ახალი ამბებისაზოგადოება

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

15 დეკემბერი, 2020 •
აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

[მასალა განახლდა შსს-ს პასუხით]

აფრიკის დასახლებაში შენობების დანგრევის გაპროტესტების დროს დაკავებულ ერთ-ერთ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს პირველადი ცნობებით, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაკავებული იყო 8 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით პოლიციაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ჯამში 13 ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი სისხლის სამართლის წესით.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ერთის გარდა სხვა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ხელწერილით გაათავისუფლეს.

2-დან 5 წლამდე პატიმრობის რისკი

როგორც გიორგი ბურჯანაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მე-12 მოქალაქე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. „ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია პოლიციაში დაუდასტურეს.

ეს მუხლი გულისხმობს „პოლიციელის … მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით … ძალადობით ან ძალადობის მუქარით“.

ბრალდება ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ან 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.

სახალხო დამცველის მოადგილე წერს, რომ ომბუდსმენის აპარატი დააკვირდება ამ პირის საქმეს:

„შევისწავლით, რა გახდა მის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველი“.

ის გამოთქვამს იმედს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ სასამართლო გაითვალისწინებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება პროცესები.

რა მოხდა?

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობების დანგრევისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

კახა კალაძემ თქვა, რომ ვისაც სახლი არ აქვს, შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც, მისი თქმითვე, „ნახევრად ცარიელია“.

„დაუშვებელია“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახლების დემონტაჟი გააკრიტიკა და განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიას უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება აქვს, დაუშვებელია, რომ ეს პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს“.

მან ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, ზამთარსა და სიცივეს, მეორე მხრივ კი, პანდემიას, და განაცხადა, რომ ამ გარემოებებში სახლების დემონტაჟი „წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის დღევანდელი პროცესის კანონიერების საკითხს.

სახლების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდმა“.

უსახლკარობა, როგორც სისტემური პრობლემა

სახალხო დამცველი ამ საკითხზე საუბრისას სისტემურ პრობლემას უსვამს ხაზს:

„ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს“, – აცხადებს იგი.

უსახლკარო ადამიანების აქცია თბილისის საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ნინო ლომჯარია ასევე მიუთითებს, რომ სახელმწიფოსთვის გამოწვევად რჩება უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. რაც შეეხება კალაძის ნახსენებ თავშესაფარს, — სახალხო დამცველი ამაზე ამბობს:

„მართალია, თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის“.

სისტემურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ღია საზოგადოების ფონდის (OSGF-ის) განცხადებაც, სადაც წერია, რომ:

„იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

OSGF-ის შეფასებით, თბილისის მერია ამ ნაბიჯით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და „ყოველგვარი გარანტიების გარეშე ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე“.

„მაშინ, როდესაც მთელ ქვეყანაში პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს“, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“.

„სოლიდარობა“ – აქცია მერიასთან

15 დეკემბერსვე, საღამოს საათებში, თბილისის მერიის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა აფრიკის დასახლებაში მომხდარის გასაპროტესტებლად.

მერიასთან მივიდნენ მოქალაქეები, მათ შორის აქტივისტები და პოლიტიკოსები (დამოუკიდებელი მემარცხენე აქტივისტები, პოლიტიკოსები „ლელოდან“ და ა.შ.).

დამოუკიდებელმა აქტივისტმა, გიორგი ღვინჯილიამ, რომელიც ხშირად გამოდის ადამიანების გამოსახლებისა და უსახლკარობის წინააღმდეგ, აქციაზე განაცხადა:

„ვაპროტესტებთ, ზოგადად, იმას, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება და ბიზნესელიტა ჩვენს მოსახლეობას“.

ღვინჯილიას თქმით, მოსახლეობა შიშობს, რომ ხვალაც გაგრძელდება შენობების დემონტაჟი და ამიტომ აპირებენ, ხვალაც შეიკრიბონ და მხარი დაუჭირონ ადგილობრივ მოსახლეობას.


გარეკანის ფოტო: ზურა მენაღარიშვილი/ნეტგაზეთი


უსახლკარობასთან და გამოსახლებებთან დაკავშირებით გირჩევთ წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ჩვენ შესაძლოა პოტენციური უსახლკაროები ვართ

შინ დაწყებული უსახლკარობა

სტუმრად საკუთარ ქვეყანაში

მასალების გადაბეჭდვის წესი