ახალი ამბები

თუ ფაიზერის ვაქცინა შემოვა, აცრა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩატარდება – გაბუნია

13 იანვარი, 2021 • 1768
თუ ფაიზერის ვაქცინა შემოვა, აცრა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ჩატარდება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ თუ ქვეყანაში „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინა შემოვა, მას სამ დიდ ქალაქში ჩაატარებენ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა კი რეგიონულ დონეზეც იქნება შესაძლებელი.

„მოდერნა“; „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“ სამი ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინები შეიმუშავეს. საქართველო სამივე ვაქცინის გამოყენებას გეგმავს.

როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, ორივე ვაქცინის შესანახად საჭიროა სპეციალური სამედიცინო მაცივარი. თუმცა ამ ორს შორის განსხვავება ის არის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო დაბალ ტემპერატურაზე, -70°C-ზე ინახება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტექნოლოგიურად, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყება შესაძლებელია, თუმცა „ფაიზერისთვის“ საჭირო მაცივრები მხოლოდ სამ დიდ ქალაქში ინახება.

„ერთადერთი არის ის, რომ ამ მაცივრების გამოყენების შესაძლებლობა სამ დიდ ქალაქშია. თუ ჩვენ დაგვჭირდა, მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროცესის დაწყება, მთავარი ადგილები, სადაც მოხდება აცრა, სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი -იქნება.

მაშინ, როცა ასტრაზენეკაზე გამოვალთ, უფრო ფართოდ გავშლით შესაძლებლობას და რაიონულ დონეზეც ჩატარდება. ეს არის ერთადერთი განსხვავება“, – ამბობს გაბუნია რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველო ვაქცინების შესაძენად 17 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც საშუალოდ, 700 ათასი ადამიანის ასაცრელად იქნება განკუთვნილი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, თანხის ნაწილი წინასწარაა გადახდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი