამოვყოთ ოფიციალური დახმარება გრასრუტების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც GGP-ს ვეძახით და ძირითადად რეგიონებში ვახორციელებთ. ვიმედოვნებ, ეს პროექტები საშუალებას მომცემს, თავად ვესტუმრო რეგიონებს და გავიცნო ადამიანები.

  • როგორ ფიქრობთ, რა უდევს საფუძვლად იაპონიისა და საქართველოს მეგობრობას?

პირველი მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი საზიარო ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები… ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სახელმწიფოს ქვაკუთხედია. 

გარდა ამისა, ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, ერთმანეთს ჰგავს. ვიტყოდი, რომ ორი ქვეყნის გარემოცვა არც ისე სტაბილურია – არის საფრთხეები, მცდელობები იმისა, რომ არსებული ვითარება შეიცვალოს. ამის გამო [ორივე ქვეყანა] ვღელავთ არსებულ სიტუაციაზე.

საქართველოს შემთხვევაში, ეს გარემოებები კიდევ უფრო გიბიძგებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე ვართ და გვაქვს მშვიდობიანი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის პოლიტიკა, რომელიც ინდოეთისა და წყნარი ოკეანის მიერ დაკავშირებულ რეგიონებს ფარავს.

თქვენ, თქვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აკავშირებთ აზიასა და ევროპას. ასე რომ, ბევრი საერთო გვაქვს და ეს არის მთავარი საფუძველი ჩვენი ურთიერთობისა. 

  • რახან საერთო მახასიათებლებს შევეხეთ, იქნებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ მსგავსებებსა და განსხვავებებზე ორ ქვეყანას შორის…

პირველ რიგში, ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორია და ტრადიციული კულტურა, თუმცა თქვენი[ისტორია] უფრო გრძელია. რა თქმა უნდა, ბევრი მსგავსებაა ეროვნულ ხასიათში.

არის იაპონური სიტყვა – ომოტენაში (ქართულად – სტუმარმასპინძლობა). ყველა ადამიანი, ვისაც შევხვდი, ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარეა – ძალიან ჰგვანან ჩვენს იაპონელ ხალხს. ისინი ყველა სტუმრის, მათ შორის, უცხოელების მიმართ, დიდი მეგობრულობით გამოირჩევიან.

სხვა მსგავსებები? როგორც ვთქვი, განგრძობითობა. 

საქართველოში ქვევრის ღვინო განასახიერებს ამ ყველაფერს – ის 8000 წელს ითვლის. ასეთი განგრძობითობა ძალიან საინტერესოა და ასევე ახასიათებს იაპონიას. მართალია, ჩვენ მოდერნიზება გავიარეთ და დემოკრატია დავამყარეთ, [თუმცა] ტრადიციებიც შევინარჩუნეთ – როგორიცაა იკებანა, ჩაის ცერემონია და ა.შ. 

ახლა კი განსხვავებები: ალბათ, ბევრი მსგავსებაა ღირებულებებში, მაგრამ გამოხატვაშია განსხვავება. ქართველები უფრო პირდაპირები არიან – თქვენ ემოციურები ხართ და ბედნიერებას თუ ბრაზს პირდაპირ გამოხატავთ. მაგრამ ამის შემდეგ, როგორც ქართველები მეუბნებიან – გადაგივლით ხოლმე ბრაზი. მალე თავისუფლდებით ემოციისგან. შეიძლება, ვცდებოდე…

იაპონიაში ემოციებს ასე პირდაპირ არ გამოვხატავთ. თავშეკავება იქ დადებით თვისებად მიიჩნევა – არ გამოხატავენ ემოციებს ასე პირდაპირ. სხვა ადამიანმა უნდა იგრძნოს, ამოიკითხოს თქვენი გრძნობები. ასე რომ, ქართველმა შეიძლება არ იგრძნოს, რომ იაპონელი გაბრაზებულია, მაგრამ, [რეალურად], შესაძლოა, ასე იყოს.

  • გადავიდეთ ეკონომიკური ურთიერთობებზე – რა ეტაპზეა ისინი და რა გამოწვევები არსებობს, რაც ხელს უშლის ამ ურთიერთობების გაფართოებას?

დღეს ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას იაპონიასა და საქართველოს შორის – ეს შეთანხმებები ძლიერ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის ინვესტიციების განვითარებისთვის, განსაკუთრებით იაპონიიდან საქართველოში; ასევე, ორმაგი დაბეგვრის შეთანხმება, რომელიც თავიდან აგვარიდებს როგორც ორმაგ დაბეგვრას, ისე – გადასახადების დამალვას.

ეს ყველაფერი გამჭირვალობას შეუწყობს ხელს და უფრო მეტ ბიძგს მისცემს იაპონურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ. ბევრმა იაპონელმა ბიზნესმენმა უკვე შენიშნა, რომ საქართველოში საინტერესო გარემოა ინვესტიციებისთვის – მსოფლიოში მეშვიდე ხართ ბიზნესის კეთების სიმარტივით – ეს მრავალ სხვა ქვეყანაზე ბევრად მაღალი მონაცემია. თქვენ ყოველწლიურად პროგრესი გაქვთ – ჩვენ ამას ვამჩნევთ. მაგრამ, როგორც ვთქვი, ქართული პოტენციალის შესახებ ცოდნა შეზღუდულია იაპონიაში. იმედი მაქვს, ეს ორი შეთანხმება იქნება ძლიერი სიგნალი კერძო სექტორისთვის.

ჩემი როლია, მეტი ბიზნესი დავაინტერესო, მეტის ყურადღება მივიპყრო საქართველოსკენ. მაგალითად, ინფრასტრუქტურა – საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, დააკავშიროს აზია და ევროპა. სწორედ ამიტომ, ვეხმარებით ქვეყანას, რომ მოდერნიზება მოახდინონ ინფრასტრუქტურაში. ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი.

მეორე მხრივ, რაც უფრო ვითარდება საქართველო, პროცესი გადადის ოფიციალური სამთავრობო დახმარებიდან კერძო სექტორის განვითარებისკენ. ასე რომ, უკვე დროა, კერძო სექტორმა დაიწყოს ინვესტირება თქვენს ინფრასტრუქტურაში. 

საინტერესოა ენერგეტიკის დარგი: გასულ წელს ერთ-ერთი წამყვანი იაპონური ენერგეტიკული კომპანიის, „ტეპკოს“ განახლებად ენერგიაზე მომუშავე ნაწილმა გადაწყვიტა ინვესტირება ქართულ ჰიდროსადგურში – ეს ძალიან კარგი ამბავია, განსაკუთრებით, კოვიდის პერიოდში, როდესაც სხვა ინვესტორები არც ისე მოტივირებული იყვნენ. მათ წილი შეისყიდეს.

დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინვესტიციები გაიზრდება, რადგან იაპონიამ დაისახა გეგმა 2050 წლისთვის იმოქმედოს გამონაბოლქვის აღმოფხვრისკენ და სრულად მწვანე ეკონომიკისკენ, მეტი განახლებადი ენერგიის გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, ჰიდრო. ამიტომ, იაპონური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ჰიდროენერგეტიკით. „ტეპკოც“ გამოიყენებს საკუთარ გამოცდილებას საქართველოში.

ასე რომ, ვიტყოდი: ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა ორი ძირითადი სფეროა, რომლებიც საინტერესოა საქართველოში ინვესტირებისთვის. 

  • ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ და იყო ინტერესი, მათ შორის, იაპონიის მხრიდან, დღეს გაყინულია. ანაკლიის პროექტს ვგულისხმობ. როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელი გადმოსახედიდან რეალურია მისი სრულყოფის პერსპექტივა?

როგორც ვთქვი, საქართველოს მივიჩნევთ დამაკავშირებლად ევროპასა და აზიას შორის. ეს მოიცავს არა მხოლოდ რკინიგზასა თუ გზატკეცილს, არამედ პორტებსაც. ამ მნიშვნელობის აღიარებით, იაპონიის მთავრობამ დააფინანსა შესაძლებლობების შესწავლა ანაკლიის პორტში, რაც მიუთითებს, თუ რამდენად სერიოზულად აღვიქვამთ ამას.

რა თქმა უნდა, მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ პორტის წარმატებით ოპერირებას სჭირდება დიდი მოცულობის ტვირთები, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს.

…ამიტომ საჭიროა, შემოვიყვანოთ არა მხოლოდ პორტის ინვესტორები, არამედ ინვესტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდ ტვირთბრუნვას – ლოჯისტიკური, მწარმოებელი კომპანიები – რათა ექსპორტი განახორციელოთ ევროპაში. დარწმუნებული ვარ, ამ კვლევის საფუძველზე, დისკუსია განახლდება. 

  • ვისაუბროთ განვითარების მხარდაჭერის ოფიციალურ პროგრამაზეც, რომელსაც იაპონიის მთავრობა ახორციელებს განვითარებადი ქვეყნების მიმართ. როგორია ამ პროგრამის ძირითადი ნიშან-თვისებები?

ჩვენ დავიწყეთ საუბარი ინფრასტრუქტურაზე, ორჯერ გავეცით დიდი სესხი საქართველოსთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის. ეს პროექტები თითქმის დასრულებულია და იმედი გვაქვს, კიდევ განვითარდება. 

ასევე ვცდილობთ, “გრასრუტების პროგრამის” ფარგლებში სოფლის ტიპის დასახლებებისთვის გამოვყოთ დაფინანსება რიგ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებები. საქართველოს რეგიონებში პრობლემებია ამ მიმართულებით და მცირე პროექტმაც შეიძლება დიდი შედეგი მოიტანოს. მაგალითად, სკოლის ან ბაღის აშენება, ან სკოლების აშენება შშმ პირებისთვის… გვინდა, ისინი თანაბრად მონაწილეობდნენ საზოგადოების ცხოვრებაში. 

ასევე, ჩვენ ვეხმარებით დევნილებს ოკუპაციის ხაზთან. გუშინ გადავეცით საქართველოს 4 რეანიმობილი, რომლებიც აღჭურვილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტექნიკით. მათგან ერთ-ერთი მიემართება ზუგდიდისკენ – ქალაქისკენ, რომელიც ყველაზე ახლოს არის ოკუპირებულ აფხაზეთთან.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვმუშაობთ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ვთანამშრომლობთ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ცხადია, ვღელავთ აფხაზეთის მოსახლეობაზე, მათ ჯანმრთელობაზე, ასე რომ, თუ გადაწყვეტენ, გამოაგზავნონ პაციენტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენი რეანიმობილები სასწრაფო ტრანსპორტირებაში დაეხმარება მათ. 

  • რადგან ჯანდაცვის მიმართულებას შეეხეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ პანდემიის კრიზისზე, რომლის გამოც საქართველო არაერთ მწვავე პრობლემას წააწყდა. მკითხველს, სავარაუდოდ, დააინტერესებს, როგორ აგვარებს იაპონია ამ კრიზისს?

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში. ყველა სახელმწიფო მსგავსი გამოწვევის წინაშეა. ვითარება განსხვავებულია სახელმწიფოების მიხედვით. ჩვენს შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა მეორად გამოცხადდა იანვარში, 3 კვირის წინ. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა საავადმყოფოები კვლავაც დატვირთულია მძიმე პაციენტებით. ვიმედოვნებთ, მწვავე შემთხვევები შემცირდება შეზღუდვებთან ერთად.

ასევე მნიშვნელოვანია ბალანსი პანდემიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის: ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ. საქართველოს მთავრობაც და იაპონიის მთავრობაც ცდილობენ ამ ბალანსის დაჭერას.

  • მიმდინარე კვირებში საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობს ზომების შემსუბუქებაზე. ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა მიზანშეწონილია იმ ფონზე, როცა ციფრები მცირდება. იაპონია როგორ აგვარებს ამ საკითხებს?

იაპონიაში ვითარება ოდნავ განსხვავებულია, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის იანვარ-დეკემბერში [ეს რიცხვები] გაიზარდა. 

ჩვენ არ გაგვიჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე ვიყენებთ ტელე-განათლებას უნივერსიტეტებში, მაგრამ სკოლები არ დაგვიხურავს.

ჩვენი შეფასებით, იაპონიაში ინფიცირების ყველაზე დიდი წილი მომდინარეობს რესტორნებიდან და ბარებიდან. ასე რომ, გადავწყვიტეთ, სწორედ მათი მუშაობა შევზღუდოთ – 20:00 საათის შემდეგ რეკომენდაციაა, დაიხურონ. ამის ხარჯზე ციფრები მცირდება. 

  • ადამიანები საქართველოში განსაკუთრებით ელიან პასუხებს ვაქცინებზე. იაპონიაში როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? როგორ ემზადებიან ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობები ვაქცინაციისთვის?

იაპონიის პრემიერმა სუგა იოშიჰიდემ დანიშნა მინისტრი ვაქცინაციის საკითხებში. ის არის ქვეყნის ყოფილი საგარეო მინისტრი, ბატონი კონო ტარო, რომელიც საქართველოს 2018 წელს ეწვია. ამჟამად, ვაქცინაციის მინისტრის რანგში, ის აქტიურად არის ჩართული მოსამზადებელ სამუშაოებში.

მინისტრის ხელმძღვანელობით განხორციელდა სატესტო პროექტი, რაც გულისხმობს ტოკიოსთან ახლომდებარე ქალაქებში ვაქცინაციის მოდელირებას. ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, მაგრამ იქამდე უნდა მოვემზადოთ. უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვმართოთ პროცესი. ეს ქალაქი გამოვიყენეთ სატესტოდ – რეალურ ვაქცინას არ ვიყენებთ, თუმცა, ასე ვთქვათ, „გავივარჯიშეთ“ ვაქცინაციაში.

გარდა ამისა, ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს ადგილობრივ ხელისუფლებებთან – სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი ვაქცინაციის ორგანიზებაზე ადგილობრივ დონეზე. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

გარდა ამისა, შესყიდვებია მნიშვნელოვანი ყველასთვის: ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყველა ძირითად მწარმოებელთან მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პროცესს სამედიცინო პერსონალიდან დავიწყებთ: ეს პრიორიტეტული ჯგუფია, ვინაიდან კოვიდ პაციენტებთან მუშაობს. გარდა ამისა, უფრო ასაკის ადამიანები და ასე შემდეგ.

მაგრამ, ასევე მინდა ვთქვა საერთაშორისო თანამშრომლობაზე – კოვაქსის პლატფორმისთვის გამოვყავით თანხა. ეს პლატფორმა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მართავს, განვითარებად ქვეყნებს ეხმარება ვაქცინის მოპოვებაში. დღეს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი კოვაქსის მხარდასაჭერად – ეს თანხა დაიხარჯება ვაქცინის მოსაპოვებლად საქართველოსთვისაც. ეს კარგი ამბავია. ვფიქრობ, მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების სამართლიანი განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვუჭერთ [კოვაქსს] მხარს. 

  • ხომ არ აპირებს იაპონია განახორციელოს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვაქცინებს პირდაპირ უწილადებს საქართველოს ტიპის ქვეყნებს?

ახლაც ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ როგორ მოვიპოვოთ საკმარისი დოზა ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, ხელშეკრულება გვაქვს დადებული ყველა ძირითად მწარმოებელთან, მაგრამ არის სხვა უამრავი ორგანიზაციული გამოწვევა – ასე რომ, ჯერ ცოტა ადრეა ვისაუბროთ სხვა ქვეყნებთან საერთო პროექტებზე.

მაგრამ ჩვენი დაფინანსება კოვაქსისთვის არის საუკეთესო გამოსავალი საქართველოსა და მსგავსი ქვეყნებისთვის, იმისათვის, რომ მეტი ვაქცინა მიეწოდოს მათ.

  • ასევე მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომლებსაც იაპონია საქართველოსთვის ახორციელებს უშუალოდ კოვიდთან ბრძოლის კუთხით. როგორც ვიცით, რამდენიმე ასეთი პროექტი არსებობს. კონკრეტულად რაზეა საუბარი?

გვაქვს სამი სხვადასხვა პროექტი: შევთანხმდით, რომ საქართველოს მივაწოდებთ 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას. მეორე არის აზიის განვითარების ფონდის მეშვეობით დაფინანსებული პროექტი და ასევე განკუთვნილია ქართული ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო აღჭურვისთვის. სამინისტრო ახლა ახორციელებს შესყიდვებს.

ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი სფეროა მცირე საგრანტო დახმარება. ერთ-ერთი გულისხმობს ნიქოზის ამბულატორიის სამედიცინო აღჭურვას. ეს არის სოფელი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან, 400 მეტრში საოკუპაციო ხაზიდან. პროგრამა დაეხმარება ადამიანებს, ვისაც არ აქვს ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებასთან.

ასევე გვაქვს რეანომობილების პროგრამა, რომელიც უკვე ვახსენე. 

  • რა რეკომენდაციებს მისცემდით ქართულ ბიზნესს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და სხვებს: რა შეუძლიათ გააკეთონ, რათა მეტად მიიპყრონ იაპონიის ყურადღება ინვესტიციების, კულტურათა დიალოგის, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მიმართულებებით?

შემიძლია, გითხრათ იაპონიის გამოცდილების მაგალითზე:

პირველი – განათლებაა პრიორიტეტი.

იაპონიას არ აქვს არანაირი ბუნებრივი რესურსი – ერთადერთი რესურსი, რაც გვაქვს, არიან ადამიანები. როდესაც [მეორე მსოფლიო] ომის მერე დავიწყეთ ეკონომიკის აღდგენა, ვცდილობდით, მაღალი ხარისხის პროდუქცია გვეწარმოებინა ექსპორტისთვის, რათა შემდგომ შეგვეძინა ის ბუნებრივი რესურსი, რაც ჩვენ არ გვაქვს.

იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გვეწარმოებინა, გვჭირდებოდა ტექნოლოგია, მენეჯმენტი – ეს საჭიროებს სიღრმისეულ ექსპერტიზას, განათლებას. ამიტომ, ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ ადამიანებში, მათ განათლებაში. მე ვხედავ, რომ ქართველი ხალხი ნიჭიერია, ბევრი შესაძლებლობა აქვს.

შესანიშნავი ამბავია, რომ იაპონურმა და ქართულმა უნივერსიტეტებმა დაიწყეს თანამშრომლობა – მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტს უკვე აქვს კავშირები ჩვენს სკოლებთან, ან ახლად გახსნილი ქუთაისის უნივერსიტეტი – იქ იაპონური კომპანიების დაფინანსებით ჩატარდება ტრენინგები, რომლებიც ეხება ფინანსებსა და მენეჯმენტს.

ჩემი მეორე რჩევა შეეხება დემოკრატიას.

იაპონია თავისი კულტურით არ არის დასავლური კულტურის ნაწილი, მაგრამ ჩვენ შევძელით ლიბერალური დემოკრატიის დამყარება, დავამკვიდრეთ უნივერსალურად აღიარებული პრინციპები – ადამიანის უფლებები, დემოკრატიული პროცესი და ა.შ. ვფიქრობ, ისინი კარგად თავსებადია იაპონიის ტრადიციულ კულტურასთან, რომელიც მრავალი საუკუნეა მოგვყვება.

რა თქმა უნდა, ღია ვართ ნებისმიერი იდეისთვის – ტექნოლოგიებისთვის, ფილოსოფიისთვის. ასე შევძელით საუკეთესო გამოცდილება და ცოდნა შემოგვეტანა, მაგრამ მექანიკურად კი არ გადმოგვიღია, არამედ იაპონურ ყაიდაზე გადმოვალაგეთ. ტრადიცია და მოდერნიზაცია სრულიად თავსებადია.

ვიცი, რომ საქართველოში ბევრი მიიჩნევს თავს ევროპული კულტურის ნაწილად – ეს მართალია, იმიტომ, რომ ძველი ბერძნული და რომაული კულტურის წიაღის ნაწილი იყავით, შემდგომ ქრისტიანობა და ა.შ. ამ კუთხით თქვენ შესაძლოა უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა გქონდეთ ევროპული ინტეგრაციისთვის – მათ შორის დემოკრატიზაციისთვის. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ იაპონიამ შეძლო ლიბერალური დემოკრატიზაცია და ეს კარგი მაგალითია იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც შესაძლოა, ცალსახად არ განეკუთვნებოდნენ დასავლურ კულტურას.

მინდა, ვუსურვო ქართველებს ჯანმრთელობა, უსაფრთხოება ამ პანდემიაში. ვიმედოვნებ, პანდემია მალე დასრულდება და შევძლებთ, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ; განვაახლოთ ყველა კარგი ტრადიცია, რასაც საქართველო გვთავაზობს -მათ შორის ქართული სუფრა, მუსიკა, ცეკვა, თეატრი და ა.შ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი