ახალი ამბები

არსებითად არ ვეთანხმებოდი გირაოს, ბრალი არ მიგვიძღვის — გათავისუფლებული მელაშვილი

28 იანვარი, 2021 • 719
არსებითად არ ვეთანხმებოდი გირაოს, ბრალი არ მიგვიძღვის — გათავისუფლებული მელაშვილი

სასამართლოდან გათავისუფლებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ მისი და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

მელაშვილი და ილიჩოვა დღეს, 28 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლეს.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ჩატარდა პროცესი და, როგორც იქნა, მოხდა ის…. ეს საზოგადოების დამსახურება არის, უპირველესად, ალბათ, ჩემი ადვოკატების დამსახურება.

მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს პატიმრობიდან. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გაგვამართლებენ“, – ამბობს მელაშვილი ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას დაკავების არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, ხოლო დაკისრებული 20-ათასიან გირაოს არ ეთანხმება.

„არსებითად არ ვეთანხმებოდი გირაოს იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის არც მე და არც ნატალიას. თავიდან ბოლომდე აბსურდულია, უსაზიზღრესი ბრალდებაა, ამას გეტყვით. შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი“, – აცხადებს ივერი მელაშვილი.

„საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, შეგნებული საზოგადოების. მადლობა და ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ეს მარაზმი გაგრძელდეს“, – ამბობს ის.

მელაშვილს ასევე ჰკითხეს ფარულ კადრებზე, რომელიც პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. საუბარი შედგა, სავარაუდოდ, ივერი მელაშვილსა და საქმის ერთ-ერთ მოწმეს,  სადელიმიტაციო კომისიის ყოფილ წევრს შორის და მასში ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ყველა შეთანხმებული მონაკვეთი 1938 წლის ხაზს შეესაბამება.

„რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, მეტი არაფერი ყოფილა, სამუშაო განხილვა იყო ის კადრებიც, ვითომ რაღაც ისმის…

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას, კომისიის თავმჯდომარეს ხვდება მისი თანამშრომელი, ვსაუბრობთ რაღაცაზე და ეს თემა, თავისთავად, მსჯელობა სამუშაო ვითარებაში – ეს არ შეიძლება, რომ იყოს საჯარო“, – ამბობს ივერი მელაშვილი.

მელაშვილს და ილიჩოვას გირაოს თანხას “სირცხვილია” შეუგროვებს – მაქარაშვილი


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი