ახალი ამბები

TI-ის PVT საერთოდ არ ჩაუტარებია – გიგაური კობახიძეს პასუხობს

14 დეკემბერი, 2020 • 919
TI-ის PVT საერთოდ არ ჩაუტარებია – გიგაური კობახიძეს პასუხობს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ TI-ის არ ჩაუტარებია 2020 წლის 31 ოქრომბრის არჩევნებში შედეგების პარალელური დათვლა. შესაბამისად, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს.

“PVT “საერთაშორისო გამჭვირვალობას” ნამდვილად არ ჩაუტარებია. ამიტომ, სანამ ბრიფინგებს მოაწყობენ მაღალჩინოსნები, ეს ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. რაც შეეხება ჩვენს სადამკვირვებლო მისიას, გვყავდა დაახლოებით 450 სტატიკური დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე და ამ საარჩევნო უბნებიდან ვაგროვებდით ინფორმაციას. არც რამე დასამალი გვაქვს, არც რამე შიშები გვაქვს და არ გვგონია, რომ ჩვენ მიმართ მსგავსი პრეტენზიები უნდა გაჟღერდეს. ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ სამოქალაქო სექტორის. ეს არ გასვლიათ და არც გაუვათ არასდროს”, – განაცხადა გიგაურმა “მთავარ არხთან” საუბარში.

მანამდე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პარტია “ქართული ოცნების” PR-ის ხელმძღვანელ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერა ჰქონდა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” – მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მონაცემების გამოთხოვაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, მან არ იცის, TI-საქართველომ მართლაც ჩაატარა თუ არა პარალელური დათვლა, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა.

კობახიძის თქმით, ნაცვლიშვილთან მიმოწერა TI-სგან PVT-ის გამოთხოვას ეხებოდა

ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცუდად ჩატარებული არჩევნებიდან ყურადღების არასამთავრობო სექტორზე გადატანას ცდილობს.

“არასამთავრობო სექტორის ვალდებულება არჩევნების ჩატარება არ ყოფილა, მეგობრებო — თქვენი ვალდებულება იყო, ნორმლაური არჩევნები ჩაგეტარებინათ და ეს არ გააკეთეთ”, – მიმართავს გიგაური ხელისუფლებას.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა გიგაურთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი