ახალი ამბები

“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს

19 დეკემბერი, 2020 • 2354
“მათრახის პოლიტიკა” – საით მიჰყავს პოლიტიკური პროცესი “ოცნების” ახალ ინიციატივებს

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას, საარჩევნოდ უფასო საეთერო დროით სარგებლობასა და საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტიის მოხსნას ეხება, კითხვებს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური კუთხით ტოვებს.

იმის გამო, რომ “ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები დოკუმენტის სახით ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, კონსტიტუციონალისტებსა და ანალიტიკოსებს ზუსტი შეფასებების გაკეთება უჭირთ. თუმცა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული ზოგადი პრინციპები, რასაც აღნიშნული ცვლილელები მოიაზრებს, მათ შეშფოთებას იწვევს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა ბარიერგადალახულმა პარტიებმა (გარდა “მოქალაქეებისა” და “გირჩის” 3 წევრისა), სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს და საარჩევნო სიები გააუქმეს, პარალელურად კი უცხოელი ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდიდან შედეგი ჯერ არ ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილისთვის მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ინიციატივები შანტაჟსა და მუქარას ჰგავს, ფასილატოტორებისთვის კი მოლაპარაკებების ხელის შეშლას.

რა არის პარტიების შემოსავლების წყარო საქართველოში

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების მიღება შემდეგი წყაროებიდან აქვთ ნებადართული:

  • სახელმწიფო დაფინანსება (რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის პირდაპირ გადაცემულ თანხებს, არაპირდაპირ დაფინანსებას და გარკვეული ხარჯების ანაზღაურებას);
  • საწევრო შენატანები;
  • შემოწირულებები (წლის განმავლობაში მაქსიმუმ 60 000 ლარი ერთი ფიზიკური პირისგან და 120 000 ლარი – იურიდული პირისგან);
  • სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე, საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი;
  • საბანკო სესხები.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”(TI)თანახმად, 2019 წელს პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 41% (8 437 689) კი – კერძოზე.

კვლევაში განმარტებულია, რომ კერძო და სახელმწიფო შემოსავლების ასეთ დაბალანსებულ პროპორციას ძირითადად „ქართული ოცნების” მიერ მიღებული კერძო შემოწირულებები განსაზღვრავდა, სხვა პარტიების შემოსავლის ძირითად წყაროს კი, როგორც წესი, სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს. TI-ს მიერ 19 პარტიის შემოსავლების შესწავლიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნების” გამოკლებთ, დანარჩენი 18 პოლიტიკური პარტიის ჯამური შემოსავლის 88% სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხებიდან მოდიოდა.

შესაბამისად, რამდენიმეს გარდა ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებაზე თითქმის სრულად არის დამოკიდებული და ეს ტენდენცია წლიდან  წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება.

პოლიტიკური პარტიების მიერ 2019 წელს მიღებული სახელმწიფო დაფინანსება და შემოწირულებები (ლარი):

(19 პარტიიდან მხოლოდ ერთს, „ლელო”-ს, არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, ვინაიდან იგი 2019 წელს შეიქმნა დ წინა არჩევნებში არ მონაწილეობდა)

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკისშემცველია.

პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ IDFI-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ “კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით”. გარდა ამისა, მათივე თქმით, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია.  2012 წლიდან “ქართული ოცნებისა” და სხა პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები დიაგრამაზე ასე გამოიყურება:

როგორც ზემოთ მოყვანილი კვლევებიდან ჩანს, საქართველოში პარტიები დიდწილად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. გამონაკლისი მმართველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტიაა, რომლებიც შემოწირულებებს კი იღებენ, თუმცა ისინი ძირითადად მსხვილ შემომწირველებზე არიან დამოკიდებული.

საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა — “პარტიების სადამსჯელო ოპერაცია”

ასეთ მოცემულობაში, როცა მკვეთრად განსხვავებული შემოსავლების გამო პარტიებს შორის თანაბარ კონკურენციაზე საუბარი ძალიან რთულია, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ანალიტიკოსების აზრით, პოლიტიკური ველიდან მათი გაქრობის საფრთხეს აჩენს.

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული.

კობახიძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

“აღნიშნული კანონპროქტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვილებების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით”, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდის არგუმენტაციაა, რომ ისინი ამ ინიციატივით საბოტაჟს ებრძვიან, რომელსაც კობახიძის განცხადებით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია ახორციელებს.

კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტშიც, რომლის თანახმადაც, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ დეპუტატებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი “ქართული ოცნების” ინიციატივას არაგონივრულად აფასებს და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ორმაგად პრობლემურად მიიჩნევს. ის დაანონსებულ ცვლილებებს იმ პარტიების სადამსჯელო ოპერაციას ამსგავსებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

მისი თქმით, მმართველი პარტია საკანონმდებლო ბერკეტს, როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რათა ოპონენტები დასაჯოს.

“აქედან გამომდინარე, პრობლემაა, როდესაც ასეთი კომუნიკაცია ხდება, ემუქრება და შანტაჟის სახე აქვს: “თუ თქვენ პარლამენტში არ შემოხვალთ, ჩვენ მოგიხსნით დაფინანსებას”, დაახლოებით ასეთი სახე აქვს”, — ამბობს ნატროშვილი ნეტგაზეთთან.

ნატროშვილი პრობლემას არა მხოლოდ “ოცნების” ინიციატივის შინაარსში, არამედ პრინციპების დონეზეც ხედავს და აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა/არშესვლა პარტიის განვითარების საკითხთან პირდაპირ კავშირში არაა. მისი თქმით, პარტიას ყოველწლიური დაფინანსება სჭირდება, რათა ოპერირება შეძლოს და ამიტომაც,  საერთაშორისო რეკომენდაციებში, პარტიების სახელმწიფო დაფინანსება საპარლამენტო მანდატებზე მიბმული არაა.

მისი განმარტებით, ამის იდეა ის არის, რომ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა არამარტო საპარლამენტო პარტიებს, არამედ არასაპარლამენტოებსაც ჰქონდეთ, რათა პოლიტიკური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი იყოს.

“ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის „გაიდლაინებს“ თუ შევხედავთ, ძალიან ცხადად წერია, რომ სასურველია, ისეთი პარტიებიც კი ფინანსდებოდნენ, რომლებიც პარლამენტში არ არიან[…] პარლამენტში მანდატები ვინც აიღო, იმათ საკუთარი შემოსავლები აქვთ, ცალკე დაფინანსება აქვთ მათი საქმიანობისთვის. ამიტომ ეს პირდაპირ პარტიის საქმიანობაზე არ არის მიბმული. იმის გამო შეუწყვიტო დაფინანსება, რომ პარტია პარლამენტში არ შედის, სრულად მიუღებელია”, — ამბობს ის.

მისი განმარტებით, ბევრი პარტიის არსებობა აუცილებელია იმისთვისაც, რომ 2024 წელს, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისას, კონკურენცია და რეალურად მრავალპარტიული პროცესი შედგეს.

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებას შეუწყვეტს,  სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებული გაერთიანებები არსებობას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან კერძო დაფინანსების მოძიება გაუჭირდებათ და ბევრი პარტია აქტივობებს შეწყვეტს.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდისთვის ბუნდოვანია საფუძველი, რის გამოც პარტიებს არჩევნების შედეგად მიღებული დაფინანსება უნდა ჩამოერთვას, ისევე, როგორც საეთერო დრო გაუუქმდეთ. მისთვის კითხვას აჩენს ისიც, რატომ არის ამ დაფინანსების მიღება პირდაპირ პარლამენტში შესვლაზე მიბმული.

“სულ რომ ყველა კონსტიტუციურ სტანდარტს აკმაყოფილებდეს სამართლებრივი თვალსაზრისით [ეს ინიციატივა], მას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემა. ხელისუფლება ამას იყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს, როგორც სამაგიეროს მიზღვას ოპოზიციისთვის და ამისთვის თავის სახელისუფლებო ბერკეტებს ამუშავებს, რაც თავისთავად მიუღებელია”, — ამბობს ის ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, აღნიშნული ცლილებების მიღებით ხელისუფლება “მათრახის პოლიტიკას” გაატარებს, რაც პროცესებს პოლიტიკურ ჩიხში შეიყანს და არსებულ დაძაბულობას არ განმუხტავს.

როგორც ის ამბობს, ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს ეს სტრატეგია ჰქონდეს.

“შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს უფლებები სხვის მოწონებაზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ეს შეცდომა იყოს, თვითონ ოპოზიცია დააზარალოს, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური მსჯელობის საკითხია. უფლების დონეზე აქვთ ამის უფლება, ისინი იყენებენ ამ უფლებას და რამდენად ცუდად თუ კარგად, ამას გვაჩვენებს მომავალი”, — ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე აღნიშვანს, რომ დაფინანსების შეწყვეტა ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებით კი ახალ ოპოზიციურ პარტიებს, ძალიან რთულ ვითარებას შეუქმნის. მისი თქმით, მათ ამ პროცესში ფაქტობრივად “ფრთები შეუკვეცეს”.

პარტიის არჩევნებიდან მოხსნა თუ გაუქმება?

არანკლებ კითხვებს იწვევს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს შეეხება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კიდევ ერთი კანონპროექტი იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

“ეს არ არის პარტიის აკრძალვა. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს.

კონსტიტუციის ოთხი საარჩევნო ცენზია დაწესებული: მოქალაქეობის ცენზი, ნასამართლეობის ცენზი, ასაკობრივი ცენზი და ქმედუნარიანობის ცენზი. თუ საარჩევნო აგიტაციაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი, არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში საარჩვევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება”, — განაცხადა კობახიძემ.

მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ აღნიშნული ცვლილებით„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებენ, თუ პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოშორდება.

როგორც კობახიძე ამბობს, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგ არჩევნებში პარტიის ლიდერის სახელით კამპანიაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება. როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არაა, ასევე ის მსჯავრდებულია ქართული სასამართლოს მიერ.

მიუხედავად, იმისა, რომ კობახიძის მტკიცებით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას შეიძლება იგივე ეფექტი ჰქონდეს, რაც თავად პარტიის გაუქმებას.

მენაბდის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ მას საფუძვლად ძალიანი მნიშვნელოვანი ინტერესები დაუდოს.

მისი თქმით, იმ ფორმულირებას, რაც კობახიძისგან ისმის, კანონის მისაღებად საჭირო სტანდარტის დაკმაყოფილება გაუჭირდება. კობახიძის ფორმულირებები მენაბდისთვის შემდეგ კითხვებს ტოვებს: რას ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა? რა ინტენსივობას უნდა მიაღწიოს ამ ჩართულობამ? ლიდერს ფორმალური თანამდებობა უნდა ეკავოს თუ უბრალოდ სახე უნდა იყოს? როგორ უნდა გაიზომოს ეს? რა სტანდარტი უნდა ედოს ამას საფუძვლად? მისი თქმით, სწორედ ამ და კიდევ მრავალ კითხვაზე უნდა იყოს პასუხი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“სააკაშვილი ვერ იქნება საფუძველი. ერთი ადამიანი კი არ არის საფუძველი, საფუძველი არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესის დაკმაყოფილება. რა არის ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესი, ამას ჩვენ გავიგებთ განმარტებითი ბარათიდან. ამიტომ ძალიან მნიშვლევოვანი კონსტიტუციური ინტერესი უნდა ედოს საფუძვლად ამ გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის სტანდარტი”, — ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე. 26.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მენაბდის თქმით, პოლიტიკური გამოხატვა ძალიან მაღალი სტანდარტით დაცული უფლებაა და ამიტომ, საჭიროა, რომ კანონი განჭვრეტადი იყოს და ინტერპრეტაციების საშუალება არ დატოვოს.

“კანონი უნდა იყოს ძალიან ვიწროდ მიზანმიმართული. იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ თვითნებობა და ფართო ინტერპრეტაციები. ვინაიდან რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება პარტიის გაუქმების მიზნის იყოს და პოლიტიკური გამოხატვა ძალიან მაღალი სტანდარტით დაცული უფლებაა. ამის გამო არის საჭირო ერთი მხრივ, მაღალი კონსტიტუციური ინტერესის დასაბუთება და მეორე მხრივ, კანონის მკაფიოობა”, — ამბობს ის.

აღნიშნული ინიციატივა ფორმის და კონტექსტის კუთხით ცალსახად პრობლემურია ლევან ნატროშვილისთვისაც. მისი თქმით, ეს მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების მიმართ ანგარიშსწორებაა და ამ კონტექსტში ცალსახაა მოტივი, რატომაც ხდება მისი ინიცირება.

როგორც ის ამბობს, საკითხავია ისიც, რამდენად კონსტიტუციური იქნება აღნიშნული რეგულაციის შემოტანა.

“ძალიან რთულია, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ სამოტივაციო ნაწილი. მე რასაც ვუსმენდი იყო, რომ ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს უფლებამოსილება აგიტაცია გაწიოს, თუ გაწია და ჩართული იყო, მერე პარტიას ეხსნება რეგისტრაცია. რამდენად გონივრულია უკანონო აგიტაციის გამო პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა? — სავარაუდოდ, ვერ დააკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს. დღეს თუ არის მაგალითად 2000 ლარი ჯარიმა, რეგისტრაციიდან მოხსნა საკმაოდ მძიმე იქნება. აგიტაციის წესების დარღვევა არ ითვლება ისეთ მძიმე დარღვევად, რომ ამას ჩვენ რეგისტრაციიდან მოხსნა მივაყოლოთ” — ამბობს ნატროშვილი.

მისი თქმით, შეიძლება ვიღაც ადამიანმა თავისით, უკანონოდ გასწიოს აგიტაცია, მაგრამ პარტია მასთან არაფერ შუაში იყოს. ამიტომ მისთვის პრობლემურია, რატომ უნდა მოიხსნას პარტია ამ შემთხვევაში და როგორ უნდა გამოიკვეთოს პარტიის ბრალეულობაც.

როგორც ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციასა და “ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორების პოზიცია.

“იმიტომ, რომ ასეთი ენით, მიუღებელი რეგულაციებით ფაქტობრივად ვაჭრობა და შანტაჟი, წესით, ამ პროცესში მიუღებელი უნდა იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ და არ იქნება მიღებული მსგავსი ტიპის კანონები”, — ამბობს ნატროშვილი.

ანალოგიური ინიციატივა 2008 წელს

როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება, სიახლე არ არის. მსგავსი რამ საქართველოსი უკვე მომხდარა 2008 წელს, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მანდატებზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა. მაშინდელი ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ამ პარტიებს დაფინანსება შეუწყდათ. კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში თავადვე გააუქმა.

2008 წელს პარტიებისათვის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ეწინააღმდეგებოდა. მაშინდელი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი პარლამენტში არშესვლის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას აქტიურად აკრიტიკებდა და დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე პირდაპირ დარტყმად აფასებდა.

სუბარი ამბობდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან, რადგან აერთიანების თავისუფლება, როგორც დემოკრატიული წესწყობილების აუცილებელი ელემენტი, მუდმივია და არ შეიძლება, მისი არსებობა პოლიტიკურ რეალობაზე და კონკრეტულ პოლიტიკოსთა – პრეზიდენტისა თუ პარლამენტის ცალკეულ წევრთა – ნებაზე იყოს დამოკიდებული.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას ფიქრობს სოზარ სუბარი დაახლოებით მსგავსი შინაარსის მქონე “ქართული ოცნების” ინიციატივაზე დღეს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.

გვაინტერესებდა, რა პოზიცია აქვს სოზარ სუბარს მისი გუნდის ამ ინიციატივაზე და დაუჭერს თუ არა პირადად მხარს აღნიშნულ კანონპროექტს. ამ კითხვებზე პასუხის მიღება სოზარ სუბარისგან რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ, მან პარტიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

“ძალიან დიდი ნაბიჯი უკან, ავტორიტარიზმისკენ”

პოლიტიკური პარტიების კონკურენციისთვის თანაბარი სათამაშო მოედნის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად მიიჩნევენ პოლიტიკის მკვლევარები.

როგორც ბამბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლევან კახიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს,  “ქართული ოცნების აღნიშნული” ინიციატივა, სწორედ ამ სათამაშო მოედანზე გავლენის მოხდენის მცდელობას წარმოადგენს.

მისი თქმით, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები ისედაც არ არიან თანაბარ პირობებში ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით, შესაბამისად თუ ინიცირებული ცვლილებები ძალაში შევა, ეს იქნება “ძალიან დიდი ნაბიჯი უკან, ავტორიტარიზმისკენ”.

“დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების საქმიანობას ამომრჩეველი თავად აფასებს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მეშვეობით და არ არის საჭირო ხელოვნურად შექმნილი სადამჯელო ზომები იმ პარტიებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს. თუ პარტიის ქმედება არ არის დანაშაულებრივი ხასიათის და არ არღვევს კანონმდებლობას, მისი პოლიტიკური ქცევის, როგორიცაა, მაგალითად, საპარლამენტო ბოიკოტი, სამართლებრივად შეფასება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი ხდება”, — ამბობს ის.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა” ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გამჭვირვალე არაა და როგორც გარედან ჩანს, გონივრული კომპრომისისთვის მხარეები მზად არ არიან, ჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული ინიციატივა, შესაძლოა, გახდეს ერთგვარი მუქარის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიცია კომპრომისზე დაითანხმოს.

როგორც ის ამბობს, მოლაპარაკებების პირობებში ამ ინიციატივის წამოყენება შორსაა კომპრომისული ქცევისაგან და აგზავნის სიგნალს, რომ “ქართული ოცნება” მყარად დგას საკუთარ პოზიციებზე და უკან დახევას არ აპირებს. მისი შეფასებით, “ოცნების” მხრიდან ეს უფრო “შემტევი ქცევაა”, რასაც ოპოზიციური პარტიები უარყოფითად აღიქვამენ.

“ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში გაჩნდა ახალი საკითხი და ამ ინიციატივის ჩაგდება შეიძლება ოცნებამ გაყიდოს როგორც კომპრომისული ნაბიჯი მაშინ, როდესაც ეს საკითხი საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და მოხდა მისი ხელოვნურად შემოტანა განხილვებში. თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ კონკრეტულად რა განიხილება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს არ არის ცნობილი და შეფასების გაკეთება რთულია”, — ამბობს ის.

მისი შეფასებით, ამგვარი ცვლილელების მიღება “ქართული ოცნებისთვის”, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში სარგებლის მომტანი იყოს, რათა ოპოზიციური პარტიები კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომაროებაში აღმოჩნდნენ, თუმცა საერთო ჯამში, ეს კანონმდებლობა დემორკატიის გაძლიერების პროცესში პრობლემებს შექმნის.

“რადგან დაასუსტებს ოპოზიციას. ინიციატივა მოქმედების არჩევანს უზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს, რაც პირდაპირი გავლენაა მათ ქცევაზე და პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგიაზე. ეს დააზარალებს პოლიტიკურ კონკურენციას და შედეგად დემოკრატიას საქართველოში”, — ამბობს ის.

ლევან კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნების” ერთგვარად „მორალური“ არგუმენტი იმის შესახებ, რომ თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან საერთოდ არ უნდა მიიღოს დაფინანსება, შესაძლოა, მათმა ამომრჩეველმაც გაიზიარონ და ამ მხრივ, მმართველმა გუნდმა სახელისუფლებო ნარატივის გაკონტროლება შეძლოს.

თუმცა, მისი თქმით, თუ ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან სათანადო შეფასებები მოჰყვა, შესაძლებელია, რომ ნარატივის გაკონტროლება ხელისუფლებამ ვეღარ მოახერხოს. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიღებას საერთაშორისო პარტნიორებისგან აუცილებლად უარყოფითი რეაქცია ექნება და ამ ქმედებას სათანადო შეფასება მიეცემა.

“როგორც პარტიის მიერ გაცხადებული მიზნებიდან ვიცით, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებენ, ამისათვის, თავი უნდა შეიკავოს იმგვარი ინიციატივებისგან, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მოქმედების თავისუფლებას უზღუდავს და კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე ისინი ახლა არიან. ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი პოტენციური საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ასეთი ინიციატივების სიაში ხვდება”, — აცხადებეს ლევან კახიშვილი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) კიდე ერთი ანალიტიკოსის, ბიძინა ლებანიძის აზრით, ოპოზიციის უმრავლესობას და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობები ისედაც “უკიდურესად გაფუჭებულია” და დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყნის შიგნით დინამიკას დიდად არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურ და სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნის.

ბიძინა ლებანიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი

“ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აღიქმება, თუმცა საქართველოს და ზოგადად ამ რეგიონის მიმართ დემოკრატიული მოლოდინების მარჟა ისედაც ძალიან დაწეულია. დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემიჯნება ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მთავრობას, თუ ბელარუსის მსგავსი მასობრივი გაყალბება ან სხვა სერიოზული გადაცდომები მოხდება დემოკრატიული მმართველობის ან ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

ჯერჯერობით დასავლეთი თვლის რომ, “ქართულ ოცნებას” წითელი ხაზი არ გადაულახავს და ოპოზიციის რეაქცია გადაჭარბებულია. თუმცა, ბოლო ნაბიჯი ნამდვილად არ ასხამს “ქართული ოცნების” წისქვილზე წყალს დასავლეთის თვალში”,  — ამბობს ის ნეტგაზეთთან.

თუმცა, მისი თქმით, თუ მთავრობამ მსგავსი რადიკალიზმით განაგრძო “ოპოზიციის დასჯა”, დასავლეთის მიდგომაც იმაზე ადრე შეიძლება შეიცვალოს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

საერთაშორისო გამოხმაურება

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ფასილიტატორია. როგორც ის ამბობს, ეს ინიციატივები მიმდინარე მოლპარაკების პროცესს ვერ ეხმარება და პირადად მის გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

ჰარცელის თქმით, პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ინიციატივას ძალიან ცხადი მიმართულება აქვს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ მიმართულია.

“ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესად დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში”, — აცხადებს ჰარცელი.

რაც შეეხება იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივას, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, ჰარცელი ამბობს, რომ მმართველი გუნდის არგუმენტში გარკვეულ ლოგიკას ხედავს.

თუმცა, მისი თქმით, ამაზე ფართო მსჯელობაც შეიძლება, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ. როგორც ჰარცელი ამბობს, პარტიების როლი მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა არაა.

“როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა, თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია”, — განაცხადა ჰარცელმა.

ელჩის შეფასებით, აღნიშნული კანონი კონკრეტულ დროსა და ვითარებაზეა მიმართული, და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე, რაც სამწუხაროა.

“ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეადარა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რიშმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ.

“ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს.

მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს”, — განაცხადა ჯიმ რიშმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი