ახალი ამბებიკომენტარი

ჩვენ შესაძლოა პოტენციური უსახლკაროები ვართ

25 თებერვალი, 2020 • 4640
ჩვენ შესაძლოა პოტენციური უსახლკაროები ვართ
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი წარმოგიდგენთ ბლოგპოსტების სერიას „უსახლკარობა-საერთო საზრუნავი“, რომელშიც სხვადასხვა პროფესიისა და შემოსავლის მქონე ადამიანები საცხოვრებლის პრობლემის შესახებ მოგითხრობენ. ამ ისტორიებს „ნეტგაზეთიც“ შემოგთავაზებთ. პროექტის შესახებ მეტი გაიგეთ აქ. 

ავტორი: სოსო კაციტაძე, ჟურნალისტი

უსახლკარობა ჩემთვის ნაცნობი სატკივარია. ბევრი წლის წინ, ომი რომ იყო და ერთადერთი სახლი დავტოვეთ, მე, დედა და ჩემი და, სამი “უცხო”, მთელ ქვეყანას მოვედეთ. დავდიოდით ნათესავიდან ნათესავთან, სასტუმროდან სასტუმროში, შენობიდან შენობაში და ვეძებდით ადგილს, რომელსაც დავარქმევდით სახლს და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ არცერთი ეს ადგილი არასდროს გამხდარა სახლი. 

ამ მომთაბარეობას საბოლოოდ გამოცდილება კი მოაქვს, მაგრამ რაღაცნაირ ჩარჩოდაც იქცევა, გარკვეულ განსაზღვრებად, რომლისგან გაქცევა და თავის დაღწევა სულაც არაა მარტივი. 

მერე ბევრი დრო გავიდა. ამ გამოცდილებით და უსახლკაროს განსაზღვრებიდან გაქცევის მცდელობებით მოვედი აქამდე, რომ შემიძლია საკუთარი სახლი მქონდეს. თუმცა ამ სახლში ყოველთვე რაღაც თანხას ვიხდი, რომ ასე, 6-7 წლის მერე, მართლა ჩემი გახდეს. 

წარმოვიდგინე, რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ვეღარ გადავიხდი ამ თანხას და ბანკი აღსრულების ბიუროს მიმართავს. მერე ის მომწერს წერილებს და მე არ ვუპასუხებ, რადგან ჩავთვლი, რომ ეს ყველაფერი შორსაა და ვერ შემეხება, ან ვიფიქრებ, რომ რადგან წერილს ჩემამდე არ მოუღწევია, არავის ექნება ჩემი გამოსახლების უფლება. 

მერე რამდენიმე აუქციონი შედგება ჩემ გარეშე და რომელიღაც ჯერზე სახლი, რომლის ღირებულებაც, შესაძლოა, ასი ათასი ლარი იყოს, ხუთი ათასად გაიყიდება. აღმოჩნდება, რომ დარჩენილ ვალს აუქციონიდან შემოსული ხუთი ათასი მოაკლდება მხოლოდ. დამრჩება ვალი და სხვა არაფერი. 

ამის გამო, ჩვენ, მე და ჩემს მდგომარეობაში მყოფები, შეიძლება პოტენციური უსახლკაროები ვართ. კი, აპოკალიპსური მომავალია, მაგრამ არსებული არასტაბილური გარემოს გათვალისწინებით, შესაძლოა, არც ისე შორეული. 

განზოგადება არ მიყვარს, მაგრამ ციფრების მოშველიებით ეს “ჩვენ” ცხადი სტატისტიკა გახდება. ჩვეულებრივ ასეა, ადამიანთა ჯგუფები რაღაც ციფრების ქვეშ ვერთიანდებით, იდენტობისა და პირადი ამბების გარეშე – “იპოთეკით დაზარალებულები,” “გამოსახლებულები,” “გამოსახლების მოლოდინში მყოფები”, “უკიდურესად ღარიბები”, “საშუალო შემოსავლის მქონენი”. სინამდვილეში, ეს ადამიანები შენ და მე ვართ, ჩვენი ოჯახის წევრები, ნაცნობები ან მეზობლები, ძალიან კონკრეტული ცხოვრებით და ხანდახან ტრაგედიით იმის გამო, რომ ხშირად არც ჯანდაცვაა ხელმისაწვდომი, ცხოვრებაც ძვირია და საბოლოოდ კი ყველას გვჭირდება სახლი, თავშესაფარი, რომელსაც ასე, ერთი ხელის მოსმით, იშვიათად თუ შეწვდება ვინმე. აქ იწყება ბანკთან ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია. 

ამბის მოკვლევა გადაცემა “რეალური სივრცისთვის” დავიწყე. პირადი ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რომ სესხის აღების ყველაზე ხშირი მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია. ადამიანებს ახლობლების გადასარჩენად სჭირდებათ ხოლმე ბევრი ფული. რადგან ბანკი უარს ამბობს ამ მოტივით თანხის გაცემაზე, ხოლო სახელმწიფოს ჯანდაცვის ჯეროვანი სისტემა არ გააჩნია, ერთადერთი გამოსავალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ან კერძო მევახშესთან თანამშრომლობა რჩება. 

სტატისტიკამ რომ შეგვძრას, ხომ აუცილებელია, ციფრი მრავალნიშნა იყოს?!. სხვანაირად ის ყურადღებას ვერ მიიქცევს. შემძრა ეროვნული ბანკის სტატისტიკამ: 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბანკების მიერ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 156 ათასი სესხია გაცემული. ამ რიცხვში კერძო მევახშეებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული სესხები არ შედის. არადა, ყველაზე ხშირად ასეთი ვალი ხდება პრობლემული, რაც საბოლოოდ სესხში ჩადებული სახლის დაკარგვით სრულდება. სწორედ ასეთი ვალის სანაცვლოდ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისს, ერთადერთ სახლს იმეტებენ. 

პრობლემური სესხები კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იყრის თავს, სადაც, ბუნებრივია, არავინ ინტერესდება თითო ამბის “მოსაწყენი” დეტალებით და ასე ვიქცევით დიდი სტატისტიკის კრებსით სახეებად, რომელთა ამბავიც ვერ დასრულდა მორიგებით, გამოსახლებით კი დასრულდა.

არადა, ყველას გვჭირდება პირადი სივრცე, ბოლოს და ბოლოს, ოდესმე, მარტო რომ დავრჩეთ საკუთარ თავთან. უძრავ ქონებას ასეთი სლოგანებით არ ყიდიან ხოლმე?! – „იპოვე შენი სივრცე ლეღვთახევის ვერანდებზე“ ან „ქოშიგორა გიხმობს – სახლი, რომელიც ქალაქს გაჰყურებს“. სინამდვილეში სახლი პირად სივრცესა და ხედზე ბევრად მეტია, უსახლობა კი, უდიდესი სიმძიმე, რომელიც არც გასაქანს იძლევა და არც განვითარებაზე კონცენტრაციის საშუალებას. 

გასული წლის ბოლოს სპორტის სასახლესთან აქცია გაიმართა. გამოსახლებულები და გამოსახლების მოლოდინში მყოფი ადამიანები შეიკრიბნენ. ამ ხალხს განსხვავებული ისტორიები აქვს, საერთო ფინალით – ისინი კარგავენ სახლს, ადგილს, რომელსაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეხსიერება და განცდები უკავშირდება. 

ამ აქციაზე სამოცდაათს გადაცილებული ქალი გავიცანი, რომელმაც სამი სახლი დაკარგა. მან მითხრა, რომ მეზობელმა “ტკბილი ენით” მოაწერინა რაღაც დოკუმენტებზე ხელი და ორასი დოლარის ჩუქებას დაჰპირდა. ამ ქალს ფული არ აუღია, მაგრამ დაკარგა სახლები თბილისში, ბორჯომში და ქარელში. მერე იტირა: ქარელის სახლში ჩაკეტილი ვარ და ეზოშიც ვერ გამოვდივარ, ვინმე რომ არ დამადგეს და არ გამომაგდოსო. 

ჰოდა, მეც შევშინდი. ის, რაც ადრე შორეული ჩანდა ან წარსულ გამოცდილებას უკავშირდებოდა, სულაც არ აღმოჩნდა შორს. ამბის იგნორირება ვერ ჭრის პრობლემას. ის, უბრალოდ, ცოტა ხნით გახდება უჩინარი და მერე კიდევ უფრო მასშტაბური დაგვიბრუნდება. და ვინ იცის, ამ მიდგომით ერთ დღეს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ სახლი, რომელიც ჩვენი გვეგონა, აღარ გვეკუთვნის და, უსახლკარობის გამო ვერაფრით ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორები უნდა ვიყოთ ხვალ.

მასალების გადაბეჭდვის წესი