ახალი ამბები

სქესობრივ დანაშაულზე საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად “საფარი” პარლამენტს მიმართავს

24 დეკემბერი, 2020 • 1174
სქესობრივ დანაშაულზე საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად “საფარი” პარლამენტს მიმართავს

ქალთა ორგანიზაცია “საფარი” სქესობრივ დანაშაულზე საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად პარლამენტს წერილობით მიმართავს.

ორგანიზაციის განცხადებით, მათი პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები იძლევა საფუძველს ითქვას, რომ სქესობრივი დანაშაულის კუთხით საქართველოში ხარვეზიანია როგორც კანონმდებლობა, ასევე მიდგომა, რომელსაც შსს და პროკურატურა კანონის აღსრულებისთვის იყენებს:

“უკვე დიდი ხანია, ჩვენ ვმუშაობთ სქესობრივ დანაშაულებზე, ვთანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ პოლიციასა და პროკურატურასთან და ვხედავთ სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს. ჩვენი პრაქტიკა და კონკრეტული საქმეები გვაძლევს შესაძლებლობას დანამდვილებით ვთქვათ, რომ სისტემა არ არის მგრძნობიარე ამ დანაშაულის მიმართ, რომლის  მსხვერპლებიც მუდმივად არიან ქალები და ბავშვები. სისტემა ვერ იძიებს ამ დანაშაულს და, როგორც წესი, ძალიან ჭირს ბრალის წაყენება ასეთ დანაშულზე და, როგორც წესი, ეს საქმეები სასამართლომდეც ვერ მიდის.

პრობლემა არის გამოძიებაში იმიტომ, რომ მტკიცებულებათა რა სტანდარტი უნდა იყოს, ეს არის გაუგებარი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის და ხშირად არ იწყება საერთოდ დევნა კონკრეტული პირის მიმართ. შესაბამისად, უფრო მსუბუქ დანაშაულებზე ადვილად დგება მართლმსაჯულება. ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის სქესობრივი დანაშაულები, არ დგება სასჯელი და პრაქტიკულად, დაუსჯელები არიან ის ადამიანები”, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

მისი თქმით, როცა სახეზეა რამდენიმე დანაშაული, არ იწყება გამოძიება სქესობრივ დანაშაულზე, იწყება სხვა დანაშაულებებზე, ან იწყება გამოძიება სხვა მუხლით და არა სქესობრივი დანაშაულის მუხლით, ან გროვდება მტკიცებულებები, მაგრამ დაზარალებულად არ ხდება ადამიანის ცნობა.

პატარაიას თქმით, არის შემთხვევებიც, როცა დაზარალებულად ხდება ადამიანის ცნობა, მაგრამ ბრალდებულს ბრალს არ უყენებს პროკურორი:

“ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომ სასამართლომდე მაინც მივიდეს სქესობრივი დანაშაულის საქმე. მაშინ, როდესაც მოვუწოდებთ მსხვერპლებს, არ მოითმინონ ეს მძიმე დანაშაული, რომელზეც არის უდიდესი სტიგმა, ითვლება მსხვერპლისთვის სამარცხვინო დანაშაულად და ისედაც ცოტა ადამიანი იღებს ხმას.  ვატარებთ კამპანიებს, “ჯერ მკითხე” ასეთი კამპანია არის. ასევე დავიწყეთ ანონიმური ისტორიების შეგროვება და გამოქვეყნება, მომართვიანობა იზრდება და სისტემა არ არის მზად, რომ მართლმსაჯულება აღდგეს.

დღეის მდგომარეობით, იმისთვის, რომ ადამიანმა ამტკიცოს, არის გაუპატიურებული, ამასთან უნდა ამტკიცოს, რომ არის სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლიც. მაგალითად, აქვს ფიზიკური დაზიანებები, ან ხორციელდებოდა მასზე მუქარა, შანტაჟი და ა.შ. ეს მუხლი არ მოდის შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან, არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო კონვენციებთან, არის ჩამორჩენილი, ცუდი მუხლი და მასაც სჭირდება გამოსწორება” ,- ამბობს ბაია პატარაია.

მისი თქმით, დღეს “საფარი” წერილობით მიმართავს პარლამენტს, რათა დაიწყოს მუშაობა ამ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაზე. თუმცა აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება თუ არა, თუ ის არ აიქნება აღსრულებადი:

“საერთაშორისო პრაქტიკით, სქესობრივ დანაშაულებებში, როგორც წესი, მთავარი მტკიცებულება არის მსხვერპლის ჩვენება, ასევე, ბრალდებულის ჩვენება. ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკითხოს ორივე და დადგინდეს მთლიანად კონტექსტი, რას ყვებიან ეს ადამიანები და სხვა გარემოებები რას მიუთითებენ. აქ, როგორც წესი, პირდაპირი მტკიცებულებების ნაკლებობაა, მოწმეები არ ჰყავს ამ დანაშაულს და მისი გამოძიება რთულია, მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულებითი სტანდარტი.

საქართველოში არათუ მაშინ, როცა ამ მტკიცებულებით სტანდარტს ვხვდებით, არამედ დამატებით კიდევ ყველა შესაძლო მტკიცებულება არის საქმეში მოპოვებული, ამის მიუხედავადაც კი შესაძლებელია და ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც გასულია წელიწადი და 2 თვე, არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება საქმეში, მაგრამ არ ხდება ბრალის წაყენება ადამიანისთვის. რაც კი შესაძლოა მტკიცებულებები არსებობდეს გაუპატიურების საქმესი, ყველაფერი მოძიებულია, უამრავი ექსპერტიზაა ჩატარებული და პროკურორს მაინც არ მიაქვს საქმე სასამართლოში”, – ამბობს ბაია პატარაია.

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი