ახალი ამბები

რთულია განასხვავო მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები — წულუკიანი

23 დეკემბერი, 2020 • 1262
რთულია განასხვავო მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები — წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრის და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, მიზანმიმართულად ხდება იმის აღრევა, რომ თითქოს მმართველი გუნდი პარტიების დაფინანსების შესახებ სადავო კანონს პოლიტიკური ბოიკოტის გამო იღებს.

მისი თქმით, რთულია, “პოლიტიკური მებოიკოტეები” და “ქუჩის საბოტაჟნიკები” განასხვავო.

“ასაღებენ ისე, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც არის მორიგი ყალბი ინფორმაცია. პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი, და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში რთულია განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები, დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის საბოტაჟნიკები. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არამხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა”, — განაცხადა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანი ამბობს, თუ ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებს აითვისებენ და შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს, მათ დაფინანსება არ შეუწყდებათ.

სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ნაციონალური მოძრაობის” თუ მისი სხვასხვა განყოფილების, იქნება ეს “ევროპული საქართველო” “გირჩი”/მირჩი, “აღმაშენებელი” — სამეფო პარტიაა ასეთი… მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ იქნება მისასლმებელი საქციელი”, — თქვა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ინიცირებულ კანონპროექტს არადემოკრატიულად აფასებენ და განიხილავენ როგოროც სადამსჯელო ზომას იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.


ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. საპასუხოდ, “ოცნებამ” წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს, მათ შორის, უფასო საეთერო დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი