ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ მოითხოვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება

25 იანვარი, 2021 • 881
მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ მოითხოვეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით მორიგი აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული რეგულაციის ძალაში დატოვება არამართლზომიერია იმ პირობებში, როცა ტაქსებისა და კერძო ავტომობილების მუშაობა დაშვებულია, თებერვლიდან კი სავაჭრო ობიექტები იხსნება.

ორგანიზაცია “მწვანეების” მიერ ორგანიზებულ შეკრებას პროფკავშირებისა და “მოძრაობა ხალხისთვის” წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები შეუერთდნენ. სიტყვით გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ რეგულაცია, ერთი მხრივ, უთანასწორო გარემოს ქმნის, მეორე მხრივ კი, ავტომობილებისა და საცობების ოდენობას ზრდის ქალაქში.

მათი მოთხოვნაა, დაანონსებული პირველი მარტის ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან აღდგეს. ორგანიზატორთა თქმით, არაერთი გზით შეიძლება მისი ამუშავების პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის, სავალდებულო პირბადით.

“ერთი ადგილიდან მეორემდე რომ გადაადგილდება ადამიანი, თუნდაც საავადმყოფომდე, აღარ ნერვიულობს იმაზე, ეყოფა თუ არა გამოკვლევის ფული, რადგან ადგილამდეც კი ვეღარ მიდის”, – მიმართა შეკრებილებს ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

ორგანიზატორები ხაზს უსვამდნენ, რომ “ყველას არ აქვს ავტომობილი და იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა”.

მათივე განცხადებით, ასევე “საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა”.

“ეს არის ფუნდამენტური საჭიროება ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ დარჩა სამსახური და ახლა მთელ თავის შემოსავალს ახმარენ ტაქსის საფასურს. გარდა, ამისა, რამდენმა დაკარგა სამსახური, იმიტომ, რომ ვერ მიდის დასაქმების ადგილამდე?” – ამბობს აქტივისტი ბექა წიქარიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რომელიც აქციას თავისი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა, ყველა ევროპული ქვეყანა შეეცადა, დაეცვა ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის, რაც საქართველოს ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

“ქვეყანა უნდა გაიხსნას გონივრულად. ნუ გაავრცელებენ “ქოცების” ტროლები ცნობებს, რომ ჩვენ გვინდა, გაიხსნას ჭიშკარი და ყველას კოვიდი დაემართოს.

ეს უნდა მოხდეს გონივრულად. პირველ რიგში უნდა გაიხსნას ტრანსპორტი. თავიდანვე უგუნური გადაწყვეტილება იყო ეს და შეტევა მშრომელ ხალხზე. უნდა გაიხსნას სკოლები და გაუქმდეს დაუსაბუთებელი კომენდანტის საათი”, – თქვა მან.

ბოლო დღეებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებისა და გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე აქცია გაიმართა.

მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ, 24 იანვარსაც შეიკრიბნენ. ამავე დღეს, “კომენდანტის საათის” დროს, სამოქალქო აქტივისტებმა პარლამენტიდან შსს-მდე მსვლელობა გამართეს.

მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა პირველ მარტამდე არ აღდგება. ამასთან, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

რა შეზღუდვები იხსნება და რჩება თებერვალ-მარტში

მასალების გადაბეჭდვის წესი