ახალი ამბები

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

22 იანვარი, 2021 • 1455
რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ თებერვლიდან და მარტიდან დიდ ქალაქებში შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. თუმცა შეზღდუვები სხვადასხვა დროს მოიხსნება სხვადასხვა ქალაქში.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, სწავლა და ვაჭრობა ნაწილობრივ აღდგეს.

დღესდღეობით ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს 8 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავსა და ზუგდიდში.

პირველი თებერვლიდან:

  • ბათუმში, ზუგდიდში, გორგში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები, მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები;
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ  მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. თუმცა, არა მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები;
  • აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტების გარე სივრცეებში სტუმრების მიღება;
  • სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის, სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც დღეისთვის  მოქმედებდა;

15 თებერვლიდან:

  • ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები

პირველი მარტიდან აღდგება:

  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და სწავლა განახლდება სკოლებში;
  • მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ყველა ქალაქში საბავშვო ბაღების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, თუმცა – „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“.

ძალაში რჩება:

  • კომენდანტის საათი – მოქალაქეებს საშვის გარეშე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გასვლა არ შეეძლებათ.
  • სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე;
  • პირბადის სავალდებულო ტარება, დისტანციის დაცვა, სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა ნაკადის მართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი