ახალი ამბები

რას ვიგებთ “კარტოგრაფების საქმის” ახალი ფარული ჩანაწერიდან

26 იანვარი, 2021 • 1128
რას ვიგებთ “კარტოგრაფების საქმის” ახალი ფარული ჩანაწერიდან

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის უფლებებს იცავს, საქმის მასალებში არსებულ სატელეფონო საუბარს ავრცელებს, რომელიც პროკურატურამ დაცვის მხარეს გადასცა.

საუბარი, სავარაუდოდ, ივერი მელაშვილსა და საქმის ერთ-ერთ მოწმეს,  სადელიმიტაციო კომისიის ყოფილ წევრს შორის შედგა და მასში ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ყველა შეთანხმებული მონაკვეთი 1938 წლის ხაზს შეესაბამება.

მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საუბარია 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკაზე, რომელზეც საბჭოთა დროს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეთანხმება არსებობდა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბაქოც და თბილისიც შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დასადგენად მოლაპარაკებებს სწორედ ამ რუკაზე დააფუძნებდნენ. თუმცა, გამომდინარე რუკის მასშტაბიდან და იქიდან, რომ ქართულ მხარეს 2010 წლამდე მხოლოდ მისი მონახაზები ჰქონდა, მისი შედარება ხდებოდა კარტოგრაფიულად უფრო გამართულ 1:100 000 მასშტაბის 1942 წლის რუკასთან, რომელზეც 1938 წლის რუკის შეთანხმებული საზღვარი თითქმის უცვლელად იყო დაბეჭდილი და განსხვავება ძალიან მცირე იყო.

მარიკაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ივერი მელაშვილი საჯაროდაც და კერძო საუბრებშიც კომისიაში მის საქმიანობის შესახებ რეალურად ჰყვება, დავითგარეჯის მონაკვეთზე კი ადასტურებს, რომ ივერი მელაშვილს არასდროს ჰქონია განზრახვა, საქართველოს საწინააღმდეგო გადაწვყეტილება მიეღო, მეტიც, კარგად ჰქონდა გააზრებული ამ მონაკვეთის მნიშვნელობა და სენსიტიურობა.

ჩანაწერში ივერი მელაშვილი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, დავითგარეჯის საკითხზეც დაეყოლიებინა საქართველო შეთანხმებაზე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ მასალებით საქართველო დაზარალდებოდა, კომისიამ საზღვრის ამ მონაკვეთზე თანხმობა არ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ ვერ შეძლო რაიმე ფორმით სხვა ისეთი მტკიცებულებების მოპოვება, ვერც ფარული ჩანაწერებით და ვერც სხვა ფორმით, რაც მელაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა.

“რაც კი ჩანაწერია ამ საქმეში, ყველაფერი მიუთითებს ივერი მელაშვილის პოზიციის სისწორეზე, თანმიმდევრულობაზე და არა მის რაიმე ფორმით დანაშაულზე” – ამბობს ადვოკატი.

რას ამბობს მელაშვილი სატელეფონო ჩანაწერში

სატელეფონო საუბრისას ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან 1938 წლის რუკაზე დატანილ საზღვარზე ორმხრივი შეთანხმება არსებობს, მათ ის დაადარეს 1942 წელს პროფესიონალურად მომზადებულ 100 000-იანი მასშტაბის რუკას, რომელზეც საზღვრის ხაზი დაბეჭდილი იყო და დიდწილად ემთხვეოდა 1938 წელს გამოცემულ რუკას:

“1942 წლის რუკაზე დაბეჭდილი იყო ხაზი და მარტივი გადაზომვებით შევადარეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ვარიანტი, რომელიც აზერბაიჯანელებმაც აღიარეს, პრეტენზია არ ჰქონია. ჩვენ ჩვენი ვარიანტი შევადგინეთ და გავგზავნეთ. მერე, დროთა გამავლობაში მონაკვეთების მიხედვით ექსპერტების დონეზე არის, რომ ეს სხვაობა გამოწვეულია 38-სა და დანარჩენ წლებს შორის სხვაობით”, – ამბობს მელაშვილი სატლეოფნო საუბრისას.

მელაშვილი განმარტავს, რომ აზერბაიჯანული მხარის ინტერესში იყო, მოლაპარაკებები წარმართულიყო შემდგომ წლებში გამოცემული მორიგე რუკების საფუძველზე, თუმცა ქართულმა მხარემ ორმხრივი შეთანხმების არარსებობის არგუმენტით აღნიშნული ვარიანტი გამორიცხა:

“მორიგე რუკები კი არის გამოცემული, მაგრამ ორმხრივად შეთანხმებული არ არის ეს საზღვრის ხაზი, არ გვაქვს.  1963 წლებში მოაწერა ჩვენმა პრეზიდიუმმა საზღვრის ხაზს, მაგრამ იმ მხარემ [აზერბაიჯანმა] არ მოაწერა. ამიტომ, რაკიღა ორმხრივად არ იყო [ხელმოწერილი], ჩვენი კომისია ამას მიაწვა, რომ ორმხრივად შეთანხმებული არის 38 წლის” ,- ამბობს მელაშვილი.

მელაშვილი იმასაც განმარტავს, თუ რატომ არ დაეყრდნო სრულად კომისია 1938 წლის რუკას და დასჭირდა 1942 წლის დაბეჭდილი რუკის მოშველიება. დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის თქმით, წვრილმასშტაბიანი რუკის მსხვილმასშტაბიანზე გადმოტანა არაპროფესიონალური მიდგომაა, რამდენადაც შეიძლება ბევრი შეცდომა გაიპაროს. ამიტომ კომისიამ 1942 წლის ფართომასშტაბიანი რუკები მოიშველია, რომელზეც საზღვრის ხაზი დაბეჭდილი იყო და ძირითადად 1938 წლის შეთანხმებულ საზღვრებს ემთხვეოდა.

მელაშვილის ამბობს, რომ 1938 წლის რუკასა და შემდგომი წლების კარტოგრაფიულ მასალებს შორის საქართველოს სასარგებლოდ სხვაობა დაახლოებით 5 400 ჰექტარია:

“აზერბაიჯანმა თავში ხელები წაიკრა, რომ ნახა ამდენი პრეტენზია.. დიდი პრეტენზიები გვაქვს, სხვაობა პატარა კი არაა, დაახლოებით, როგორც მახსოვს, 5 400 ჰექტარი იყო 38 წლის ხაზსა და შემდგომი წლების გამოცემის რუკებს შორის”, – ამბობს მელაშვილი და აცხადებს, რომ 1942 წლის რუკასთან განსხვავება სადაც არ იყო, ის მონაკვეთები პრაქტიკულად შეთანხმებულია, დავითგარეჯის მონაკვეთის შეთანხმებაზე კი ქართულმა მხარემ განაცხადა უარი:

“13 თუ 14 მონაკვეთია სადაც დიდი სხვაობებია, მათ შორის წითელ ხიდთან. ერისიმედთან არ არის სხვაობა დაფიქსირებული. ვამბობთ, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიოტრიაზე გაშენებული სოფელია. გარეჯთან როგორც იყო ფიქსაცია ქედზე, ისე არის იქაც, როგორც 100-ათასიან რუკაზე, ასევე სხვა რუკებზე. აზერბაიჯანლები გვეუბნებოდნენ, შეითანხმეთო, მაგრამ ჩვენ არ შევითანხმეთ, ახლა ეგ რომ შეითანხმო, ჩათვალე…” – ამბობს მელაშვილი.

სად ხედავს დაცვის მხარე შეუსაბამობას პროკურატურის პოიციასთან

ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიციასთან აცდენილია ჩანაწერი იმ ნაწილში, როდესაც უწყება ირწმუნება, რომ 1938 წლის რუკის შედარება  70-80-იანი წლების 1:100 000- იანი რუკებით ხდებდოდა. ედუარდ მარიკაშვილსი თქმით, ეს ცალსახად არასწორია, რადგან 1942 წლის 1:100 000-იანი რუკები, განსხვავებით 70-80-იანი წლების რუკებისა, სრულად ემთხვევა უმეტეს ნაწილში 1938 წლის 500 000-იან რუკას, რომელზეც იყო შეთანხმება მიღწეული, და აღნიშნავს, რომ  ამ 1:100 000-იან რუკებს მისი მასშტაბიდან გამომდინარე იყენებდნენ 500 000-იანი რუკაზე დატანილი საზღვრის ხაზის უკეთ აღსაქმელად.

მისი თქმით, ყველა შეთანხმება ემთხვევა 1:100 000-იან რუკას, რომელიც თავის მხრივ ემთხვევა 500 000-იან რუკაზე დატანილ საზღვარს, რაც იყო კომისიის მანდატი და სამართლებრივი და კარტოგრაფიული საფუძველი.

“კომისიას ჰქონდა ამ რუკის ამონახაზები. საქართველოში ვერ მოიძიეს, სამწუხაროდ, და დედნები სადაც ინახებოდა, ეს იყო სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც ვიცი. სომხეთში ნამდვილად ინახებოდა, ისინი თავდაპირველად უარს აცხადებდნენ დედნების გადმოცემაზე, თუმცა ეს ამონახაზები შედარებული იყო სომხეთში დედანთან ადგილზე და კომისიას ჰქონდა ინფორმაცია და იცოდა, რომ ეს ამონახაზები იყო თანხვედრაში დედანთან. უკვე 2010 წელს მოხდა ამ რუკის დედნის ასლის მოპოვება” ,- ამბობს მარიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რაც შეეხება 200 000-იანი რუკას, რომლის დამალვასაც პროკურატურა ბრალდებულებს ედავება, ადვოკატი აცხადებს, რომ  მისი კარტოგრაფიული მხარე არ იყო ვარგისი გამოსაყენებლად.

კერძოდ, მარიკაშვილის თქმით, მასზე დატანილი უცვლელი გეოგრაფიული წერტილები არ შეესაბამება რეალობას და სხვა რუკებს, რომელიც არის უფრო ზუსტი. გარდა ამისა, ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით, სამართლებრივად მისი გამოყენება ცუდ მდგოამრეობაში აყენებდა მომავალში ქართულ მხარეს. 

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში დავითგარეჯის თემა ხელოვნურადაა შემოტანილი, ვინაიდან მასზე შთახნმება მიღწეული არ არის და ჩანაწერშიც ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველომ საზღვრის ამ მონაკვეთზე თანხმობა არ განაცხადა, რამდენადაც ლეგიტიმური კარტოგრაფიული მასალებით, საზღვარი მთის ქედზე უნდა გავლებულიყო:

“უარი უთხრეს იმ მოცემულობით შეთანხმებაზე, რომ ხაზი გავლებულიყო მთის თხემზე და გაყოფილიყო დავითგარეჯა. ამაზე ქართულმა მხარემ არაერთხელ უთხრა უარი აზერბაიჯანს და ყოველთვის ცდილობდა ამ მონაკვეთზე შეთანხმება ისე მიეღწია, საქართველოს ინტერესები სრულად დაკმაყოფილებულიყო, ან დაეტოვებინა ეს თემა ღიად იმიტომ, რომ საქართველოს მხარე, განსაკუთრებით ივერი მელაშვილი, არ აპირებდა ქვეყნის საზიანოდ დავითგარეჯაზე შეთანხმებას.

დავითგარეჯა ხელოვნურადაა შემოტანილი ამ საქმეში. დავითგარეჯაზე შეთანხმება არ არის, შეთანხმებულია მიმდებარე ტერიტორიები და სხვა მონაკვეთები. ყველა შეთანხმებული მონაკვეთი ასახავს 1938 და 1942 წლების რუკებს, რაც იყო კომისიის მანდატი და იურიდიული საფუძველი” ,- ამბობს ადვოკატი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

პროკურატურა მელაშვილს და ილიჩოვას ედავება, რომ კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი, პროკურატურის თქმით, აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

ამავდროულად, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი და 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა სწორედ 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.

“ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა”, – აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი