სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, ანუ სგშ, არის დოკუმენტი, რომლითაც ვაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა ჩვენმა გადაწყვეტილებებმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სგშ უზრუნველყოფს, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების ფაქტორი თავიდანვე იყოს გათვალისწინებული, შეირჩეს უკეთესი პირობები ნაკლები ზიანით და ამასთან, განხილვაში ფართოდ იყოს ჩართული ის მოსახლეობა, ვისაც ცვლილებები შეეხება.
სგშ-ს დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში წარმატებით იცავენ და ავითარებენ საცხოვრებელ გარემოს. მაგალითად შეგვიძლია გამოვყოთ გალაპაგოსის კუნძულები, რომელიც ცნობილია ბიომრავალფეროვნებით, მათ შორის ისეთი ენდემური სახეობებით, როგორიცაა გალაპაგოსის გიგანტური კუ და სხვა. კუნძულებისთვის 1998 წელს შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც შემდგომშიც განვითარდა და რის მიხედვითაც დადგინდა, როგორ უნდა წარმართულიყო ტურიზმი, ნარჩენების მართვა, განაშენიანება, ტერიტორიების დაცვა-კონსერვაცია ისე, რომ ეს განვითარება ყოფილიყო მდგრადი და შენარჩუნებულიყო არსებული, გამორჩეული ბუნებრივი საფარი.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი გეგმის საშუალებით, გალაპაგოსი გახდა მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ბუნებრივი მემკვიდრეობის გლობალური მნიშვნელობის ტერიტორიების დაცვა და მდგრადი განვითარება.
რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?
- რა ხარვეზებს ავლენს საქართველოს ხელისუფლება გარემოსდაცვითი პოლიტიკის დამაზიანებლად და გავლენიანი ინდუსტრიების, ან პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ?
ეს კითხვა დავუსვით ეკონომიკისა და ბიზნეს მენეჯმენტის, ასევე გარემოს დაცვისა და განვითარების მაგისტრს, „მწვანეების“ დამფუძნებელს, თორნიკე კუსიანს:
თორნიკე კუსიანი:
„გარემოს დაცვის კუთხით „ქართული ოცნების“ პროგრამაში ხელჩასაჭიდს საერთოდ ვერაფერს ვხედავთ. ხელისუფლება მუდმივად ეხვევა ქართული და უცხოური სხვადასხვა ინსტიტუტის კრიტიკის ქარცეცხლში, გარემოსდაცვით საკითხებში. ანალიტიკური რეპორტების რაოდენობა იმდენია, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში ცალკე დარბაზი დასჭირდება მის დატევას, მათ წაკითხვას კი – თვეები.
საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ პირდაპირ კავშირშია მის უნართან, დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სფეროში.
თუმცა, შეშფოთებას იწვევს მნიშვნელოვანი ხარვეზები ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გავლენიანი ინდუსტრიების ინტერესები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გარემოს დაცვა და მოსახლეობის ინტერესები.
ხელისუფლების პოლიტიკა არათუ აზიანებს გარემოს, არამედ სერიოზულად აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შანსს, რადგან ევროკავშირის გარემოსდაცვითი და დემოკრატიული სტანდარტების დაცვა გადამწყვეტი მოთხოვნაა“.
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე გვესაუბრა იმაზე, თუ რა ეტაპებს მოიცავს სგშ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დოკუმეტი, როგორც ტერიტორიის დასაცავად, ისე – მოსახლეობისთვის:
„სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება შედარებით ახალი ინსტრუმენტია და განსხვავდება გარემოზე ზემოქმედების ტრადიციული შეფასებისგან. ის, ძირითადად, გამოიყენება დიდი პროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით დაგეგმვასა და სხვა მასშტაბურ განვითარებასთან. სგშ-ს მიზანია, წინასწარ აჩვენოს პროექტის გავლენა არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებზეც.
ეს ინსტრუმენტი გვიჩვენებს, რა ზეგავლენას მოახდენს პროექტი კონკრეტულ ტერიტორიაზე და როგორ შეიძლება მისი განვითარება ისე, რომ სახელმწიფოსთვის სარგებელი იყოს, ხოლო გარემო არ დაზიანდეს”.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ორმა უწყებამ უნდა შეაფასოს. ეს პროცესი ეკონომიკური განვითარების ან ტერიტორიული განაშენიანების გეგმის განუყოფელი ნაწილია:
„სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, ძირითადად, უფრო დიდ სივრცეებზე კეთდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუმულაციური (ჯამური) ეფექტის გათვალისწინება. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ის, თუ რა ზემოქმედებას ახდენს უკვე არსებული პროექტები, არამედ ისიც, თუ რა ახალი პროექტებია დაგეგმილი და როგორ განვითარდება მათი ურთიერთმოქმედება.
მთელი პროცესი შეთანხმებით ხორციელდება, ისე, რომ გარემოზე ზიანი მაქსიმალურად შემცირდეს. მაგალითად, თუ მდინარეზე ჰიდროენერგეტიკული პროექტი იგეგმება, უნდა შეფასდეს ყველა უკვე არსებული და დაგეგმილი პროექტი და გამოითვალოს მათი კუმულაციური ეფექტი.
ასეთ შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი საკომპენსაციო პაკეტების მომზადება, რათა გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდეს. სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ამ პროცესს იყენებენ სწორი დაგეგმარების და საქმიანობების კოორდინაციისთვის.
საქართველოს კანონმდებლობაში ეს შედარებით ახალი ინსტრუმენტია. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენთან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, ხოლო სხვა ქვეყნებში ის სავალდებულოა და ხშირად მინისტრთა კაბინეტი ამტკიცებს“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძეს სხვა შეკითხვებიც დავუსვით.
- აქვს თუ არა საქართველოს შემუშავებული გრძელვადიანი გეგმები გარემოს ზიანის შემცირების კუთხით და რამდენად შეესაბამება ეს გეგმები ევროპულ სტანდარტებს?
მართალია, საქართველოში გარკვეული გრძელვადიანი გეგმები არსებობს, თუმცა სამწუხაროა, რომ ბევრი მათგანს არ აქვს სგშ გაკეთებული. სტრატეგიული შეფასების პროცესი გულისხმობს არა მხოლოდ პროექტის შემუშავებას, არამედ მის პარალელურად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დაწყებას. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს პროცესი ყოველთვის არ სრულდება ისე, როგორც ეს საჭიროა, რაც პრობლემებს ქმნის.
ევროპის დირექტივების მიხედვით, ეს პროცესი პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა საქართველოში ხშირად ასე არ ხდება.
- ვისგან არის სგშ-ზე მომუშავე გუნდი დაკომპლექტებული?
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა ენერგეტიკოსები, გეოლოგები, გარემოსდამცველები და ტექნიკური მეცნიერებების წარმომადგენლები. მხოლოდ ასე შეიძლება ზუსტი და სიღრმისეული ანალიზი, რაც ხშირად უგულებელყოფილია.
სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს პროცესი ჯერ კიდევ ახალია და, შესაბამისად, გამოცდილება ნაკლებია. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაოა საჭირო, მათ შორის სპეციალისტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ასევე კერძო ბიზნესთან მიუკერძოებელი მუშაობა.
რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, ამის შეფასება ცოტათი რთულია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ერთ მიმართულებაზე მუშაობდეს რამდენიმე ექსპერტი, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი გამოცდილება. სწორედ ამის გამო ძვირადღირებულია ეს დოკუმენტი.
პროცედურაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტები არ უნდა იყვნენ სახელმწიფო მოხელეები ან ბიზნესის წარმომადგენლები. ეს უნდა იყოს მკაფიოდ გამიჯნული.
პროცედურები უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს, რათა შესაძლებელი იყოს მსგავსი შემთხვევებისგან თავის დაზღვევა, მაგალითად, უნდა გამოქვეყნდეს ექსპერტების სახელები და გვარები.
- ხშირად, მსგავსი ტექნიკური დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის გაუგებარია, დროულად არ მიეწოდებათ ხოლმე ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ასეთ დროს?
“სკოპინგის ეტაპზე, ანუ სგშ-ს პირველ ეტაპზე, განხილვა არ ხდება, ანუ არ არის საზოგადოების ჩართვა სავალდებულო. მეორე ეტაპზე, სავალდებულოა, რომ საზოგადოება ჩაერთოს განხილვაში. თუმცა, რადგან ეს საკმაოდ სპეციფიკური თემაა, მოსახლეობის ნაწილს ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია და ზუსტად ვერ გაიგოს რა ხდება, რა არის პრობლემა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის აქტივობა და ჩართულობა იყოს მაღალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებაზე. თუ მოსახლეობა აქტიურად არ არის ჩართული პროცესებში, მაშინ უნდა ვეძიოთ პრობლემები დოკუმენტებთან მიმართებაში.
მაგალითად, ბათუმში ამჟამად მიმდინარეობს ხელოვნური კუნძულის მშენებლობა, თუმცა ამ პროექტზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება არ არის გაკეთებული. აქ არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავებს ეს კუნძული, როგორ დატვირთავს ტრანსპორტის ნაწილს და როგორი იქნება ტურისტების ნაკადი, ეს უნდა შეფასდეს.
რამდენად შეძლებს ბათუმი ამ ცვლილებებს გაუმკლავდეს? უნდა შევაფასოთ, რა რესურსები არსებობს და რამდენად სწორია, როცა კურორტი გაქვს, მაგრამ პარალელურად ახდენ ისეთ ჩარევას, რამაც შეიძლება გარემოს, მთლიანად სანაპიროს სერიოზული ზიანი მიყენოს. ასეთ დროს არის სგშ-ს მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი.
სამწუხაროდ, კანონში წერია, რომ ბათუმს, როგორც თვითმმართველ ქალაქს არ აქვს გენგეგმა და არ საჭიროებს სტრატეგიული გარემოს ზემოქმედების შეფასებას. თუმცა, ბათუმში ამასთან კეთდება კუნძული, რომელიც საჭიროებს სგშ-ს. კუნძული, წესით, უნდა იყოს თანხვედრაში გენგეგმასთან და მათზე ერთიანად უნდა გაკეთდეს სგშ.
როგორც წესი, ნებართვები გაიცემა მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, რის გამოც ხშირად იწყება პროტესტი. საჯარო განხილვები მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას და დროულად მიღებული ინფორმაცია შესაძლებლობას უნდა აძლევდეს მოქალაქეებს, საჭირო ცვლილებები შეიტანონ დოკუმენტებში.
ჩვენი წინადადებაა, რომ საჯარო განხილვები გახდეს უფრო გამჭვირვალე, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკური შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყოს როგორც პირადად, ისე ონლაინ რეჟიმში, რათა ხელი შეეწყოს მათ ჩართულობას. სამწუხაროდ, ამ წინადადებამ ვერ მიიღო შესაბამისი ყურადღება საკანონმდებლო დონეზე. ეს კი საზოგადოების ინფორმირებულობას ხელს უშლის.
სამწუხაროდ, ამ წინადადებებს ჯერ არ მიუღია შესაბამისი ყურადღება, რაც ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებულობას.
თორნიკე კუსიანი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში დიდი როლი აქვს კორუფციას:
„ელიტურმა კორუფციამ კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის საკითხები. პოლიტიკურად აფილირებული ბიზნესები ხშირად სარგებლობენ სუსტი რეგულაციებითა და საოცრად ხელსაყრელი გარიგებებით.
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საკითხია გარემოსდაცვითი რეგულაციების სუსტი აღსრულებაა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა და სამთო მრეწველობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარემოსდაცვითი კანონები, მარეგულირებელი ზედამხედველობა ხშირად არარსებულია. ეს განსაკუთრებით ვლინდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგური. საქართველოს მთავრობამ პროექტი წინ წაწია, მიუხედავად გარემოზე ზემოქმედების არაადეკვატური შეფასებისა (გზშ).
ენერგეტიკის გარდა, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიამ ასევე ხელი შეუწყო გარემოს დეგრადაციას, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე. მაგალითად, ყაზბეგის ეროვნულ პარკის დაცული სტატუსის მიუხედავად, სამშენებლო პროექტები კვლავ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და არღვევს მყიფე ეკოსისტემებს.
იმის გათვალისწინებით, რომ გარემოსდაცვითი მდგრადობა არის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მთავარი საყრდენი, შიდა პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამობამ შეიძლება შეანელოს ინტეგრაციის პროცესი“.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება თავისი სპეციფიკით მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე საპასუხოდ, იმისთვის, რომ არსებული გარემო შენარჩუნდეს და განვითარდეს ადამიანების სასიკეთოდ. როგორც მოყვანილმა არგუმენტებმა ცხადყო, საქართველოში სგშ-ს პრაქტიკა დანერგვის, ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზეა და საჭიროებს როგორც პროფესიულ, ისე საკანონმდებლო მხარდაჭერას, რათა დოკუმენტი იყოს მოსახლეობის საჭიროებებთან მაქსიმალურად დაახლოებული და გარემოს მიმართ მეგობრული.
მასალა მომზადებულია საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეების დაკვეთით International Foundation Groenlinks მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.