საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის, სულ მცირე ,60% აცრილი იყოს.
გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, 21 იანვარს, მთავრობამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმა – „ რომლის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე აიცრას საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი“.
„ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ დღევანდელ სხდომაზე ასევე ახსენა „კოვაქს“ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში ვაქცინები უნდა შემოვიდეს. კოვაქსის“ პლატფორმას ჯანდაცვის მსფოლიო ორგანიზაცია კურირებს.
„საქართველომ 5-6 თვის წინ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ-ნახევარი ვაქცინა. ჩვენ ეს ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. მთავარი მიზანი ახლა გახლავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში“,- დასძენს გახარია და ამატებს, რომ საქართველო დღეს მზად არის მიიღოს ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინა.
ამასთანავე, მისივე თქმით, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს მწარმოებელ კომპანიებთან.
საქართველო ამ ეტაპზე სამი ფარმაცევტული კომპანიის – „მოდერნას“; „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემოტანაზე ფიქრობს. ამ ვაქცინებს როგორც ჯანმოს, ასევე სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია აქვთ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა ამბობენ, რომ მხოლოდ ამგვარი ავტორიზაციის მქონე ვაქცინებს განიხილავენ. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ვაქცინები ერთბაშად არ შემოვა.
პირველ ეტაპზე, თებერვლის თვეში, საქართველო მხოლოდ 20 ათას დოზას ელოდება, რაც 10 ათასი ადამიანის სამყოფია.
თუ ფაიზერის ვაქცინა შემოვა, აცრა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩატარდება – გაბუნია








