ნეტგაზეთი | აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა – Netgazeti
RU | GE  

აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა

ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა დღეს, 10 აგვისტოს გაახმიანა.

მან ქვეყანაში არსებულ მძიმე კორუფციულ გარემოზე ისაუბრა და თქვა, რომ 4 აგვისტოს ტრაგედიაც აღნიშნულის გამოვლინებაა. მისი თქმით, კორუფცია მთავრობაზე ძლიერია.

დიაბმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის გადასარჩენად.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ანტისამთავრობო პროტესტი და შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე 8 აგვისტოს. აღნიშნული მოვლენების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომამდე, პოსტები თავად დატოვეს ლიბანის იუსტიციის, ინფორმაციისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა.

ჰასან დიაბის განცხადების პარალელურად, შეტაკებები ისევ მიმდინარეობს ლიბანის პარლამენტთან, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის: პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტისა გადადგომასა და პარლამენტის დათხოვასაც მოითხოვენ.

ჰასან დიაბის მთავრობა ლიბანს სულ ნახევარი წელი მართავდა. ის მას შემდეგ დაკომოლექტდა, რაც წინა მთავრობა, საად ჰარირის მეთაურობით, გასული წლის ოქტომბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ გადადგა.

დიაბის კაბინეტი პროირანული, შიიტური “ჰეზბოლას” მიერ იყო მხარდაჭერილი.


ბოლო მონაცემებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 6 000.

აფეთქებამ შეძრა მთელი ქალაქი: დაზიანდა მომხდარის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენობებიც, ახლომდებარე ნაგებობები კი მთლიანად დაინგრა. ქალაქის გუბერნატორის თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი.

ლიბანის მთავრობამ ტრაგედიის დღესვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს. დაკავებულია 16 ადამიანი.

ხელისუფლებამ პირობა  დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. პარალელურად, არაერთი მოქალაქე სვამს კითხვას, რატომ ვერ აიცილა მთავრობამ პორტში დასაწყობებული, შემდგომ კი აფეთქებული ნივთიერებიდან მომავალი საფრთხე, რომლის არსებობის შესახებაც წლების მანძილზე იყო ცნობილი.

8 აგვისტოს ანტისამთავრობო აქცია  სწორედ აფეთქებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯის მოთხოვნით დაიგეგმა, თუმცა დემონსტრანტები ასევე პროტესტს უცხადებდნენ პოლიტიკურ კლასს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტს, კორუფციასა და უყურადღებობას.

პროტესტისა და მძიმე შეტაკებების ფონზე, ლიბანის პრემიერმა კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად ვადამდელი არჩევნები დაასახელა და თქვა, რომ წარმოადგენდა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებასაც. თუმცა, უკვე დღეს, 10 აგვისტოს, დიაბი ისე გადადგა, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

ლიბანი აფეთქებამდეც კრიზისში იყო: ქვეყანა უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, უმუშევრობის დონე 25% იყო, მოსახლეობის მესამედი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, რასაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც დაემატა.

ვრცლად აფეთქებასა და კრიზისზე:

„ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია“ – რას უყვებიან ლიბანელები „ნეტგაზეთს“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან