ახალი ამბები

სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

30 ნოემბერი, 2020 • 1071
სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“კარტოგრაფების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს პროცესის ორი თვით გადავადების თხოვნით მიმართა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი დაინიშნა. დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, პატიმრობა შეცვლილიყო არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით. მელაშვილს და ილიჩოვას თავდებში 214 ადამიანი ჩაუდგა. სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ.

“სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, რომ თითქოს ახალი არაფერი წარმოგვიდგენია დაცვის მხარეს, რაც ახალ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო, რაც ტყუილია. ან ჩვენ არ გვისმენდა, ან შეგნებულად ტყუის სასამართლო ამ შემთხვევაში. მეორე არგიმენტი იყო, რომ თურმე ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულრბა, რაც ასევე წარმოუდგენელი სიცრუეა. თითქმის 7 საათი ვიყავით სხდომაზე და ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რატომ უნდა დარჩნენ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში”, – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემაც. მისი თქმით, არ ელოდა, რომ დაკავებულებს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებდა სასამართლო, რადგან დაცვის მხარეს დასაბუთრბული არგუმენტები ჰქონდა, თუ რატომ უნდა გაეთავისუფლებინათ ილიჩოვა და მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან.

“ძალიან ბევრი ისეთი მტკიცებულება იყო, რომ მეგონა, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ. უფრო მეტიც, ის რუკა, რომელსაც ასე აფრიალებს ბრალდების მხარე და ვითომ არ გამოიყენეს ჩვენთვის სასარგებლო რუკა, ექსპერტებმა შეამოწმეს და კილომეტრებითაა აცდენები. ობიექტი ობიექტს არ ხვდება, წერტილი — წერტილს. უვარგისი რუკაა. ანუ ბრალდება რაზეც არის დაფუძნებული, ის არის უვარგისი რუკა”, – განაცხადა სულაძემ ჟირნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ასევე აბსურდულია ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისფლების შემთხვევაში, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა. რადგან დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, შესაბამიაად, არაფერი აქვთ დასამალი. საქმის პროკურორის განცხადებით კი, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები რეალურია.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი