ახალი ამბები

პარლამენტის I სხდომის დღეს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს

28 ნოემბერი, 2020 • 1111
პარლამენტის I სხდომის დღეს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას არ გამართავს

ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ მათ “ლეიბორისტების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ოპოზიციის ლიდერები გადაწყვეტილებას ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნიან. თუმცა, მათი თქმით, სიმბოლურ პროტესტს მაინც გამოხატავენ.

“…ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ტრადიციული, ფართომასშტაბიანი შეკრებისგან რუსთაველზე, მაგრამ აუცილებლად გვექნება სიმბოლური პროტესტის გამოხატვა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო, გაყალბებული არჩევნების შემდეგაც მიიღო ერთპარტიული პარლამენტი”, – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები სამ დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ბაქრაძის განცხადებით:

  1. პირველი დოკუმენტი იქნება მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბებულია და მოთხოვნა ოპოზიციისა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
  2. მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს ამაზე;
  3. მესამე დოკუმენტი  იქნება პარტიული განაცხადი, სადაც ჩაიხსნება პარტიული რეგისტრაცია, პარტიული სიები და არცერთი პარტია მოახდენს არსებული დეპუტატების ჩანაცვლებას.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი