ახალი ამბები

იაპონიამ საქართველოს 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

16 სექტემბერი, 2021 • 1304
იაპონიამ საქართველოს 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

$2.8 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში, იაპონიამ საქართველოს გადასცა სამედიცინო აღჭურვილობა. პროექტის პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა იაპონიის ელჩის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სხვათა მონაწილეობით.

საუბარია 110 დეფიბრილატორსა და 155 ელექტროკარდიოგრაფზე, რაც, იაპონიის საელჩოს განცხადებით, “აუცილებელია მძიმე პაციენტების მდგომაროების მონიტორინგისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, პანდემიის დროს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც”.

“აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც კოვიდ პაციენტებს შორის უფრო ხშირია გულთან დაკავშირებული გართულებები. მათ შორის პროექტი ემსახურება რეანომობილების ტექნიკურ გაუმჯობესებას, რადგანაც საწოლების გადატვირთვის პერიოდში, რეანომობილში მოცდის დროს, პაციენტს მიეწოდოს ხარისხიანი საბაზისო სამედიცინო დახმარება.

იაპონიის ელჩმა ახსენა იაპონიის წარმატებული გამოცდილება ვაქცინირებულ მოსახლეობაში ინფიცირების მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით და გამოხატა მადლიერება საქართველოს ექიმებისა და ექთნების მიმართ, ვინც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლისათვის საფრთხის მიუხედავად, ჩართულია კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში პაციენტების გადასარჩენად”, — აღნიშნავს უწყება.

მიმდინარე წელს განხორციელებული კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით, პანდემიასთან ბრძოლისთვის იაპონიამ საქართველოს გადასცა 2.5 მილიონი აშშ დოლარი. მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ასევე გადმოეცა 290 500 აშშ დოლარის ღირებულების 4 რეანომობილი.

“ასევე, [იაპონიამ] განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენატანი (1 მილიარდი აშშ დოლარი) კოვაქსის პლატფორმაში, რომელიც ემსახურება საქართველოსა და სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინების თანასწორად ხელმისაწვდომობას”, — დასძენს იაპონიის საელჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი