ახალი ამბები

“სხვაგან წასასვლელი არაა” — ვაჭრობა დაკეტილი ბაზრობის მიმდებარედ [ფოტორეპორტაჟი]

1 თებერვალი, 2021 • 1181
“სხვაგან წასასვლელი არაა” — ვაჭრობა დაკეტილი ბაზრობის მიმდებარედ [ფოტორეპორტაჟი]

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფონზე მოვაჭრეების ნაწილი თბილისში, დაკეტილი ბაზრობების მახლობლად ყიდის პროდუქციას. როგორც ისინი “ნეტგაზეთთან” აცხადებენ, კორონავირუსის საფრთხეების მიუხედავად, ეკონომიკური მდგომარეობა სახლში უმუშევრად ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევთ.

მოვაჭრეების დიდი ნაწილს, ვინც შეზღუდვების დაწესებამდე ბაზრობის ტერიტორიაზე, საკუთარ დახლებზე ვაჭრობდა, ახლა პროდუქცია მიტანილი აქვს ბაზრობებთან, მანქანებზე და დაკეტილი მაღაზიების მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ნაკადი მკვეთრად შემცირებულია და პროდუქციის გაყიდვაც უჭირთ, როგორც თავად ამბობენ, ამ გზით ოჯახებში საკვებისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და სხვა მინიმალური საჭიროებებისთვის თანხის შეტანას ახერხებენ.

ერთ-ერთმა მოვაჭრემ, 54 წლის დარეჯანმა, რომელსაც ბაზრობის შიგნით ფართი აქვს ნაქირავები, უკვე მეოთხე დღეა ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიტანა საკუთარი პროდუქცია. ის ნეტგაზეთთან ყვება, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა, რადგან კორონავირუსის ეშინია, თუმცა, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში იკლო, გადაწყვიტა, რომ გაერისკა:

“ჩვენ ვართ ისეთი ფენა, რომელიც ყოველდღიურ საზრუნავზე გამოდის, ყოველდღიურად თუ არ ვიმუშავეთ, ჩათვალეთ, რომ საჭმლის ფულიც არ გვექნება. მესამე-მეოთხე დღეა, რაც გამოვედი, მას შემდეგ, რაც ახალმა შემთხვევებმა იკლო, პირბადეც სულ მიკეთია და შიმშილით რომ არ ამოვიხოცოთ, სხვა გზა არ არის, საკუთარ თავს შეძლებისდაგავარად ვუვლით. რა თქმა უნდა, შიში ყოველთვის არის, მაგრამ ვცდილობ, რომ არ შევშინდე და უფრო ძლიერი ვიყო”, – უყვება “ნეტგაზეთს” მოვაჭრე.

მისი თქმით, სხვა მოვაჭრეები ყოველდღე ელოდებიან, რომ გაიხსნას ბაზრობები და აღდგეს ტრანსპორტის მუშაობა, რომ მათაც შეძლონ გამოსვლა. თავად კი, როგორც ამბობს, ბაზრობის მიმდებარედ ცხოვრობს ქირით, რამაც სავაჭროდ გამოსვლის შესაძლებლობა მისცა:

“ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ელოდება შეზღუდვების მოხნას, რომ სავაჭროდ გამოვიდნენ, მაგრამ ყოველდღე 15 ლარს ხომ ვერ გადაიხდიან ტაქსით მგზავრობაში. შეიძლება ისე გავიდეს დღე, 15 ლარისაც ვერ ივაჭრო. მე ისინი უფრო მეცოდებიან”, – ამბობს დარეჯანი.

ასევე, ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა, “ნეტგაზეთს” უყვება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული წესების დაცვას, თუმცა ბანკის წინაშე აღებულმა ვალდებულებებმა და სხვა ფინანსურმა პრობლემებმა იძულებული გადახადა შეზღუდვების მიუხედავად სავაჭროდ გამოსულიყო:

“ყველანაირად ვიცავდი წესებს, მაგრამ საერთოდ ასეა, როცა ძალიან მოგაწვება და არ იცი ხვალ რა გააკეთო, ცდილობ, დღეს ხელი გაანძრიო და იმუშაო. თორემ მეც დიდი ხანი ვიჯექი სახლში, ჩემი შვილებიც ბედნიერები იყვნენ, სახლში რომ მხედავდნენ, მანამდე ასე დიდხანს არ ვყოფილვარ, მაგრამ მერე ბანკმა სესხი არ გადამივადა, სხვა ათასი პასუხისმგებლობა დამაწვა, ამიტომ ახლა ცხოვრებას ვეჭიდავებით და ცოტ-ცოტა რაღაცას ვახერხებთ. სხვა გზა არ არის”, – ამბობს 50 წლის მოვაჭრე, რომელიც შეზღუდვების დაწესებამდე, დარეჯანის მსგავსად, ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობდა.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის თავზე საკუთარი პროდუქცია აქვს გამოტანილი 44 წლის ნადიასაც. როგორც თავად ამბობს, შეზღუდვების დაწესებამდე ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე ჰქონდა დახლი, აღმაშენებლის გამზირზე და უკრაინაში კი- ტანსაცმლის ორი მაღაზია. თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ტანსაცმლის მაღაზიები დაიკეტა და ნადიაც უმუშევრად დარჩა.

“სახლში პატარა ბავშვები გვყავს, ასევე ჩემი ქმრის დედაც ჩვენთან ცხოვრობს. მე 20 წლის შვილი მყავს, რომელიც ვარშავაში სწავლობს. ყველას სჭირდება საკვები, გარდა ამისა, სხვა ელემენტარული ხარჯებიც ხომ გვაქვს? ამ ყველაფრის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მუშაობა, მაგრამ თუ ყველაფერი დაკეტილია, სად უნდა ვიმუშაოთ?! თან, ეს პროდუქციაც შეძენილი გვაქვს, ფულია ჩადებული, რაღაც უნდა გვექნა და ქუჩაში გამოვედით [სავაჭროდ], სხვაგან წასასვლელი არ არის. ასე ვაჭრობა რთულია, მთლიანი პროდუქცია ვერ გამოგვაქვს და მანქანაში გვიწყვია, კლიენტებიც ცოტანი არიან. კიევშიც დაკეტილი მქონდა მაღაზია, მაგრამ ცოტა ხნით, უკვე რამდენიმე დღეა გაიხსნა, აქ ყველაფერი უფრო მკაცრადაა”, – ყვება ნადია.

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სავაჭროდ გამოვიდნენ თბილისის სხვა უბანშიც. დიღმის მასივში მოვაჭრე 71 წლის ლიანა გაბიძაშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ფინანსური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ქუჩაში სავაჭროდ გამოსვლა მასაც მოუწია, თუმცა სხვა რესპოდენტებისგან განსხვავებით,აქამდეც გარევაჭრობით ირჩენდა თავს.

“მატერიალურად ძალიან მიჭირს და იმიტომ გამოვედი, არ შემიძლია სახლში დაჯდომა, სხვა გზა მე არ მაქვს, 200 ლარს ვიხდი, სოციალური დახმარება არ მაქვს. ბინა იპოთეკით დავკარგე ადრე, ახლა ვვაჭრობ ასე. აქ ვინც ზის, ყველას უჭირს მატერიალურად, თორემ მინდა ამ სიცივეში გარეთ ჯდომა?!”, – ამბობს ლიანა.

ლიანას თქმით, ეკონომიკურ საქმიანობებზე და ტრანსპორტზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ მისი შემოსავალი გაიზარდა, რადგან ადგილობრივები სხვადასხვა ნივთის საყიდლად სხვაგან ვეღარ მიდიან, თავად კი ისეთი ნივთებით ვაჭრობს, რომელიც ადამიანებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს:

“ყველაფერი დაკეტილია, ახლა მე მაქვს აქ ასე გაშლილი ტანსაცმელი, წინდები, ფეხსაცმელები იმიტომ, რომ ხალხი ყიდულობს. ყველას ხომ არ შეუძლია სადმე წასვლა საყიდლად, ტრანსპროტი არ მუშაობს, ხალხს ტაქსის ფული არ აქვს. მე აქვე ვცხოვრობ და გამოვდივარ, რაღაცას ვწვალობ, რომ საჭმლის და ქირის ფული გადავიხადო”, – ყვება ლიანა.

ქუჩაში გამოსულ მოვაჭრეებს იმედი აქვთ, რომ საკუთარ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მალე შეძლებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით,პირველი თებერვლიდან გაიხსნება მოლები და მაღაზიები, ბაზრობების გახსნა კი 15 თებერვლიდან იგეგმება.

 

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი