ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღი: ჰადრუთის ეპიზოდი, ომის დანაშაულები და ვითარება ზავიდან ერთი თვის თავზე

15 დეკემბერი, 2020 • 2276
ყარაბაღი: ჰადრუთის ეპიზოდი, ომის დანაშაულები და ვითარება ზავიდან ერთი თვის თავზე

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ერთი თვის თავზე გავრცელდა ცნობები ჰადრუთის რაიონთან, ორ სოფელში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ. რა ვითარებაა ახლა ადგილზე?

ერთთვიან, შედარებით მშვიდ, თუმცა დაძაბულ პერიოდში აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიები.

რუსმა მშვიდობისმყოფელებმაც დაიკავეს შეთანხმებული პოზიციები და აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტროლს.

თუმცა ჰადრუთის ეპიზოდები 10 ნოემბრის შეთანხმებისა და ამ სამშვიდობო მისიის განლაგების შესახებ სიცხადის ნაკლებობასაც უსვამს ხაზს.

პარალელურად, დღის შუქზე გამოვიდა ვიდეოკადრები, რაც მხარეების მიერ ომის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ამხელს. საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს დანაშაულების გამოძიებისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებენ.

შეტაკებები ჰადრუთთან

44-დღიანი ომის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, 11-12 დეკემბერს, გავრცელდა ცნობები, რომ მთიან ყარაბაღში, ჰადრუთის რაიონთან, სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის შეტაკებები მოხდა.

რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, რუსტამ მურადოვმა განაცხადა, რომ დაპირისპირება იყო ორ სოფელთან, ხცაბერდთან (აზერბაიჯანულად ჩაილაღალასთან) და ჰინ-თაღერთან (თაღლართან).

სომხური მხარის ბრალდების თანახმად, ცეცხლი აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, რა დროსაც 6 სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა, რომ აზერბაიჯანმა „ისარგებლა იმით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალები არ იყვნენ განლაგებულნი“.

ნიკოლ ფაშინიანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ორი სოფელი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ მოექცა.

ბაქოს „ანტი-ტერორისტული ოპერაცია“

13 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოფლებში „ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ ჩაატარეს.

მათ თანახმად, ეს ოპერაცია იყო პასუხი წინა პერიოდში — 28 ნოემბერსა და 8 დეკემბერს — მომხდარ ორ ინციდენტზე, რისი ინიციატორებიც სომხური მხარის წარმომადგენლები იყვნენ.

ბაქოს თანახმად, ამ ორი თავდასხმის შედეგად ოთხი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

თუმცა, როგორც გამოცემა „ევრაზიანეტი“, რომელიც კონფლიქტს აქტიურად აშუქებს, წერს, მსგავსი ინფორმაცია მანამდე ოფიციალურად გადაცემული ან დამოუკიდებლად ვინმეს მიერ გადამოწმებული არ ყოფილა.

სად არის ეს სოფლები?

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემრის შეთანხმებით დასრულდა.

44-დღიან ომში ტერიტორიული წინსვლისა და 10 ნოემბრის შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა დაიკავა სიმბოლური ქალაქი შუშა/შუში მთიან ყარაბაღში და ყარაბაღის გარშემო მდებარე შვიდივე რაიონი, რასაც ასევე ოკუპირებულად მიიჩნევდა, მათ შორის ჯაბრაილი.

როგორც „ევრაზიანეტის“ რედაქტორი, ჯოშუა კუჩერა მიუთითებს, ეს სოფლები – ხცაბერდი (ჩაილაღალა) და ჰინ-თაღერი (თაღლარი) ძალიან ახლოს არის მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და ჯაბრაილის რაიონის საზღვართან, ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში.

10 ნოემბრის შეთანხმებით კი, რაც მოსკოვის შუამავლობით გაფორმდა, აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი არა მხოლოდ ჯაბრაილზე, არამედ ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბოლო ომისას დაიკავა.

თუმცა აზერბაიჯანს უშუალოდ ეს ორი სოფელი ამ დრომდე აღებული არ ჰქონია. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ ის სომხური მხარის კონტროლქვეშ დარჩებოდა. მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ ყოფილა.

სომხური გამოცემა CivilNet-ის მიერ 3 დეკემბერს გავრცელებული ვიდეო აჩვენებდა, რომ ხცაბერდს არაფორმალური სომხური დაჯგუფება ამაგრებდა, რომელშიც 60-მდე მებრძოლი იყო გაერთიანებული.

მათ ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ჰაიკ ხანუმიანი, მეთაურობდა. „ველით სამშვიდობოების მოსვლას, რათა [კონტროლი გადაიბარონ]“, – ამბობდა მისი რაზის ერთ-ერთი წევრი.

ცვლილება რუსი სამშვიდობოების რუკაზე

ინციდენტიდან მალევე, 13 დეკემბრისთვის, აღნიშნულ სოფლებში რუსი სამშვიდობოები შევიდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 10 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ გამოქვეყნებული აქვს ყარაბაღში არსებული ვითარების რუკა, რომელიც ძალების განლაგებას და ახალ „კონტაქტის ხაზს“ უჩვენებს.

რუკა და მასზე ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ამ რუკაზე ჰინ-თაღერი და ხცაბერდი „კონტაქტის ხაზის“ აზერბაიჯანულ მხარეს ექცეოდა და სამშვიდობო ძალების მანდატს გარეთ რჩებოდა.

როგორც კიდევ ერთი გამოცემა, OC Media, — რომელიც ომს ასევე აქტიურად აშუქებს, — მიუთითებს, რუსი სამშვიდობო ძალების შესვლის შემდეგ, 13 დეკემბერს, ოფიციალურ რუკაზე ასეთი ცვლილება აისახა:

via Imgflip

სამშვიდობოების დისლოკაციისა და მათ კონტროლირებულ ტერიტორიას 13 დეკემბრიდან დაემატა ტერიტორია, მათ შორის აღნიშნული ორი სოფელი.

თუმცა 14 დეკემბრით დათარიღებულ რუკაზე ცვლილება უკან არის წაღებული:

რუკა ახლა კვლავ ასე გამოიყურება. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო/ნეტგაზეთის სქრინშოტი

რას მიანიშნებს ეს ეპიზოდი?

ბაქოსა და ერევანში ინციდენტს განსხვავებულად შეხვდნენ, თუმცა ორივეგან უარყოფითად აღიქვეს.

აზერბაიჯანის სამთავრობო სააგენტო APA-მ დაწერა, რომ „რუსი სამშვიდობოები სომეხი სეპარატისტების მხსენებლად მოგვევლინნენ“ და „მოსკოვისგან ახსნ-განმარტებაა“ საჭირო.

ჰაიკ ხანუმიანმა, რომელიც სოფელ ხცაბერდს იკავებდა, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართა სტეფანაკერტში და ტერიტორიის დაცვის პასუხისმგებლობა დე ფაქტო მთავრობას დააკისრა.

მოგვიანებით ხანუმიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ რუსი სამშვიდობოების პერსონალი შეზღუდულია და ის „ვერ იქნება ჩვენი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებელი“.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 დეკემბრის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს იყო „ტესტი“ რუსი სამშვიდობოებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაცია International Crisis Group-ის (ICG) ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი მიიჩნევს, რომ „ეს კონფლიქტის ზონაში ახალი რეალობაა“:

„კონტაქტის ახალი ხაზი არ არის შედეგი ორმხრივი კომპრომისისსა. შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ მისი შეცვლის მცდელობები მომავალშიც იქნება“, – წერს ის ტვიტერზე.

ის ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ესკალაცია იმანაც შეიძლება გამოიწვიოს, რომ ახალი დე ფაქტო საზღვარი მხარეებს შორის ახლა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, დასახლებულ პუნქტებს მიუყვება.

 


გაფრთხილება: ტექსტში განსაკუთრებით მძიმე კადრებია აღწერილი


ომის დანაშაულები – თავდასხმები დასახლებულ პუნქტებზე

ბოლო კვირაში კვლავ წინ წამოიწია ყარაბაღის მეორე ომის პერიოდში მხარეების მიერ ჩადენილმა სავარაუდო ომის დანაშაულებმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 11 დეკემბერს გამოაქვეყნა ორი ანგარიში, რომელიც აზერბაიჯანული და სომხური მხრეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს მიმოიხილავს.

HRW წერს, რომ დოკუმენტირებული აქვთ 11 ინციდენტი, როდესაც სომხურმა/ყარაბაღის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები, საარტილერი ცეცხლი და მსხვილი კალიბრის არტილერია დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

განჯა. ქალაქზე 17 ოქტომბრის თავდასხმის შედეგები. ფოტო: HRW

ამას გარდა, იყო კიდევ, სულ მცირე, ოთხი შემთხვევა, როდესაც შეიარაღება მოხვდა სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო სამიზნეები არ იყო.

ეს სხვადასხვა ტიპის თავდასხმა, ანგარიშის თანახმად, განხორციელდა აღდამზე, ბარდაზე, ფიზულიზე, განჯაზე, გორანბოიზე, ნაფტალანსა და ტარტარზე. ანგარიშში აღწერილია 18 თავდასხმა, რამაც 40 ადამიანი იმსვერპლა.

მეორე მხრივ, HRW წერს, რომ ადგილზე მათი გამოძიების თანახმად, აზერბაიჯანულმა ძალებმა დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტის მიმართულებით უკანონო თავდასხმები განახორციელეს.

სტეფანაკერტზე თავდასხმის შედეგები. ფოტო: HRW

ორგანიზაციის განცხადებით, ბაქომ არაერთხელ გამოიყენა სტეფანაკერტის მიმართულებით „კასეტური იარაღი და საარტილერი ცეცხლი ან სხვა იარაღი, რაც ვერ განარჩევდა სამხედრო სამიზნესა და სამოქალაქო ობიექტებს“.

ომის დანაშაულები: სასტიკი მკვლელობები

კიდევ ერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა 10 დეკემბერს გაავრცელა ანგარიში, სადაც ომის მიმდინარეობის პერიოდში სხვა მძიმე დანაშაულებზეა საუბარი.

ორგანიზაცია წერს, რომ გააანალიზეს 22 ვიდეო, რომლებზეც აღბეჭდილია სიკვდილის უკანონოდ დასჯის, ტყვეების არასათანადო მოპყრობისა და ცხედართა/საფლავთა წაბილწვის ფაქტები.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ერთ ადამიანს, — Amnesty-ს თანახმად, სამოქალაქო პირს, რა დროსაც ერთ-ერთი ჯარისკაცი მას თავს კვეთს. ამის შემდეგ შეკრებილები ტაშს უკრავენ. იმავე ინციდენტის ამსახველ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ამის შემდეგ მოკლულის მოჭრილი თავი ღორის სხეულს წამოაგეს და ასე წაბილწეს.

მეორე ინციდენტის ამსახველი ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ფიგურირებენ, უჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, ყარაბაღის მოსახლე, სამოქალაქო პირი, მათ აზერბაიჯანულად (სომხური აქცენტით) შეწყალებას სთხოვს. მასაც სასტიკად კლავენ — ერთ-ერთი ჯარისკაცი ყელს სჭრის.

Amnesty-ს გადამოწმებული კადრები

მესამე ინციდენტი არანაკლებ სასტიკ მკვლელობას აღწერს: აზერბაიჯანულ სასაზღვრო პატრულის ფორმაში გამოწყობილ კაცს, რომელიც მიწაზე გაკოჭილი გდია, პირი, რომელიც ვიდეოს იღებს სომხურად მიმართავს, შემდეგ მიდის და ყელში დანას ასობს.

დაღუპული აზერბაიჯანულმა მედიამ დაასახელა, როგორც ისმაილ ირაპოვი. ვიდეოს დასასრულს ის გარდაცვლილი არ არის, თუმცა Amnesty-ს ექსპერტები მიუთითებენ, რომ ჭრილობა მომაკვდინებელი იყო.

გარდა ამისა, Amnesty წერს, რომ გადაამოწმეს კიდევ 18 ფაქტი, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვასა და არაადამიანურ მოპყრობას აღწერს — 11 შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია სომხური ძალების მიერ, 7 შემთხვევაში — აზერბაიჯანული ძალების მიერ.

ვიდეოებს შორის არის სომეხი ჯარისკაცისთვის ყურის მოკვეთის, აზერბაიჯანელი ჯარისკაცის თოკით თრევის, კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ცხედარზე დგომის, სომეხი ტყვეების სასტიკად ცემის კადრები და ა.შ..

რას ელიან გამოძიებისგან?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სასტიკად კრძალავს ძალადობას ტყვეების, მათ შორის სამხედრო ტყვეების მიმართ, ცხედრების წაბილწვას, მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ჩანაწერის იძულებას და ამის ვიდეოზე აღბეჭვდას და სხვა ფაქტებს, რაც Amnesty-მ გამოავლინა.

ორგანიზაციამ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ამ და სხვა ფაქტების შესახებ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიებები და გამოავლინონ დამნაშავეები.

„დამნაშავეები, — მათ შორის, ის ოფიცრები, ვინც ამის ბრძანება გასცეს, ნება დართეს ან თვალი დახუჭეს ამ დანაშაულებზე, — პასუხისგებაში უნად მიეცნენ“, – აცხადებს Amnesty.

14 დეკემბერს აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ დააკავეს ოთხი ჯარისკაცი, რომელთაც ბრალად ედებათ სომეხი ჯარისკაცების ცხედრების და სომხური სასაფლაოს წაბილწვა.

პროკურატურის თანახმად, „მიმდინარეობს მსგავსი კონტენტის სხვა ვიდეოების გამოძიება“ და „ასეთი კრიმინალური აქტები … მიუღებელია და … ინდივიდები, ვინც მსგავსი დარღვევები ჩაიდინა, პასუხს აგებენ“.

ჯერჯერობით სომხეთის და ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობებს არ გაუვრცელებიათ მსგავსი მუხლით ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაცია.

ტყვეების გაცვლა-გამოცვლა

14 დეკემბერსვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს – კვლავ რუსეთის შუამავლობით.

ერევნის ცნობით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ერევნის ერებუნის აეროპორტში დაეშვა რუსული თვითმფრინავი, რომელმაც 44 ტყვე ჩაიყვანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აზერბაიჯანს 12 დატყვევებული პირი გადასცეს.

აზერბაიჯანული მხარე არაადამიანურად ეპყრობა სამხედრო ტყვეებს | Human Right Watch

მასალების გადაბეჭდვის წესი