საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს ქართველი რამაზ სვანიძე შეცვლის. ის ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
რამაზ სვანაძის სახელი და გვარი შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ის საფეხბურთო წრეებში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მენეჯერად მიიჩნევა.
მისი სახელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ისტორიულ მიღწევებთან არის დაკავშირებული. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და თანასწორად ეპაექრა ისეთ გრანდებს, როგორებიც მაგალითად ჰოლანდია და ბელგია არიან, ხოლო პორტუგალიის ნაკრებს მოუგო.
ბიოგრაფია და კარიერული გზა
რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა, როგორც მოთამაშისა, საკმაოდ ადრეულ ასაკში ტრავმის გამო დასრულდა, რამაც აიძულა, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩართულიყო.
სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ის “დინამო თბილისის” აკადემიაში მუშაობდა. სვანაძემ მუშაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრუქტურაში გააგრძელა. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, 2021 წლიდან კი 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.
ვლადიმერ ვაისის პოსტიდან წასვლის შემდეგ, სვანაძემ მოკლე ვადით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩში ესტონეთის წინააღმდეგ გუნდს უხელმძღვანელა (მატჩი 0:0 დასრულდა).
სვანაძის სამწვრთნელო კარიერის პიკი 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში გაიმართა. ე.წ. “სიკვდილის ჯგუფში” (პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები) საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაიკავა პირველი ადგილი და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
სათამაშო სტილი
რამაზ სვანაძის გუნდები გამოირჩევიან პრესინგით და ბურთის ამოტანას კომბინაციური ფეხბურთით ცდილობენ. ის უპირატესობას ანიჭებს 4-3-3-სა და ბურთზე დომინირებულ ფეხბურთს, თუმცა 2023 წელს გამოჩნდა, რომ გრანდებთან არც 5 მცველით, მეორე ნორმად თამაში და კონტრშეტევებიდან გატანილი გოლები ეთაკილება.

რამაზ სვანაძე საფეხბურთო ოჯახიდანაა. ის ლეგენდარული „დინამოს“ მცველის, ზაურ სვანაძის ძმისშვილია. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე იყო.
Transfermarkt-ის უახლესი მონაცემებით (2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით), რამაზ სვანაძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯამში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც დაახლოებით 44%-ში გაიმარჯვა.
- მოგება: 20
- ფრე: 10
- წაგება: 15
აღსანიშნავია, რომ სვანაძეს საქართველოს ნაკრების მოქმედი ბირთვის ძალიან ბევრ ფეხბურთელთან უმუშავია ახალგაზრდულ გუნდებში.
