ახალი ამბები

კობახიძის თქმით, ნაცვლიშვილთან მიმოწერა TI-სგან PVT-ის გამოთხოვას ეხებოდა

14 დეკემბერი, 2020 • 1645
კობახიძის თქმით, ნაცვლიშვილთან მიმოწერა TI-სგან PVT-ის გამოთხოვას ეხებოდა

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან ჰქონდა მიმოწერა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის მონაცემების გამოთხოვაზე.

“ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში. აქედან გამომდინარე, პიარულ საკითხებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ნახსენებია ერთი სიტყვა “მოგება” და არის შეცდომით.  “დარტყმა” სწორია, მაგრამ მოგება არასწორია…

ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობასაც” 400 საარჩევნო უბანზე. მათი მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს და, სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა მათ შორის ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ეს ინფორმაცია როგორც გიგაურისგან, ისე ISFED-სგან, რაზეც გავუზიარე ჩემი მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს, რომ არ მოგვცემდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა მისი პოზიცია იყო, მაინც გვეცადა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის “მთავარი არხმა” დააფიქსირა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს.

“ჩვენ მოვიგეთ. მოვათხოვნინოთ და თუ არ მისცემენ, მერე ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ, თუ მისცემენ, ხო კარგი. საჭირო პროცესად თუ ვაქცევთ თავიდანვე განაცხადს და მოთხოვნას და მერე არ მისცემენ, დავარტყამთ”, – “მთავარი არხის” ინფორმაციით იკითხება მიმოწერაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი