ახალი ამბები

ძალიან დასანანია – იაპონიის ელჩი პროპორციულის ჩაგდებაზე

21 ნოემბერი, 2019 • 1583
ძალიან დასანანია – იაპონიის ელჩი პროპორციულის ჩაგდებაზე

იაპონიის ელჩი საქართველოში, უეჰარა ტადაჰარუ „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში დასანანს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არა მხოლოდ იაპონია, არამედ დიდი ბრიტანეთი, ევროპა და შეერთებული შტატები ძლიერად უჭერდა მხარს მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას საქართველოში“, — გვითხრა ელჩმა.

„ძალიან სევდიანი და დასანანი იყო იმის ყურება, რომ პარლამენტმა ჩააგდო ეს საკონსტიტუციო ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე – როგორც დემონსტრაციის მონაწილეები, ისე ხელისუფლება- ჩაებან კონსტრუქციულ დიალოგში და შეინარჩუნონ მშვიდობა, რათა არ დაზიანდეს დემოკრატიული პროცესი საქართველოში“, — განუცხადა ელჩმა ტადაჰარუმ „ნეტგაზეთს“ 21 ნოემბერს რუმს ჰოტელში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი თქმითვე, „მომავალი წლის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიისთვის“ და იმედი აქვს, „სიტუაცია დასტაბილურდება და ქვეყანა აჩვენებს დემოკრატიის საუკეთესო ხარისხს დანარჩენ მსოფლიოს“.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ, უმრავლესობის წევრებმა ჩააგდეს კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა დემონსტრაციების განახლება პარლამენტთან, ბოლოს — პარლამენტის პიკეტირება, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით დაშალა დემონსტრანტები. 37 ადამიანი დააკავეს. დემონსტრაციები გრძელდება.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს პროპორციული წესით ან მოდიფიცირებული გერმანული მოდელით, რომელიც მანდატების გადანაწილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლობეული ფორმულით უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი